დეკლარაციის თანახმად თავმჯდომარეს ბოლო წლებში რაიმე მნიშვნელოვანი ხარჯები არ ჰქონია, გარდა 2012 წლისა, როცა 12 ათას ლარად დედის სახლს კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარა სოფელში, ხოლო 14 ათასი ლარი მამის დაკრძალვას მოახმარა.
დავით მამისეიშვილს პირველი ქონებრივი დეკლარაცია 2008 წელს აქვს შევსებული. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს, ისე როგორც ახლა, არც მაშინ ჰქონია რაიმე სახის უძრავი ქონება. მისი დედის სახლი სოფელში მიწის ნაკვეთით კი, მთლიანობაში, 48 ათას ლარად აქვს შეფასებული.
2008 წელს დავით მამისეიშვილს ორჯერ აუღია კრედიტი ბანკიდან – ჯამში 7100 ლარი. იმავე წელს ის 2000 დოლარად ყიდულობს ავტომანქანა “ოპელ-ვექტრას”, ხოლო 1600 ლარი კომპიუტერში გადაუხდია.
2008 წელს მამისეიშვილს ხელფასის სახით 15 120 ლარი მიუღია, მის მეუღლეს კი, რომელიც პედაგოგია – 600 ლარი. ამას ემატება კიდევ 9 600 ლარი, რომელიც მოსამართლისა და დედამისის ერთობლივი შემოსავალია.
დავით მამისეიშვილის სახელფასო შემოსავალი 2009 წელს 20 000 ლარია, დედას კი სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციიდან 15 ათასი ლარი მიუღია. დეკლარაციაში ასევე მითითებულია სხვა უმნიშვნელო შემოსავლები.
2009 წელს დავით მამისეიშვილის დედას სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციიდან 8 000 ლარი აქვს მიღებული. გარდა ამისა მოსამართლეს და მის ოჯახს ნაღდი ფულის სახლით 8 400 ლარი აქვთ. დეკლარაციაში ხარჯებისა თუ “ოპელ-ვექტრას” გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების შესახებ არაფერი წერია.
2010 წელს მოსამართლე დავით მამისეიშვილის სახელფასო შემოსავალი 33 700 ლარს აღწევს.
2011 წელს მისი სახელფასო შემოსავალი 46 335 ლარია. დედის – ნუნუ მამისეიშვილის შემოსავალი სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციიდან კი – 8000 ლარი. გარდა ამისა, მოსამართლეს დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ მას და მისი ოჯახის სხვა წევრებს, “ნაღდი ფულის სახით” 13 500 ლარიც აქვთ.
ყველაზე დიდი ხელფასი მოსამართლედ მუშაობიდან დღემდე – 55 303 ლარი დავით მამისეიშვილს 2012 წელს მიუღია. ამ წლის ქონებრივი დეკლარაციის “ნაღდი ფულის გრაფაში” კი არც ერთი ლარი აღარ არის მითითებული. მამისეიშვილის დედას სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციიდან შარშან 4 000 ლარი მიუღია. მოსამართლის დეკლარაციაში ქონების შეძენისა თუ ფულადი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული.
2012 წელს, სხვა წლებისგან განსხვავებით, დავით მამისეიშვილს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული აქვს ხარჯების შესახებ – კოსმეტიკური რემონტი დედის სახლში, რაშიც მოსამართლეს 12 ათასი ლარი დაუხარჯია, ასევე მამის დაკრძალვისა და საფლავის მოწყობის ხარჯები – 14 000 ლარი.
ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარის წლევანდელი სახელფასო შემოსავალი 49 000 ლარია. სოფლის
მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციიდან 2 000 ლარი მიუღია მოსამართლის დედას, 920 ლარი ხელფასის სახით კი – მეუღლეს.
35 წლის მოსამართლის, დავით მამისეიშვილის ოჯახი, გარდა სოფლის სახლისა, არავითარ ქონებას არ ფლობს. მისი ოჯახის არც ერთი წვერი ბიზნესსაქმიანობას არ ეწევა.
დავით მამისეიშვილთან დაკავშირებული სკანდალური საქმე
11 ოქტომბერს ერთ-ერთ მორიგ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა თქვა, რომ 7 ნოემბრამდე ყოველდღიურად 8-9 პროცესი აქვს ჩასატარებელი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ბოლო რამდენიმე თვეა ამ რეჟიმში მუშაობს. მანამდე მის მიერ ერთ დღეში განხილული საქმეების რაოდენობა მაქსიმუმ 6 იყო, სტანდარტულად კი 2-3 ან უფრო ნაკლებ საქმეს განიხილავდა.
ქუთაისში დაბადებულმა დავით მამისეიშვილმა მოსამართლის კარიერა 2008 წელს აჭარაში დაიწყო. მანამდე ის სხვადასხვა ძალოვან უწყებაში გამომძიებლად მუშაობდა.
ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარის პროფესიულ კარიერაში არსებობს ე.წ. “ლობჟანიძის საქმე”. დავით მამისეიშვილმა მადნეულის ყოფილ დირექტორს – ზურაბ ლობჟანიძესა და მის სიდედრს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებულები მაშინაც და ახლაც ემიგრაციაში იმყოფებიან.
ზურაბ ლობჟანიძემ მაშინ დავით მამისეიშვილს ვრცელი წერილი გამოუგზავნა, რომელშიც წერდა:
“თქვენ პირადად, ბატონო დავით, ისევე, როგორც სამართალდამცავი ორგანოების მრავალი ათასი თანამშრომელი და მოსამართლე, კანონის სახელით უშუალოდ ჩადიხართ უკანონობას, სისხლის სამართლებრივ დანაშაულს, უკანონოდ ართმევთ ადამიანებს ქონებას, თავისუფლებას… მერწმუნეთ, დადგება დრო, როცა თქვენ მიერ ჩადენილი უკანონო მოქმედებებისა და გადაწყვეტილებებისთვის თავადვე აღმოჩნდებით საპყრობილეში”.
მაშინ ლობჟანიძეს კვარიათში არსებული ფეშენებელური სახლი ჩამოართვეს. ლობჟანიძე მაშინაც ირწმუნებოდა და ახლაც ამბობს, რომ მისი სახლი ვანო მერაბიშვილმა მიითვისა.
არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ე.წ. “ლობჟანიძის საქმე” კვლავ აქტუალური გახდა. ყოფილ შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, პროკურატურა სწორედ ლობჟანიძის სახლის უკანონოდ სარგებლობას ედავება.
დავით მამისეიშვილმა კიდევ ერთი სკანდალური საქმის განხილვა ცოტა ხნის წინ დაიწყო. მან აღკვეთის ღონისძიება უკვე შეუფარდა რუსეთის მოქალაქეს, იუსუფ ლაკიევს და მასთან ერთად საქართველოს ორ მოქალაქეს. ლაკიევს აფხაზეთში რუსი დიპლომატის მოკვლისთვის ეძებენ. მასთან ერთად დაკავებულებმა კი მოსამართლეს უთხრეს, რომ დაკავების დროს მათ განსხვავებული რწმენის გამო სასტიკად მოექცნენ.