სამართალი

რეპორტაჟი სასამართლო პროცესიდან სალომე ზურაბიშვილის სარჩელის თაობაზე

6 სექტემბერი, 2013 • 1397
რეპორტაჟი სასამართლო პროცესიდან სალომე ზურაბიშვილის სარჩელის თაობაზე

სალომე ზურაბიშვილის სარჩელი დღეს, 6 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი მიქაუტაძემ განიხილა.

სხდომის დაწყებისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა შუამდგომლობა დააყენეს, რომლის თანახმადაც, სარჩელი არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო შეტანილი და სასამართლოს აღნიშნული საქმე არ უნდა განეხილა. თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები, ქეთევან კრაწაშვილი, გიორგი გოცირიძე და ლიკა წიკლაური იცავენ.

ადვოკატებმა პროცესზე განაცხადეს, რომ კანონის თანახმად სხვადასხვა წესი ვრცელდება პრეზიდენტობის კანდიდატზე და პრეზიდენტზე, ამიტომ სალომე ზურაბიშვილისთვის საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირება ცესკოს არ უნდა შეეზღუდა:

“არსებობს ჩამონათვალი, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალბატონი სალომე ყველა ამ პუნქტს აკმაყოფილებს. ამ ჩამონათვალში არ წერია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი არ უნდა იყოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი. ხოლო ის წესი, რომელიც ეხება მხოლოდ პრეზიდენტს, პრეზიდენტობის კანდიადტზე არ უნდა გავრცელდეს”, – აცხადებენ ადვოკატები. მათი თქმით, ცესკო კანონის ინტერპრეტაციას ახდენს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა კი საკუთარი არგუმენტაცია წარმოადგინეს:

“ტერმინები საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი ერთმანეთზეა მიბმული, პრეზიდენტობის კანდიდატი პოტენციური პრეზიდენტია. არჩევნების შემდეგ 21 დღეში უნდა მოხდეს პრეზიდენტის ინაუგურაცია. თუკი პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება ორმაგი მოქალაქეობის მქონე და ის ვერ მოასწრებს მოქალაქეობაზე უარის თქმას, კონსტიტუციაში არ არის ჩანაწერი, რა უნდა მოხდეს. უნდა დაინიშნოს მეორე ტური, უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. ანუ კანონმდებელმა იმთავითვე იგულისხმა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი არ უნდა იყოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე”, – განაცხადეს ცესკოს წარმომადგენლებმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს ამ არგუმენტის საპასუხოდ ზურაბიშვილის ადვოკატებმა ასეთი შეკითხვით მიმართეს:

“კანონით ასევე არ არის განსაზღვრული, რა უნდა მოხდეს, თუკი პრეზიდენტად არჩეული პირი ინაუგურაციამდე გარდაიცვლება, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყველა პირს, ვინც შეიძლება გარდაიცვალოს, უნდა აეკრძალოს პრეზიდენტობის კანდიდატობა?”

ცესკოს წარმომადგენლებმა საპასუხოდ განაცხადეს, რომ მსგავსი შემთხვევა ფორსმაჟორულ სიტუაციებს მიეკუთვნება და საქმესთან კავშირი არ აქვს.

“არ შეიძლება, რომ ცესკოს პოზიცია იყოს აგებული “შიშებზე”, მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არა იმის საფუძველზე, რა შეიძლება მოხდეს, არამედ იმის საფუძველზე, რას ამბობს კანონი. კანონი კი ცალსახად ამბობს, რომ პრეზიდენტის კანდიდატად დარეგისტრირება არ ეკრძალება ადამიანს, რომელსაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა”, – განაცხადა ადვოკატმა, გიორგი გოცირიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების განცხადებით, მათი ეჭვი უსაფუძვლო არ არის, რადგან მოქალაქეობაზე უარის თქმა ხანგრძლივი პროცედურაა:

“ჩვენ შევისწავლეთ რუსეთის მაგალითი, ჰოლანდიის მაგალითი, რუსეთში, მაგალითად, მოქალაქეობაზე უარის თქმა 9- თვიანი პროცედურაა, ამიტომ ჩვენი ეჭვი, რომ ქალბატონი სალომე ვერ მოასწრებს მოქალაქეობაზე უარის თქმას, უსაფუძვლო არაა”, – განაცხადეს მათ.

ზურაბიშვილის ადვოკატების შეკითხვაზე, შეისწავლეს თუ არა მათ საფრანგეთის მაგალითი, ცესკოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არ შეუსწავლიათ.

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

აღნიშნულ საკითხზე განცხადება გააკეთა თავად სალომე ზურაბიშვილმაც:

“საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა იმ ვადაში, რაც მექნება, არა თუ შეუძლებელია, ეს სრულიად შესაძლებელია. მე ჩამოსვლამდე შევხვდი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ჩვენ ყველა სავარაუდო სცენარი განვიხილეთ. საინტერესოა, რატომ მოიყვანა ცესკომ რუსეთის მაგალითი მაშინ, როდესაც ბალტიისპირეთის სამიცე ქვეყანაში პრეზიდენტად არჩეულ პირებს ჰქონდათ ორმაგი მოქალაქეობა და არჩევნების შემდეგ უპრობლემოდ დათმეს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ცესკოს განცხადება მისი პოლიტიკური მიზნების შეურაცხყოფაა.

მას შემდეგ, რაც მხარეებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს, მოსამართლე სათათბიროდ გავიდა, ხოლო დაახლოებით ერთ საათში გადაწყვეტილება გამოაცხადა და სალომე ზურაბიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ცესკოს წარმომადგენელთა გაცხადებით, სასამართლომ შეისწავლა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა.

ზურაბიშვილის ადვოკატების თქმით კი, ისინი გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ:

“მიგვაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. პროცესი წარიმართა ისე, როგორც მოსარჩელე მხარე მიუთითებდა. არავითარი ახალი, განსაკუთრებული არგუმენტი მოპასუხე მხარეს არ უთქვამს. ამის მიუხედავად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც არაობიექტურად, არაკვალიფიციურად და არაკომპეტენტურად ვთვლით და აუცილებლად გავასაჩივრებთ”, – განაცხადა ზურაბიშვილის ადვოკატმა, ქეთევან კრაწაშვილმა.

“ძალიან სამწუხაროა ის, რომ ის ვერტიკალი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” დროს იყო აწყობილი, ცესკო, სასამართლო და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები, ისევ აგრძელებენ თანწყობილ მოქმედებას კონკრეტული ადამიანების და კონკრეტული კანდიდატების წინააღმდეგ. ახალი ხელისუფლების მოსვლიდან ერთი წლის თავზე, პირველი, რაც უნდა მოშლილიყო, იყო ეს მანკიერი კავშირები. ჩემი დასკვნა ასეთია, რომ ეს კავშირები ისევ არსებობს. ძალიან დიდ ეჭვს ბადებს, როგორ უნდა ჩაატაროს ცესკომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები მაღალ დონეზე, როდესაც აპრიორში უკვე დაიწყო უკანონო ნაბიჯების გადადგმა”, – აცხადებს პარტია “საქართველოს გზის” თავმჯდომარე თეიმურაზ მურვანიძე.

მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტება მოგვიანებით გამოაქვეყნა:

“სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ორგანული კანონის 96-ე მუხლის  შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში. ამასთან, სასამართლომ  ყურადღება გაამახვილა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ მოთხოვნაზე, რომლის თანახმად,  საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის 1ნაწილის მიხედვით, კი საქართველოს პრეზიდენტის,  პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.ზემოთ მოცემული ნორმების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით” განისაზღვრა იმ კრიტერიუმების წრე, რომელთა არსებობის შემთხვევაში  შეიძლება პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაცია, იმავდროულად განისაზღვრა ის გარემოებები, რომლებიც იმთავითვე გამოირიცხავენ კანდიდატად რეგისტრაციას. შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც კანონმდებელმა დაუწესა პრეზედენტობის მსურველ პირებს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის  11– ნაწილით და შესაბამისად, კანონის მოთხოვნების სრული დაცვით ეთქვა უარი პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე”

მასალების გადაბეჭდვის წესი