საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გადადგომისაკენ მოუწოდებენ

„საქმეების ირგვლივ დღემდე განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს შერჩევით მართლმსაჯულებასთან და სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით,“ – აცხადებენ საია და ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“. ეს ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ 2016 წლის ზაფხულში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე. ინციდენტის შემდეგ 13 წლის ბიჭის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლები აცხადებენ, რომ ბიჭს იმ დროისთვის მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. არსებობს ვიდეოჩანაწერიც, სადაც ჩანს, რომ გიორგი მიქაუტაძემ მოზარდს ხელი დაარტყა. ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმ დღესვე პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. არასრულწლოვნის მშობლები, თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე, შვილების თანდასწრებით შუაღამისას დააპატიმრეს. მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული ცოლ-ქმარი ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფება და სასამართლო პროცესზე სკაიპით ჩართვას ითხოვს.

მოგვიანებით არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე გამოძიება განახლდა, მაგრამ ამ დრომდე ძიება კონკრეტულ შედეგზე არ გასულა. პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე „ბათუმელებს“ უთხრა, რომ არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე გიორგი მიქაუტაძე უკვე დაკითხულია. 

მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გახდა და მას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა პროკურატურამ. ამ საქმეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავს, რომელიც უვადოდ 2018 წლის 22 თებერვალს გაამწესეს.  მოსამართლის გამწესებისთვის გამართულ გასაუბრებაში გიორგი მიქაუტაძეს თვითაცილება არ მოუთხოვია. ეს მოთხოვნა არც მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილს დაუსვამს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის საქმეს განიხილავს. საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი გიორგი მიქაუტაძემ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიის საფუძველზე შეახსენეს, რომ ხვიჩა კიკილაშვილთან გასაუბრებაში მას მონაწილეობა არ უნდა მიეღო, რადგან სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი. გიორგი მიქაუტაძემ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მისთვის არ იყო ცნობილი, თუ ამ საქმეს ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავდა.

„ერთ შემთხვევაში პროკურატურის მიერ გამოძიების გაჭიანურება, ხოლო მეორე შემთხვევაში პროკურატურისა და სასამართლოს მიერ ამ დრომდე განხორციელებული ხარვეზიანი მართლმსაჯულება, ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტს, მის მიმართ ნდობას და საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას… მოვუწოდებთ გიორგი მიქაუტაძეს: სასამართლო ხელისუფლების რეპუტაციის და მართლმსაჯულების განხორციელებისადმი საზოგადოების ნდობის დაცვის მიზნით, გადადგეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის და, შესაბამისად, საბჭოს მდივნის თანამდებობიდან,“ – ნათქვამია საიას და კონსტიტუციის 42-ე მუხლის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მიმართავენ პროკურატურას, „სწრაფად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიძიოს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილის სავარაუდო ცემის ფაქტი.

„მიუხედავად იმისა, რომ ორივე სისხლის სამართლის საქმე ერთ შემთხვევას ეხება და მტკიცებულებები ორივე საქმისთვის საერთოა, გამოძიება ჩატარდა, დევნა დაიწყო და სასამართლოში საქმე წარიმართა მხოლოდ ერთ საქმეზე, სადაც გიორგი მიქაუტაძე დაზარალებულია, ხოლო თამარ ხაჭაპურიძე- ბრალდებული. მეორე საქმე კი, სადაც შესაძლოა გიორგი მიქაუტაძის ბრალეული მოქმედება იკვეთებოდეს, თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილის ცემის ფაქტზე, კვლავ გამოძიებაშია, სისხლის სამართლებრივი დევნა არ არის დაწყებული და წელიწადნახევარია გამოძიება ჭიანურდება. ამგვარი შერჩევითი მიდგომა არღვევს სახელმწიფოს ვალდებულებას, ყოველმხრივ, სრულყოფილად და მიუკერძოებლად აწარმოოს გამოძიება,“ – აცხადებენ საია-ში.

საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლის კიდევ რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას, რის გამოც ისინი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გადადგომას მოითხოვენ.

  • თამარ ხაჭაპურიძეს უკანონოდ ეზღუდება უფლება საქმეზე მოიპოვოს მისთვის სასარგებლო მტკიცებულება. პროკურატურის მხრიდან იკვეთება ხარვეზები გამოძიების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად წარმართვასთან დაკავშირებით.

მიუხედავად მიმართვისა, პროკურორმა დაუსაბუთებლად უთხრა უარი თამარ ხაჭაპურიძეს ექსპერტიზის დასკვნის გადაცემაზე, რომლითაც დასტურდება, რომ მის შვილს მიღებული აქვს ჯანმრთელობის დაზიანება. აღნიშნული მტკიცებულება არც პროკურატურამ დაურთო თამარ ხაჭაპურიძის ბრალდების საქმეს, რაც წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევას. ბრალდების მხარე ვალდებულია დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებები. ხოლო საქმის მწარმოებელი გამომძიებელი/პროკურორი ვალდებულნი არიან გამოძიება აწარმოონ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად.

  • გიორგი მიქაუტაძე მოიაზრება სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის წევრად, რომელიც არასათანადო გავლენას ახდენს სასამართლოს და ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე.

საზოგადოებაში მყარად არის ჩამოყალიბებული აზრი იმის თაობაზე, რომ სასამართლო სისტემაში მოქმედებს მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, რომელიც არასათანადო გავლენას ახდენს სასამართლოს და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია 38 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კამპანია, სახელწოდებით „მინდა ვენდო სასამართლოს“, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა არის სასამართლო სისტემაში არსებული კლანური მმართველობის დაშლა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მოიაზრება აღნიშნული გავლენიანი ჯგუფის წევრად, რაც ძირს უთხრის გიორგი მიქაუტაძის მონაწილეობით მიმდინარე სასამართლო განხილვებისადმი სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულისა და საზოგადოების ნდობას და აზიანებს სასამართლოს რეპუტაციას.

  • მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის მონაწილეობით მომხდარ ფაქტზე გამოძიება ჭიანურდება.

თამარ ხაჭაპურიძის შვილის ცემის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება წელიწადნახევარია ჭიანურდება. სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ფიგურირებს მოსამართლე, გამოძიების ამგვარი გაჭიანურება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ მოსამართლის დამოუკიდებლობას, მით უფრო, როცა აღნიშნული მოსამართლე იკავებს სასამართლო ხელისუფლებაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას – არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ხოლო 2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. გარდა მოსამართლის უფლებამოსილებისა, გიორგი მიქაუტაძეს აქვს ბევრი სხვა უფლებამოსილება, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, მართლმსაჯულების ადმინისტრირებასთან, ინდივიდუალური მოსამართლეების საქმიანობასთან.

ვრცლად საიას და კონსტიტუციის 42-ე მუხლის განცხადება გიორგი მიქაუტაძის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით შეგიძლიათ ნახოთ აქ.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი