სამართალი

დისკუსია მოსამართლეებისთვის გამოსაცდელი ვადის დაწესებაზე და უვადოდ დანიშვნის წესზე

24 სექტემბერი, 2013 • 1568
დისკუსია მოსამართლეებისთვის გამოსაცდელი ვადის დაწესებაზე და უვადოდ დანიშვნის წესზე

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, სანამ კონსტიტუციაში იარსებებს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, უვადოდ დანიშვნა ეხებათ მხოლოდ  პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დანიშნულ მოსამართლეებს, მანამდე დანიშნული მოსამართლეები უვადოდ ვერ დაინიშნებიან:

 

“რა თქმა უნდა, შეიძლება კონსტიტუცია შეიცვალოს, მაგრამ ეს უკვე იუსტიციის სამინისტროს არ ხელეწიფება”, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

 

რაც შეეხება უვადოდ დანიშვნამდე მოსამართლეთათვის 3- წლიანი გამოსაცდელი ვადის შესაძლო დაწესებას, იუსტიციის სამინისტროს პოზიცია ასეთია, რომ ეს შესაძლებლობა კანონში ვალდებულებად უნდა იქცეს:

 

“ჩვენ ამ ადამიანებს ვნიშნავთ ფაქტიურად უვადოდ, ჩნდება შეკითხვა, შეუძლია თუ არა საზოგადოებას, მისცეს თავს უფლება, რომ ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე უვადოდ განაწესოს ადამიანი, რომელსაც არ დაუმტკიცებია საზოგადოების წინაშე, რომ ის ნამდვილად სწორი არჩევანი იყო. ჩვენი მოსაზრებით, უნდა დაწესდეს 3- წლიანი გამოსაცდელი ვადა, მოსამართლეებს მონიტორინგისთვის თითო წელს იუსტიციის თითო წევრმა უნდა მიაქციოს ყურადღება. უნდა შეფასდეს მათი საქმიანობა, თუ რამდენად დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს იღებენ ამ 3 წლის განმავლობაში, არიან თუ არა მიუკერძოებლები, როგორ შეუძლიათ სხდომის მართვა, უნდა შეგროვდეს მათი საქმეების შესახებ სტატისტიკური მონაცემები, ასევე, ხომ არ ჩაიდინა რომელიმე მოსამართლემ დისციპლინური გადაცდომა, ეს მონაცემები დაცული უნდა იყოს და მხოლოდ 3 წლის გასვლის შემდეგ მოხდეს შეფასება და მათი უვადოდ დანიშვნა ან არდანიშვნა”, – აცხადებს ალექსანდრე ბარამიძე.

 

ამ მოსაზრებას არ ეთანხმება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი. მისი თქმით, არ შეიძლება, რომ მოსამართლეთა ნაწილი იყოს უვადოდ დანიშნული, ნაწილი კი, გარკვეული ვადით, ეს მათ არათანაბარ პირობებში ჩააყენებს. რაც შეეხება 3- წლიან გამოსაცდელ ვადას, ასეთი ვადა, კუბლაშვილის მოსაზრებით, საერთოდ არ უნდა არსებობდეს:

 

“ვენეციის კომისია მრავალი ქვეყნის მაგალითზე იძლევა რეკომენდაციას, რომ ასეთი ვადა არ არსებობდეს, რადგან გამოსაცდელი ვადა უარყოფითად აისახება მოსამართლისა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. რიგ ქვეყნებთან მიმართებაში არსებობს გამოცდილება, როდესაც მოსამართლეები გამოსაცდელი ვადის პერიოდში იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც მათ დანიშვნას გარანტირებულს გახდის, ანუ მოსამართლე დაიწყებს ფიქრს იმაზე, როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომ უვადოდ დანიშნონ. მე ვფიქრობ, ასეთი მოსამართლეების მიმართ საზოგადოების მხრიდან საერთოდ აღარ იქნება ნდობა და ეს სასამართლოს არ წაადგება”, – აცხადებს კოტე კუბლაშვილი.

 

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის მოსაზრებას, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის სახელით რეკომენდაციები დღევანდელ შეხვედრაზე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ წარმოადგინა.

 

არასამთავრობო სექტორის მოსაზრებით, ამ დროისთვის არსებული კონსტიტუცია მოქმედ მოსამართლეთა უვადოდ გადანიშვნას არ ითვალისწინებს, ამიტომ ამ დროისთვის ეს საკითხი არ შეიძლება იყოს სადავო. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სხვა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნამდეც იუსტიციის სამინისტრომ მორატორიუმი უნდა გამოაცხადოს:

 

“კარგი იქნება, თუ იუსტიციის სამინისტრო გამოაცხადებს მორატორიუმს და როდესაც მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის წესის გაუმჯობესება მოხდება, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყონ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა.  შერჩევისა და დანიშვნის წესის გასაუმჯობესებლად უკვე არსებობს კანონპროექტი, თუმცა ის არ არის სრულყოფილი და მზად ვართ ამის თაობაზე ჩვენი რეკომენდაციები მომავალში წარმოვადგინოთ”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ. არასამთავრობო სექტორის მოსაზრებით, პირველ რიგში, უვადოდ უნდა დაინიშნონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რადგან მათ წინა ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებების შეცვლა შეუძლიათ.

 

რაც შეეხება 3- წლიან გამოსაცდელ ვადას, არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ასეთი ვადის არსებობა ქართული რეალობიდან გამომდინარე  არარელევანტურია:

 

“გამოსაცდელი ვადა არსებობს იმისთვის, რომ გარკვეული რისკებისგან თავი დავიზღვიოთ, თუმცა, ჩვენი აზრით, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო დამოუკიდებლობის ტრადიცია, ეს უფრო მეტი რისკის შემცველია. ეს ცუდ გავლენას მოახდენს მოსამართლეთა ნდობის ხარისხზე. მართალია ითქვა, რომ გერმანია სწორედ ამ მოდელს იყენებს, მაგრამ საქართველოსა და გერმანიას შორის დიდი განსხვავებაა, ჩვენს რეალობას ეს არ ერგება”, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ–ერთი რეკომენდაცია ასევე მოსამართლეთა კონტიგენტის გაზრდაა:

 

“რთულია მოსამართლეს მოსთხოვო ისეთი დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანა, როგორიც ევროპულ სასამართლოს გამოაქვს, მაშინ, როდესაც მას 300 საქმე ერთდროულად აწერია”, – განაცხადა კოჟორიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი