სამართალი

საია: სასამართლო მაღალი თანამდებობის პირთა მიმართ უფრო ლოიალური აღმოჩნდა

22 ოქტომბერი, 2013 • • 1129
საია: სასამართლო მაღალი თანამდებობის პირთა მიმართ უფრო ლოიალური აღმოჩნდა

ანგარიშის თანახმად, სისხლის სამართლის მოსამართლეებმა გამოავილინეს შედარებით უფრო მეტი ობიექტურობა ჩვეულებრივი საქმეების განხილვისას, ვიდრე ეს წინა პერიოდებში ხდებოდა: წარდგენის სხდომებზე მოსამართლეებმა, წარსულისგან განსხვავებით, ნაკლებ შემთხვევაში გამოიყენეს პატიმრობა, სანაცვლოდ უფრო ხშირად იყენებდნენ გირაოს. ამასთან, მოსამართლეებმა ბევრად უფრო ნაკლები დაუსაბუთებელი შუამდგომლობა დააკმაყოფილეს, რომლებიც პროკურატურის მიერ პატიმრობის შეფარდების მოთხოვნას ეხებოდა.

 

გარდა ამისა, მონიტორინგის მიხედვით, მოსამართლეები ისევ არ იყენებენ თავის დისკრეციას, რომ გაათავისუფლონ ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების გარეშე, ან შეუფარდონ ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიება, ნაცვლად თითქმის ყველა საქმეში – პატიმრობისა და გირაოს გამოყენებისა.

 

„მონიტორებმა ასევე დაადგინეს, რომ მოსამართლეები თითქმის ყოველთვის აკმაყოფილებენ პროკურატურის შუამდგომლობას წინასასამართლო სხდომებზე. ამის ფონზე მათ ასევე დააფიქსირეს დაცვის პასიურობა შუამდგომლობათა წარდგენის ეტაპზე,“– ვკითხულობთ ანგარიშში.

 

კვლევის მიხედვით, წინა პერიოდების მსგავსად, სასამართლომ ვერ უზრუნველყო ინფორმაციის გამოქვეყნება პირველი წარდგენის სხდომების შესახებ, თუმცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მისაღებში მანდატურები ვერბალურად აცხადებდნენ პირველი წარდგენის სხდომათა შესახებ.

 

საიას ანგარიშში ასევე საუბარია მოსამართლეთა პასიურობაზე საპროცესო შეთანხმების განხილვისას. კერძოდ, საია ამტკიცებს, რომ მოსამართლეები თითქმის ავტომატურ რეჟიმში ამტკიცებდნენ პროკურორის მიერ წარმოდგენილ საპროცესო შეთანხმებებს, თუმცა ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ შეფარდებული ჯარიმის საშუალო რაოდენობამ წინა პერიოდებთან შედარებით დაიკლო.

 

ჩხრეკის და ამოღების შესახებ 30 სხდომიდან, რომლის მონიტორინგსაც საია ახორციელებდა, მხოლოდ ერთ შემთხვევაში გასცა სასამართლომ წინასწარი ნებართვა ჩხრეკის ჩატარების შესახებ. დანარჩენ 29 შემთხვევაში ჩატარებული ჩხრეკა სასამართლომ დააკანონა, როგორც გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ღონისძიება:

 

„ეს ბადებს ეჭვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას იმის შესახებ, რომ თუ ჩხრეკა და ამოღება არ ემყარება გადაუდებელ აუცილებლობას, არ უნდა ჩატარდეს, ან/და შემდეგ დაკანონდეს,“ – წერია ანგარიშში.

 

დასრულებული 84 საქმიდან (69 საპროცესო შეთანხმებით და 15 არსებითი განხილვით), რომლებსაც საია აკვირდებოდა, ბრალდებული მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამართლდა.

 

კვლევის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას სასამართლო მაღალი თანამდებობის პირთა მიმართ უფრო ლოიალური აღმოჩნდა, ვიდრე სხვა მიმდინარე საქმეთა ბრალდებულთა მიმართ.

 

მონიტორინგის განხორციელების ისტორიაში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც სასამართლომ ბრალდებულს საერთოდ არ შეუფარდა აღკვეთის ღონისძიება. ეს საქმე თბილისის მერს, გიგი უგულავას ეხება.

 

კვლევის მიხედვით, სასამართლომ უფრო ხშირად დაასაბუთა პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებები (81%), ვიდრე გირაოს შეფარდების შესახებ (51%). შემთხვევების 28%–ში, როდესაც პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა, სასამართლომ შეუფარდა გირაო. შემთხვევების 51%–ში სასამართლომ იმაზე ნაკლები გირაო შეუფარდა, ვიდრე პროკურატურა ითხოვდა.

 

„გამოვლინდა ის, რომ დადებითი გაუმჯობესების ტენდეცია, როგორც სასამართლომ მხრიდან, ასევე, პროკურატურის მხრიდან არის,“ – ამბობს კახა კოჟორიძე.

 

პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ წერეთელი, რომელიც დღვანდელ პრეზენტაციას ესწრებოდა, ამბობს, რომ პროკურატურა წარმოდგენილ შედეგებს ეთანხმება:

 

„საუბარი არის იმაზე, რომ შემცირდა პატიმრობის გამოყენება და, შესაბამისად, გაიზარდა გირაოს გამოყენება. მთავარი მიღწევა არის ის, რომ დღეს სასამართლო არ არის პროკურატურის იმ ფორმით გავლენის ქვეშ, რასაც ჩვენ წინა წლებში ვიყავით შეჩვეული და რამაც, საერთო ჯამში, სამართლიანობის განცდა დააკარგვინა საზოგადოებას. სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლო ხშირად არ ეთანხმება პროკურატურას და ეს ასეც უნდა იყოს. სასამართლო უაპელაციოდ არ უნდა იზიარებდეს რომელიმე მხარის პოზიციას“.

 

ადვოკატი გიორგი ტურეზაშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემები როგორც სასამართლოში, ასევე, პროკურატურაშია:

 

„შედეგები არის კარგი იმიტომ, რომ პროცესი მიმდინარეობს. მე მოვერიდები ნეგატიურ და პოზიტიურ მხარეებზე ლაპარაკს, რამდენადაც მონიტორინგის მიზანი ის გახლავთ, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რა ხდება სასამართლოში. პრობლემები გვაქვს სისხლის სამართლის პროცესში და სასამართლო პროცესშიც. პროკურორის მხრიდან უნდა იყოს საჯარო ინტერესი გამოვლენილი და უნდა მოახერხონ, რომ სასამართლო პროცესზე, თუ არსებობს ამის საფუძველი, კარგად შეაგროვონ მტიცებულებები და წარმოადგინონ პროცესზე. მე ადრეც ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ აუცილებელია ტრენინგები, იმისათვის, რომ გამოძიების და გამოძიებაზე მენეჯერული უნარების გაძლიერება მოხდეს.”

 

საიამ დღემდე სამი ანგარიში წარმოადგინა, რომლებიც 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის დეკემბრის პერიოდს მოიცავდა. აღნიშნული მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის (JILEP) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი