სამართალი

ცხრა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ერთ დღეში

9 ოქტომბერი, 2013 • 1275
ცხრა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ერთ დღეში

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე ყოველდღიურად ქვეყნდება მონაცემები დღის განმავლობაში ჩასატარებელი პროცესების შესახებ. გასული კვირის მონაცემების მიხედვით, ერთი მოსამართლე დღეში 9 და 10 პროცესსაც კი ატარებს.
მაგალითად, რეკორდული რაოდენობის პროცესი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 30 სექტემბერს ჩაატარა – სულ ცხრა სისხლის სამართლის საქმე განიხილა. მისმა კოლეგამ – ხვიჩა კიკალაშვილმა იმავე დღეს 7 საქმე განიხილა. ხვიჩა კიკალაშვილის რეკორდი – 10 საქმის განხილვა იყო, მან 10 საქმე 2 ოქტომბერს განიხილა. 2 ოქტომბერსვე თამარ ბეჟანიშვილმა 7 საქმე განიხილა და რვა ადამიანთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება. 9 საქმე კიკალაშვილმა 1-ელ ოქტომბერს განიხილა. გასულ კვირას სამი საქმე ერთადერთხელ განიხილა თამარ ბეჟანიშვილმა.

 

ორივე მოსამართლემ ერთი კვირის განმავლობაში სულ 86 პირთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება.

 

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე მინდია უგრეხელიძე, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც იყო, ამბობს, „ვერც კი დავიჯერებდი, რომ მოსამართლემ შეიძლება 8-10 საქმე განიხილოს დღეში”.

 

მინდია უგრეხელიძის აზრით, მოსამართლეთა ასე დატვირთულობა მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითად აისახება ხარისხზე, რადგან „ისე, როგორც არ არსებობს ერთნაირი თითის ანაბეჭდი, ზუსტად ერთნაირი საქმეც არ არსებობს…
შესაბამისად, მოსამართლეს თითოეულ საქმეზე სჭირდება ფსიქო-ფიზიკური მობილიზება. როცა გაიძულებენ,
რომ გადაერთო ერთი საქმიდან მეორეზე, ესეც განსაკუთრებულად რთულია. უნდა გითხრათ, რომ მოსამართლის საქმიანობა მართლა ძალიან უმადური საქმეა. ისინი იმდენად დამნაშავეები კი არ არიან, როგორც საზოგადოებაში ჩამოყალიბებული აზრია, უფრო მსხვერპლნი არიან უკეთური სისტემისა და უკეთური ხელმძღვანელობის”.

 

დავით სალუქვაძე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, რომელიც უკვე ერთი წელია აღარ ეწევა პრაქტიკას და „თავისუფალი უნივერსიტეტის” სამართლის სკოლის სრული პროფესორია, ამბობს, რომ მოსამართლეთა გადატვირთულობაზე მსჯელობისას ბევრი გარემოებაა გასათვალისწინებელი, მაგალითად, პროფესიონალიზმი, საქმის სირთულე, დროის რაციონალურად გამოყენება, წესრიგის შენარჩუნება პროცესზე, მხარეების მომზადება:

 

„თუ ეს ყველაფერი სახეზეა, გასაკეთებელი ბევრი არაფერია. თუ საპირისპირო სურათი გვაქვს, მაშინ შეიძლება ეს ბევრიც იყოს და ხარისხზე იმოქმედებს”.

 

თუმცა დავით სალუქვაძეც მიიჩნევს, რომ “რთულია, როცა ერთ თემაზე ხარ ჩამოყალიბებული, ერთ საქმეზე ფიქრობ და უცბად გადართვა მეორე საქმეზე, იქ რა უნდა ჰკითხო, მერე მესამეზე… ეს ქმნის სირთულეებს მოსამართლისთვის, მაგრამ იმის ფუფუნება იშვიათია ქვეყნისთვის, რომ დღეში ერთი-ორი საქმე განიხილოს მოსამართლემ. სამი-ხუთი საქმის განხილვა, თუ ძალიან დიდი საქმე არ არის, ერთ დღეში შესაძლებელი და ნორმალურია”.

 

კიდევ ერთ ყოფილ მოსამართლესა და მოქმედ ადვოკატს, ირაკლი შავაძეს მიაჩნია, რომ: “ეს არ არის ძალიან დიდი უბედურება”:

 

“საპროცესოს გაფორმება ფორმალურ ხასიათს ატარებს, – მაქსიმუმ ერთი საათი თუ იქნება საჭირო. ცოტა დრო სჭირდება აღკვეთასაც. მაგრამ 10 პროცესის ჩატარება ფიზიკურად შეუძლებელია, თუ მოსამართლე საქმეს არსებითად იხილავს. რაც შეეხება წინასასამართლო სხდომას, არის საქმეები, როდესაც ერთ საათზე მეტი დრო ზოგჯერ იმ სიის წაკითხვას სჭირდება, რა მტკიცებულებებიც არის წარდგენილი. ასეთ შემთხვევაში ათი საქმის განხილვა ხარისხზე გავლენას ნამდვილად მოახდენს, მინიმუმ დროში ვეღარ ჩაჯდება”.

 

არის თუ არა პრობლემა, როცა მოსამართლე 10 მოსამზადებელ სხდომას ატარებს ერთ დღეში – საკითხის შეფასება “ბათუმელებმა” იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც სცადა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. სასამართლოებში მოსამართლეთა შტატების რაოდენობას იუსტიციის უმაღლესი საბჭო წყვეტს. ამ ეტაპზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში სულ სამი მოსამართლე მუშაობს – თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი, ასევე, თამარ ბეჟანიშვილი და ხვიჩა კიკალაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი