სამართალი

ალასანია არ პასუხობს, რატომ იძიებენ საიდუმლო გრიფით ჯარისკაცების მოწამვლის საქმეს

18 ოქტომბერი, 2013 • • 1227
ალასანია არ პასუხობს, რატომ იძიებენ საიდუმლო გრიფით ჯარისკაცების მოწამვლის საქმეს

შეკითხვა, სიმართლეა თუ არა ინფორმაცია, რომელიც გუშინ პრემიერისა და ჟურნალისტების შეხვედრაზე გაჟღერდა, რომლის მიხედვითაც, საკვებით ჯარისკაცების მოწამვლის საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს და საიდუმლო გრიფი ადევს, ალასანიამ უპასუხოდ დატოვა:

 

“ჩემთვის უცხო არ არის, რომ არსებობს გარკვეული ხალხის კატეგორია, რომელსაც არ ვუყვარვართ და არ მოვწონვართ. კრიტიკა ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია. ეს ჯანსაღია და დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია და დანაშაულად მიმაჩნია, როდესაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. დღეს საქართველოს ჰყავს შეიარაღებული ძალები, რომელსაც შეუძლია, რომ მოწინააღმდეგეს საკადრისი პასუხი გასცეს. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დღეს აქვს უფრო მეტი ხელფასი, აცვია უკეთესი ფორმა, აქვს უკეთესი კვება და, რაც მთავარია, დღეს შეიარაღებული ძალები არის აპოლიტიკური. ეს არის ჩვენი მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა და დარწმუნებული ვარ, რომ ჯარშიც და საზოგადოებაშიც ადეკვატური ინფორმაცია არსებობს ამის შესახებ,” – განაცხადა ალასანიამ. 

 

ალსანიას თქმით, მისთვის ყველაზე დიდი პატივი არის ის, რომ ემსახურება იმ ადამიანებს, ვინც იცავს სამშობლოს.

 

“ჩვენ ვპროგრესირებთ, გვაქვს უმაღლესი შეფასება როგორც ნატოსგან, ისე ყველა პარტნიორი ქვეყნისაგან. ერთი რამ მინდა იცოდეთ, ჩვენი გზა არის ევროპისკენ, ნატოსკენ და ამ გზაზე ვერანაირი ასეთი პატარა ვნებათაღელვა და პროვოოკაციები ვერ შეგვაჩერებს.” 

 

მისი თქმით, სამხედრო პოლიცია მოკვლევას აწარმოებს და ძალიან მალე ამ ყველაფერს გადაუგზავნის პროკურატურას. 

 

დღეს მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც 41 საკითხი განიხილება. ერთ-ერთი საკითხი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. ამ საკითხის მომხსენებელი იყო ალასანია. მან მთავრობის სხდომა ნაადრევად, მის დასრულებამდე დატოვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი