როგორც “ნეტგაზეთს” გარდაცვლილი პატიმრის მეუღლემ, ნანა თეთრაძემ განუცხადა, მისი ქმრის წამებაში ბრალდებული ექს–მაღალჩინოსნები – მეგის ქარდავა და ალექსაანდრე მუხაძე ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებიან და მათი დაპატიმრება ვერ ხერხდება, ხოლო თავდაცვის ექს–მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელსაც ნანა თეთრაძე მისი ქმრის წამება–მკვლელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს, ამ ეპიზოდზე ბრალდებული საერთოდ არ არის.

 

მეგის ქარდავა და ბაჩო ახალაია

მიმდინარე წლის 4 იანვარს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს და შემდგომში ამ დეპარტამენტის უფროსს მეგის ქარდავას, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს ოლეგ ფაცაციას, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსს  ვიქტორ ყაჭეიშვილს წარედგინათ ბრალდება თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. კერძოდ, დასახელებულ პირებს ბრალი ედებათ წამებაში, წამებისა და სხვა ძალმომრეობითი მოქმედებების ორგანიზებაში. ბრალდება პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის და სხვა პირთა წამების საქმის გამო წარედგინათ ზემოთ ჩამოთვლილ პირებს. საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მიმდინარეობს, თუმცა მას ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალდებულებიდან მხოლოდ ფაცაცია და ყაჭეიშვილი ესწრებიან, ხოლო მუხაძის და ქარდავას ადგილსამყოფელი უცნობია.

 

დღეს, 23 ივლისს გამართულ სასამართლო პროცესზე დაძაბულობამ პიკს მიაღწია, რადგან თეთრაძის ოჯახის წევრებსა და ალექსანდრე მუხაძის დედას შორის შელაპარაკება მოხდა. საბოლოოდ, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა თეთრაძის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე და მუხაძის დედა სხდომის დარბაზიდან გააძევა. ორივე მხარე ერთიომეორეს ადანაშაულებს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში:

 

“ეს დანაშაული, ფაქტობრივად, საიდანაც დაიგეგმა და ვინც არიან მთავარი მონაწილე პირები, მიმალვაში იმყოფებიან და დღეს ალექსანდრე მუხაძის ოჯახის წევრები გამოდიან და ბედავენ იმას, რომ სასამართლო პროცესზე სერგო თეთრაძის მეუღლეს უთხრან, რომ შენი ადგილი აქ არ არის, აქ ნუ დაჯდები, ადექი, სხვაგან გადაჯექიო. მთელი პროცესის განმავლობაში სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ მუხაძის ოჯახის წევრები. შემდეგ მისმა დედამ განმიცხადა, რომ ინატრე ჩემნაირი შვილის ყოლაო. დღეს თუ ალექსანდრე მუხაძის, იგივე “ქილერასნაირი” კაცები სანატრელია საქართველოში, მაშინ აღარ ყოფილა ამ ქვეყნის საშველი. ამ შელაპარაკებასთან დაკავშირებით მივმართე მოსამართლეს და ვუთხარი, რომ შეურაცხყოფას მაყენებდნენ ალექსანდრე მუხაძის ოჯახის წევრები და მან მიიღო გადაწყვეტილება და ორივეს დაგვატოვებინა სასამართლო პროცესი. ძალიან ეჭვი მეპარება მოსამართლის ობიექტურაობაში. ასე თუ გაგრძელდა სასამართლო პროცესები და საბოლოოდ, განაჩენის გამოტანის დროს, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მე არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, ძალიან ეჭვი მეპარება მოსამართლის ობიექტურობაში, თუნდაც დღევანდელი, აი, ამ პროცესიდან გამომდინარე”, – აცხადებს თეთრაძის ოჯახის ადვოკატი.

 

მოსამართლე კი ამბობს, რომ იგი სასამართლო პროცესზე, სადაც იმ წუთებში მოწმის დაკითხვა მიმდინარეობდა, მტყუან–მართლის გარჩევას ვერ დაიწყებდა და ორივე დაპირისპირებული მხარის გაძევების გადაწყვეტილება სწორედ ამის გამო მიიღო.

 

ალექსანდრე მუხაძის დედა ჯული მუხაძე საკუთარი შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ იგი ამაყობს საკუთარი ვაჟით. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე მომხდარ ინციდენტს, იგი აცხადებს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია და ამას დაადასტურებს მანდატური, რომელიც მის გვერდით იდგა. ამასთან, მუხაძის დედა თეთრაძის ოჯახის წევრებს შეურაცხყოფის მიყენებაში პირიქით ადანაშაულებს:

 

“ჩემს შვილს არაფერი კავშირი არ აქვს ამ დანაშაულთან”.

 

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ სერგო თეთრაძის მეუღლემ ნანა თეთრაძემ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.

სერგო თეთრაძე

 

 ჯაშუშობის საქმე სერგო თეთრაძის და კიდევ სამი პირის წინააღმდეგ

თადარიგის ოფიცერი, ომის ვეტერანი და ყოფილი მზვერავი, 57 წლის სერგო თეთრაძე, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 2011 წლის 17 სექტემბერს დააკავეს სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა. მის სახლში ჩატარდა ჩხრეკა. ამ პერიოდში ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, მეგის ქარდავა კი – სამხედრო პოლიციას ხელმძღვანელობდა. მანამდე ქარდავა შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. მას შემდეგ, რაც შს მინისტრად ბაჩო ახალაია დაინიშნა, ამავე უწყებაში მან თან გაიყოლა როგორც მეგის ქარდავა, ისე ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად “ქილერა”. თეთრაძეს კიდევ სამ ადამიანთან ერთად, ვიცე–პოლკოვნიკ დავით ლონდარიძესთან, გია გორელიშვილთან და სერგო ჩაპალკინთან ერთად ბრალი დასდეს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშური ქსელის ჩამოყალიბებაში. ამ ბრალდებას გარდაცვლილი თადარიგის ოფიცრის მეუღლე აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ კომპიუტერული მეხსიერების ბარათი, რომელიც თითქოს მის ქმარს უპოვეს სახლში და რომელიც მისი ჯაშუშურის გეგმების შესახებ ინფორმაციას მოიცავდა, სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა მის ბინაში თვითონ ჩადეს და შემდეგ ეს სასამართლო პროცესზე აღიარეს. ნანა თეთრაძის თქმით, ეს მეხსიერების ბარათი 2011 წელს მისი ქმრის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მთავარი მტკიცებულება იყო. იგივეს ამბობს, იმავე საქმეზე დაკავებული და შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გია გორელიშვილიც, რომლის თქმითაც, მეხსიერების ბარათი სახლში მასაც “ჩაუდეს”.

“სერგო თეთრაძემ საერთოდ ამ ფლეშკის გამოყენებაც კი არ იცოდა, რაზეა ლაპარაკი?! ჩემს მეუღლეს უშუალოდ ბაჩო ახალაია აწამებდა, მაგრამ ჯერაც არ მისულა საქმე იქამდე. უშუალოდ ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა აწამებდნენ მას და ეს სერგომ თვითონ უთხრა პირველ ადვოკატ თამილა იასეიშვილს, როდესაც ცოცხალი იყო ციხეში ყოფნის დროს. შემდეგ ეს ამ ადვოკატმა სასამართლო პროცესზეც გაიმეორა. მან მაშინ უთხრა ადვოკატს, რომ ძალიან ბევრნი აწამებდნენ, მაგრამ უშუალოდ ამოვიცანი და შემიძლია დავასახელო მეგის ქარდავა და ბაჩო ახალაიაო. ჯერჯერობით  ბაჩო ახალაია ამ საქმეში არ ფიგურირებს. მე ვადანაშაულებ რეჟიმს, თავიდან ბოლომდე. ვინც იყო  შემსრულებელი და ვინც ორგანიზატორი. მოიყვანონ ორგანიზატორები და დასვან აქ. რა უნდოდათ ომის ვეტერანისგან, რომელიც თადარიგის ოფიცერი იყო… რა უნდოდათ?! რატომ აწამეს იგი ახალაიამ და ქარდავამ?! ყველას ბრალეულობა უნდა დადგინდეს, ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში. მკვლელებთან არანაირი კოჰაბიტაცია არ არსებობს. მე არ მივიღებ საშუალო განაჩენს, აუცილებლად განაჩენი უნდა იყოს მკაცრი. ჩვენ არ გავჩერდებით”, – აცხადებს ნანა თეთრაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

“ისეთნაირად ვითარდება და მიდის ეს სასამართლო პროცესები, იმდენად პასიურობს პროკურატურა და, ზოგადად, პროცესები ისე პასიურად მიმდინარეობს, რომ მე ვშიშობ და არ მინდა ვიფიქრო, რომ სასჯელები ადეკვატური არ იქნება იმ დანაშაულის, რაც მათ ჩაიდინეს. დღეს იმდენად გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ ჩემი დარბაზიდან გაძევებით, რომ, სიმართლე გითხრათ, გაოგნებული ვარ.  მცირე სასჯელების მისჯა დამნაშავეებისთვის იქნება ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს. მაქსიმალური სასჯელი უნდა იყოს გამოყენებული იმიტომ, რომ ამათ გაუგონარი დანაშაული ჩაიდინეს”, – აცხადებს თეთრაძის ოჯახის ინტერესების დამცველი ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე.

 

თეთრაძის წამების საქმეში ბრალდებული არც ერთი პირი, მათ შორის არც მიმალვაში მყოფი მუხაძე და მეგის ქარდავა, თავს დამნაშავეებად არ მიიჩნევენ და ბრალს არ აღიარებენ.

 

სერგო თეთრაძე გლდანის #8 დაწესებულებაში 2011 წლის 23 სექტემბერს, დაკავებიდან 5 დღეში გარდაიცვალა. მაშინდელი ოფიციალური ვერსიით, ამის მიზეზი გულის შეტევა გახდა. განცხადება იმის შესახებ, რომ თეთრაძე ციხეში წამებით მოკლეს 2012 წლის სექტემბერში, გააკეთა გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილმა ოპერატიულმა მორიგე ინსპექტორმა ვლადიმერ ბედუკაძემ:

 

“ეს დასტურდება ცოცხალი მოწმეებით და თავისივე გადაღებული ვიდეომასალით, თუ არსებობს და თუ არ გაანადგურეს.  მე ამას დავადასტურებ სამართლიანი სასამართლოს პირობებში. თეთრაძის წამების ვიდეო გადაიღო ალექსანდრე მუხაძემ, პირადად იღებდა. ესწრებოდა ოლეგ ფაცაცია და გაუპატიურებისას ვეღარ მოზომეს და შემოაკვდათ, გულის პრობლემები ჰქონდა ბატონ თეთრაძეს. გადაიყვანეს უკვე გარდაცვლილი ე.წ. რეზბალნიცაზე, სამკურნალო დაწესებულებაში და იქ გააფორმეს, როგორც ცოცხლად შეყვანილი”, – განაცხადა ბედუკაძემ.

 

ნანა თეთრაძე დარწმუნებულია, რომ მისი მეუღლე გულის შეტევით, როგორც ეს 2011 წელს ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიაში იყო ნათქვამი, არ მომკვდარა:

 

“მობრძანდით ჩვენთან სახლში, იტალიურ ეზოში ვცხოვრობთ და ყველა მეზობელი დაგიდასტურებთ, თუ როგორ ვარჯიშობდა ყოველდღიურად სერგო თეთრაძე გირებით. მას არანაირი პრობლემა არასდროს არ ჰქონია გულთან დაკავშირებით. წამებით მოკლეს”.

 

გლდანის მე–8 საპყრობილეში თეთრაძის წამების ფაქტს ადასტურებს მასთან ერთად ასევე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გია გორელიშვილი, რომელიც “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ არა მხოლოდ ყოფილ პოლკოვნიკს, არამედ ოთხივე მათგანს აწამებდნენ შეთითხნილი ჯაშუშობის ბრალდების აღიარებისთვის:

 

“წამება მიმდინარეობდა ორ ეტაპად, პირველად – სამხედრო პოლიციაში და მერე – გლდანის ციხეს გადაგვცეს ოთხივე და უთხრეს, ესენი აქ არ ტყდებიან და ახლა თქვენ მიხედეთო. იყო მომენტი, როდესაც სამხედრო პოლიციაში ყოფნის დროს ფანჯრიდან გადახტომასაც კი ვცდილობდი, იმდენად აუტანელი იყო წამება”, – აცხადებს იგი.

 

გორელიშვილი ამბობს, რომ მეგის ქარდავას სურდა ერთგვარი ჯაშუშური ქსელის სტრუქტურის აგება ოთხი დაკავებული ადამიანისაგან, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც იმდროინდელი გამოძიების მტკიცებით, საქართველოს წინააღმდეგ ერთად ჯაშუშობდნენ, ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ.

 

“ჩვენ, იმ სამმა ადამიანმა, რომლებიც ცოცხლები გადავრჩით, ერთმანეთი 2013 წლის იანვარში გავიცანით, როდესაც პოლიტპატიმრების სტატუსით გავთავისუფლდით”, – ამბობს გორელიშვილი.

 

იგი ჰყვება, თუ როგორ ნახა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გლდანის მე–8 დაწესებულებაში ყოფილი პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე:

 

“ჩვენს საკანში იჯდა ერთი ბიჭი, სახელად გიგი, ცემისთვის გაყვანები, ძირითადად, ხდებოდა 19, 21 და 23 სექტემბერს. როგორც აღმოჩნდა, ეს ის რიცხვები იყო, როცა ზონდერბრიგადები მორიგებოდნენ: “ბასტი–ბუბუები” და ვიღაც–ვიღაცები. ეს გიგი მეუბნება, რომ – გია, შენს გაყვანამდე [ეს გაყვანა იყო, რომ მუხაძის კაბინეტში გავყავდით და იქ ხდებოდა მთელი ბარტყა–ბურტყი], ვიღაც კაცი გაჰყავთ ხოლმეო, ოღონდ გვარს ვერ ვიგებო. რა გვარია-მეთქი, არ ვიცი, თურაძეა თუ თვარაძეო. როგორც მერე გავიგეთ, ეს იყო თეთრაძე. გავიდა ცოტა ხანი და მეძახის, გავიხედე კარის  ქვემოდან და დავინახე, რომ გაიარა თეთრაძემ, ძლივს მიდიოდა… მაშინ დავინახე სერგო თეთრაძე პირველად. გავიდა რამდენიმე წუთი თეთრაძის გაყვანიდან და მეძახიან: გორელაშვილი… გავდივარ იქვე კარანტინში, სადაც მხვდება მუხაძე, მატრიალებს და მაგრად მირტყამს სახეში. ამ დროს გვერდით ოთახიდან საშინელი ღრიალი მესმოდა და მითხრა, გესმისო? შემდეგი შენ ხარო. იცი, ვინ არისო? შენი პადელნიკია, სერგო თეთრაძეო”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ, საბოლოო ჯამში, მან ზეწოლას ვერ გაუძლო და წაყენებული ბრალი აღიარა, ისევე, როგორც დარჩენილმა სამმა ბრალდებულმა. ერთადერთი, ვინც ამ ოთხეულიდან ბრალი არ აღიარა, სერგო თეთრაძე იყო.

 

“იძულებული ვიყავი, ყველა ჩემი დაკითხვის წინ გავდიოდი ტესტს მუხაძის კაბინეტში, რომელიც გამოიხატებოდა ცემა–ტყეპაში, რომ არ გავტყდი, მაგაზე საერთოდ ცოფებს ყრიდნენ. დავით ლონდარიძე რა დღეში ჩააგდეს, ის ნახეთ თქვენ, კოჭლობს ვიცე–პოლკოვნიკი კაცი, რა აღარ დამართეს. მემუქრებოდნენ 18- წლიანი სასჯელით, ბოლოს 8 წელი მომისაჯეს”, – აღნიშნავს იგი.

 

გორელიშვილის თქმით, მის წამებაში ბაჩო ახალაია ჩართული არ ყოფილა, თუმცა ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა მეგის ქარდავა. გარდა ამისა, აცხადებს, რომ რამდენიმე პირი, რომელიც მას შეურაცხყოფას აყენებდა, საქმეში ბრალდებულად წარდგენილი ჯერაც არ არის.

 

“საქმე ჯერჯეობით ვერ მიდის ისე, როგორც ჩვენ გვინდა, ჩვენ კი გვინდა სამართლის აღდგენა. მე ვასახელებდი ისეთ პირებს, რომლებმაც ჩემს წამებაში მიიღეს მონაწილეობა და სასამართლოზე, არც ვიცი, დაიკითხნენ თუ არა, მე ისინი სასამართლოში არც მინახავს…

 

… ცოფებს ყრიდნენ ხოლმე, როცა ისეთ პასუხს ვერ იღებდნენ, რაც თვითონ უნდოდათ. ამიტომ მოკლეს თეთრაძე. ციხეში რომ გადამიყვანეს, იქ ვამბობდი, რომ ვერ გამტეხავთ–მეთქი, შემდეგ გამომძიებელი დამემუქრა – დამაცადე ცოტა ხანიო. მეორე დღეს მოიტანეს ლონდარიძის ზეწოლის შედეგად მოპოვებული ჩვენება, რომელმაც თურმე, მე 10 თუ 12 წლის წინ გადამიბირა, გავიდა ეს წლები და 2011 წლის ზაფხულის ბოლოს გადმომცა მეხსიერების ბარათი, სადაც ჩაწერილი იყო საიდუმლო ინფორმაცია. სინამდვილეში კი, მე მგონი, საერთოდ რაღაც “ნუ პოგოდი” იყო ჩაწერილი ამ ბარათზე. იმისათვის, რომ ეს ჯაჭვი ბოლომდე აესხათ, თეთრაძის გარდაცვალების შემდეგ მთავაზობდნენ, რომ მიცვალებულს დაადე ხელი და თქვი, რომ გიჭირდა და იმიტომ ჯაშუშობდი მისი დავალებითო, ეს კი არ გავაკეთე”, – ამბობს გორელიშვილი.

 

როგორც თეთრაძის მეუღლისთვის, ასევე, გორელიშვილისთვის უცნობია, თუ რა იყო ამ ყველაფრის მოტივი. გორელიშვილის თქმით, მას სამხედრო საქმესთან შეხება არასდროს ჰქონია, ჯარში არ უმსახურია და 1983 წლიდან მოყოლებული საგარეჯოში ღვინის ქარხანაში მუშაობდა:

 

“სულ მაგაზე ვფიქრობდი, რომ რა უნდოდათ ჩემგან, მაინცდამაინც მე რატომ დამიჭირეს–მეთქი, თუმცა ახლაც არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს”.

 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში გორელიშვილის და თეთრაძის მეუღლის მიერ გამოთქმული პრეტენზიების საპასუხოდ აცხადებენ, რომ ამ საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა და კვლავ მიმდინარეობს. როგორც უწყების პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, თეთრაძის საქმეზე სასამართლოში განსახილველად ის ეპიზოდი შევიდა, რომელშიც პროკურატურის აზრით, ბრალეულობა უკვე გამოიკვეთა, ხოლო მომავალში გამორიცხული არ არის, რომ ამ საქმეზე ბრალდებული პირების ჩამონათვალი გაიზარდოს, რადგან საქმეს კიდევ ერთი ეპიზოდი გამოეყო.

 

“ნეტგაზეთის” კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ ამ საქმესთან დაკაშვირებით საბრალდებო სკამზე ბაჩო ახალაიაც აღმოჩნდეს, იგი ასე პასუხობს: “გამორიცხული არაფერია”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *