სამართალი

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ახალაიას განაჩენი მომავალ კვირას გამოცხადდება

17 ოქტომბერი, 2013 •
ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ახალაიას განაჩენი მომავალ კვირას გამოცხადდება

სასამართლო პროცესზე დღეს დაცვის და ბრალდების მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოადგინეს, საბოლოო სიტყვა წარმოთქვა ბაჩო ახალაიამაც:

 

“მე ვინიშნავდი პროკურორის დღევანდელ გამოსვლას და პასუხის გაცემას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე მარტივი მიზეზის გამო. ჩემი შეფასებით, პროკურორს ახალი ტაქტიკა აქვს, ეს არის მოწმეების ჩადება, ადრე თუ იარაღის და ნარკოტიკის ჩადება ხდებოდა, ახლა ხდება მოწმეების ჩადება. 

 

მე 6 თუ 7 წლის წინ ლეგიტიმურად ვიმყოფებოდი იმ ტერიტორიაზე, რაზეც არის საუბარი და ლეგიტიმურ ღონისძიებას ვახორციელებდი, ხოლო 6 წლის შემდეგ პროკურორი მოდის და ამბობს, რომ დანაშაული ჩავიდინე, ეს ძალიან უცნაურია. მინდა მივმართო პროკურორს, არ ვიცი, იცის თუ არა, რომ მისი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი ადრე იყო კანონიერი ქურდების ადვოკატი, არსებობდა ასეთი კანონიერი ქურდი, კალაშოვი, და ის იყო მისი ადვოკატი, ამიტომ არ არის გასაკვირი თქვენი პოზიცია. მე იმედი ამქვს, რომ სასამართლო მაინც შეძლებს ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანას”, – განაცხადა ახალაიამ.

 

მისივე თქმით, სასამართლოზე ის იმიტომ დაეთანხმა ყველა  მტკიცებულების დასაშვებად ცნობას, რომ გამოჩენილიყო, რამხელა ფანტაზია აქვს პროკურატურას:

 

ახალაიას სასამართლო პროცესი
ახალაიას სასამართლო პროცესი

“ეს გამოჩნდა კიდეც, იმ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებით, უზუსტობებით. საბოლოო პასუხად კი მივიღე ის, რომ პროცესი აგვისტოდან გაჭიანურდა”, – განაცხადა ახალაიამ. მან აღნიშნა, რომ მოსამართლემ სახემწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს:

 

“მე იმედს გამოვთქვამ, რომ არ დაუშვებთ პრეცედენტს იმისა, რომ ნებისმიერ კრიმინალს შეეძლოს ათობით და ასობით პოლიციელის წინააღმდეგ ასე გაერთიანება და პირის შეკვრა”, – განაცხადა ახალაიამ.

 

ადვოკატი დავით დეკანოიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმით დაინტერესებულია სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, ამის შესახებ მან საკუთარ დასკვნით სიტყვაშიც აღნიშნა.

 

ამ საკითხზე სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმაც:

 

“დაზარალებულები- ცინდელიანი, ავალიანი, ვიბლიანი არიან მისი თანასოფლელები, ზოგიერთი შორეული ნათესავი და აქედან გამომდინარე არსებობს მისი დაინტერესება. სოზარ სუბარი ჯერ კიდევ სახალხო დამცველობის პერიოდში ხვდებოდა ამ ადამიანებს, მაშინ სულ სხვა ჩვენებებს იღებდა მათგან, დღეს უკვე სხვა ჩვენებები არსებობს. აქედან გამომდინარე არსებობს დაინტერესება ამ ადამიანის. მისი სასჯელაღსრულებაში მოსვლის შემდეგ ეს ხალხი ისევ პრივილეგირებულია და ისევ სამკურნალო დაწესებულებაში იხდის სასჯელს”, – განაცხადა ველიჯანაშვილმა.

 

პროკურორი ლევან ადეიშვილი მიიჩნევს, რომ ბრალი სრულადაა დადასტურებული და სასამართლომ ახალაიას და სხვა პირების წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს:

 

“წარვადგინეთ მტკიცებულებები, რაც ბრალდებამ მოიპოვა, ბრალდების მხარემ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სრულიად დადასტურებულია ბრალი, რომელიც შეეხება უფლებამოსილების გადამეტების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ წარვადგინეთ არა მხოლოდ დაზარალებულების, არამედ კანონიერი ქურდების ჩვენებებიც. რაც შეეხება ახალაიას სიტყვას, ეს არანაირად არ ეხებოდა იურიდიულ საკითხებს, ამიტომ ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ საქმეში აქცენტი კეთდებოდა მხოლოდ იმაზე, რომ ახალაია არ ყოფილა ციხის ბუნტის ორგანიზატორი, მე კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო მათ, რომ ბრალდება ახალაიას ციხის ბუნტის ორგანიზებას არ ედავება”, – განაცხადა პროკურორმა.

 

აღნიშნული საქმე ეხება 2006 წლის 26-27 მარტს მომხდარ ე.წ. ციხის ბუნტს, რომელიც შეეხო სასჯელაღსრულების #1, #5 და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი