საქართველოს პარლამენტში ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტია შესული. კანონპროექტებზე მომუშავე ჯგუფში მომუშავე სპეციალისტთა ნაწილს სურდა, რომ სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულიყო, ან შეცვლილიყო 126 პრიმა მუხლი, რომელიც ოჯახში ძალადობისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. საბოლოოდ გადაწყდა, რომ აღნიშნული ნორმა კანონში არ შეიცვლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს 2012 წლის ივნისში დაემატა 126 პრიმა მუხლი, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 80-დან 150 საათამდე, ხოლო თუ იგივე ქმედება ჩადენილია არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორსული ქალის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ, სანქციის სახით გათვალისწინებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 100-დან 200 საათამდე, თავისუფლების შეზღუდვას ვადით ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
აღნიშნული ცვლილებით გამკაცრდა სასჯელი ოჯახში ძალადობისთვის. სანამ აღნიშნული ნორმა სისხლის სამართლის კოდექსში ჩაიწერებოდა, მანამდე ოჯახში ძალადობის საკითხები გვარდებოდა კანონით “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”, რომელიც 2006 წელს არის მიღებული.
იურისტი კობა ბოჭორიშვილი, რომელიც ჩართული იყო ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე მუშაობის პროცესში, “ნეტგაზეთთან”
ინტერვიუში ამბობს, რომ 126 პრიმა მუხლი უნდა გაუქმდეს, ან შეიცვალოს, რადგან ის ფარავს კანონს “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”.
კობა ბოჭორიშვილის თქმით, 2006 წელს მიღებული კანონი ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არის პრევენციული ხასიათის და ის განსაზღვრავს, რა ტიპის ქმედებები შეიძლება იყოს ძალადობა.
აღნიშნულ კანონში წერია, რომ ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში პირი დაისჯება სისხლის სამართლებრივი წესით; თუ არის ეკონომიკური ხასიათის ძალადობა, მაშინ დავა უნდა მოგვარდეს სამოქალაქო კოდექსით; ხოლო ფსიქოლოგიური და სხვა სახის ძალადობის შემთხვევაში – სამართალდამცავებმა უნდა მიმართონ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს.
ერთ–ერთი ასეთი ღონისძიება არის შემაკავებელი ორდერის გამოცემა პოლიციელის მიერ. აღნიშნული აქტით განისაზღვრება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და ის წარედგინება სასამართლოს დასამტკიცებლად და დამცავი ორდერის გამოსაცემად.
იურისტი კობა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ მსგავსი, ნაკლებად მკაცრი ბერკეტების გამოყენება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ინტერესებისთვის უმჯობესია. გარდა ამისა, ეს იძლევა საშუალებას, ოჯახის წევრებმა კონფლიქტის ამოწურვის შემდეგ გააგრძელონ ურთიერთობა, ერთად ცხოვრება.

კობა ბოჭორიშვილის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში 126 პრიმა მუხლის დამატებამ პრაქტიკაში შექმნა პრობლემა – კონკრეტულ შემთხვევებზე უნდა გამოყენებულიყო სისხლის სამართლის კოდექსი, თუ კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, იმიტომ, რომ კვალიფიკაციის საკითხი იყო მნიშვნელოვანი.
ბოჭორიშვილის განცხადებით, ამ მუხლის მიხედვით ფსიქოლოგიური ძალადობაც კი წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, არასრულწლოვანი იქნება ეს თუ ოჯახის სხვა წევრი, გინების შემთხვევაშიც კი დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
“ოჯახში ძალადობა არის ორმხრივი ქმედება, რა დროსაც ქმარი შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, ცოლი კი – ფიზიკური ძალადობის. ხშირად ხდება ასე და პროკურატურა და პოლიციაც არ აყოვნებს და ორივეს მიმართ იწყებს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას 126 პრიმა მუხლის მიხედვით ერთის მიმართ ფსიქოლოგიური, მეორეს მიმართ კი ფიზიკური ძალადობის ბრალდებით. შემდეგ ორივეს ცალ–ცალკე უწევთ სანქციის სახით ფულის გადახდა იმის გამო, რომ იჩხუბეს სახლში”, – ამბობს კობა ბოჭორიშვილი. მისი თქმით, კანონის მსგავსი მიდგომა არ ამსუბუქებს ძალადობის მსხვერპლის მდგომარეობას და პირიქით, უფრო აუარესებს მას.
მაგალითად, არის შემთხვევები, როცა ოჯახში ძალადობისთვის ოჯახის რომელიმე წევრს სვამენ ციხეში, ან აკისრებენ ჯარიმის გადახდას. შემდეგ ძალადობის მსხვერპლი, მოძალადის ოჯახის წევრი იძულებულია გადაიხადოს ჯარიმა და ეს ტვირთი ისევ მას აწვება. გარდა ამისა, მკაცრი ზომების მიღება თავიდანვე სპობს კონფლიქტის მშვიდობიანად ამოწურვის შესაძლებლობებს.
126 პრიმა მუხლის ამოქმედებას 2012 წლიდან და მოძალადეთა უფრო მკაცრად დასჯას წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს და მის გაუქმებას ეწინააღმდეგება ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის და დახმარების ფონდის დირექტორი მარი მესხი. ამავე ფონდის ბაზაზე ფუნქციონირებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი.
“ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახში ძალადობის კრიმინალიზება ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ოჯახში ძალადობას არ განიხილავს მხოლოდ კერძო, პრივატულ ქმედებად და აღიარებს მას სისხლის სამართლის წესით დასჯად დანაშაულად. ჩვენ ყოველდღიურად გვესმის ოჯახში კონფლიქტების შესახებ, მკვლელობისა და დაზიანებების შესახებ, აქედან გამომდინარე, ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან პრობლემის აღიარება.
ჩემი პოზიცია მყარი იყო იმ ჯგუფში, რომელიც მუშაობდა ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე იმიტომ, რომ ძალიან ბევრი წელია ამ საკითხებზე ვმუშაობ და 2012 წელს 126 პრიმა მუხლის მიღება იყო სახელმწიფოს მხრიდან წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – ამბობს მარი მესხი.
იგი არ ეთანხმება არგუმენტს, რომ ოჯახში მოძალადე მხარეები თანაბრად არ უნდა ისჯებოდნენ და ეს აუარესებს მსხვერპლთა მდგომარეობას:
“მოძალადე უნდა დაისაჯოს, რომელი მხარეც არ უნდა იყოს ის. იცით, როგორია მოძალადის ფსიქოლოგია? – ეს ჩემი ცოლია, ჩემი შვილია და რასაც მინდა იმას გავუკეთებ. როცა ეს მუხლი იქნა მიღებული, მისი ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო საპატრულო პოლიცია, მათ უნდოდათ ჰქონოდათ ხელში ინსტრუმენტი, რომ გამკლავებოდნენ ოჯახში ძალადობის ფაქტს. როცა მსგავსი რამ ხდებოდა და პოლიცია მიდიოდა ოჯახში, დააწერინებდა ხელწერილს მოძალადეს, რაც იყო ფარატინა ფურცელი და მას არანაირი შედეგი არ ჰქონდა“, – განუცხადა “ბათუმელებს” მარი მესხმა.
სპეციალისტთა ნაწილის მოსაზრებით კი, კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ იძლევა საკმარის ბერკეტებს იმისათვის, რომ სახელმწიფო ეფექტურად გაუმკლავდეს ოჯახში ძალადობის შემთხვევებს ნაკლებად მკაცრი მექანიზმებით. კერძოდ, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სხვა სახის ძალადობის შემთხვევაში შესაძლებელია შემზღუდავი ღონისძიების გამოყენება, ხოლო თუ სისხლის სამართლის დანაშაულია სახეზე, თავისუფლად შეიძლება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყება.
სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კანონის გამკაცრების შემდეგ სამართალდამცავებს გაუიოლდათ მუშაობა ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე, რადგან ასეთ ფაქტებზე დაუყოვნებლივ იწყებენ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას. 126 პრიმა მუხლის ამოქმედებამდე კი მათ ევალებოდათ ადეკვატურად შეეფასებინათ არსებული კონფლიქტი, გამოეცათ შემაკავებელი ორდერი, ეწარმოებინათ მოლაპარაკება, რაც მოითხოვდა დამატებით კვალიფიკაციას და შემაკავებელ ორდერს იშვიათად გამოსცემდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 აპრილამდე საპატრულო პოლიციაში ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით სულ 3850 შეტყობინება შევიდა, საიდანაც პოლიციელებმა მხოლოდ 275 ფაქტზე გამოიყენეს შემაკავებელი ორდერი.
