სამართალი

“ბათუმელებმა” შს მინისტრს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა

29 ივლისი, 2013 • 1633
“ბათუმელებმა” შს მინისტრს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა

„ბათუმელები” შს სამინისტროსგან შემდეგ ინფორმაციას ითხოვდა:

 

„აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების განყოფილების მიერ 2013 წლის იანვრიდან დღემდე ჩატარებული პირადი ჩხრეკის სტატისტიკური მონაცემები: რამდენი პირის მიმართ ჩატარდა ჩხრეკა? რამდენ შემთხვევაში დადასტურდა უკანონო ნარკოტიკის ქონა? რამდენ შემთხვევაში ჩატარდა დაკავებულის პირადი ჩხრეკა ექიმის ზედამხედველობით იმის დასადგენად, რომ მოქალაქეს სხეულში ჰქონდა (მაგალითად, გადაყლაპული) ნარკოტიკული ნივთიერება?


არჩევნების შემდეგ „ბათუმელებმა” საჯარო ინფორმაციის მოუწოდებლობის გამო შს სამინისტროს სასამართლოში უკვე უჩივლა. 16 აპრილს შს სამინისტროსგან „ბათუმელებმა” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თანამშრომელსა და აჭარის პოლიციის უფროსს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. მაშინ „ბათუმელებს” აინტერესებდა, რა საპროცესო მოქმედება ჩაატარეს სამართალდამცავებმა ვიდეოთვალის ჩანაწერის ამოღების მიზნით 28 მარტს, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომელშიც საიას თანამშრომელი და აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი მონაწილეობდნენ. „ბათუმელებს” ასევე აინტერესებდა, ნამდვილად დააჯარიმა თუ არა საპატრულო პოლიციამ ვალერიან თელია იმის გამო, რომ 28 მარტის ინციდენტის დროს ის ავტომანქანას მართვის მოწმობის გარეშე მართავდა. აჭარის პოლიციის უფროსს მართვის მოწმობა რომ არ ჰქონდა, ინციდენტიდან რამდენიმე დღეში აღმოაჩინეს ჟურნალისტებმა. შს სამინისტრომ მხოლოდ ამ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ განაცხადა, რომ თელია ამისათვის დააჯარიმეს. გარდა ამისა, „ბათუმელებს” აინტერესებდა ჯარიმის ოდენობა.


შს სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ ბიუროში არათუ დაარღვიეს კანონით დადგენილი ვადები, ანუ 10 დღის ვადაში არ მოაწოდეს „ბათუმელებს” ამომწურავი ინფორმაცია, არამედ საერთოდ უპასუხოდ დატოვეს წერილი.


შს სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ბიუროს არც ამჯერად ჩაუთვლია საჭიროდ, კანონით დადგენილი 10 დღის ვადაში მოეწოდებინა მოთხოვნილი ინფორმაცია. შს სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ მათ არ იციან შს სამინისტროს ამ სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია, მაგალითად, ტელეფონის ნომერი, ამიტომაც მათთვის შეუძლებელია იმის დადგენა, რა მოტივით არ გასცემს საჯარო ინფორმაციის ბიურო საჯარო ინფორმაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი