სამართალი

საპროცესო შეთანხმება უცვლელი მიდგომებით

5 ივლისი, 2013 • 2369
საპროცესო შეთანხმება უცვლელი მიდგომებით

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამას ასეთ ახსნას უძებნის:

 

“კანონია იგივე და სისტემა უნდა შეიცვალოს, რომ შემდეგ მთავარმა პროკურორმა  შეძლოს ახალი სახელმძღვანელო პრინციპებით ამუშავოს თავისი პროკურორები“.

 

“ნეტგაზეთმა” საქართველოს უზენაესი სასამართლოდან გამოითხოვა სტატისტიკური მონაცემები საპროცესო გარიგებების შესახებ. როგორც ირკვევა, 2012 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებში საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა 9 711 პირის მიმართ, რაც განაჩენის გამოტანით განხილული პირების 87%–ია.  

 

2013 წლის პირველ 5 თვეში კი საპროცესო შეთანხმება პირველი ინტსანციის სასამართლოებში დამტკიცდა 4 713 პირის მიმართ, რაც განაჩენის გამოტანით განხილული პირების 91%–ია.

 

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე ახალი ხელისუფლების პირობებში პატიმართა წამებას უკავშირდება. ამ საქმის რამდენიმე ბრალდებულთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა, ხოლო ერთ-ერთი მთავარი ბრალდებული ვლადიმერ ბედუკაძე ამის საფუძველზე საერთოდ გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218–ე მუხლი პროკურორს აძლევს უფლებას, შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს ბრალდებულის სასჯელისგან სრულად გათავისუფლების მოთხოვნით, თუ ბრალდებულმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და ამ თანამშრომლობით გაირკვა თანამდებობის პირის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით მოხდა დანაშაულის გახსნა.

 

“თუმცა, იგივე 218-ე მუხლის მიხედვით, დაუშვებელია ბრალდებულის სასჯელისგან სრულად გათავისუფლება იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, როგორიცაა წამება, წამების მუქარა და არაადამიანური მოპყრობა. შესაბამისად, ბედუკაძის შემთხვევაში, შესაძლებელია დარღვეულიყო საქართველოს კანონმდებლობა”, – ამბობს გიორგი გოგია, Human Rights Watch-ის უფროსი მკვლევარი ევროპასა და შუა აზიაში.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42–ე მუხლის“ იურისტი დიმიტრი ხაჩიძე მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმებას საქართველოში რამდენიმე ნაკლი აქვს, მათ შორისაა მოსამართლის ნაკლები როლი აღნიშნულ პროცესში:

 

„სასამართლოს უნდა შეეძლოს გარკვეული ცვლილებებისა და კორექტივების შეტანა საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ მიიჩნევს საჭიროდ და სამართლიანად. მაგალითად, თუ პროკურატურა და ბრალდებული შეთანხმდნენ 3 წლამდე სასჯელზე, სასამართლოს უნდა შეეძლოს ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით შეამციროს სასჯელი. მეორე პრობლემატური საკითხია პრაქტიკაში მისი გამოყენება. საპროცესო შეთანხმებას აქვს ორი ძირითადი მოტივი: სწრაფი, იაფი მართლმსაჯულება და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა“.

 

დიმიტრი ხაჩიძის თქმით, ორგანიზებული დანაშაულის ბრძოლასთან მიზნით საპროცსო შეთანხმება დღესდღეობით მეტნაკლებად გამოიყენება.

 

„რაც შეეხება სწრაფ მართლმსაჯულებას, ამ მხრივ პრობლემები გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ საკითხები დასაწყისშივე ვერ გვარდება სწრაფად და საპროცესო შეთანხმებამდე მისვლამდე ჭირდება სასამართლო წარმოება, ხანდახან საქმე მიდის აპელაციამდე და ა.შ“.

 

ხაჩიძის თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პროკურატურამ გარკვეული მიდგომები შეცვალა, კერძოდ,  უფრო ლმობიერი გახდა სისხლის სამართლის პოლიტიკა, საპროცესო შეთანხმებებს ფისკალური ეფექტი მოეხსნა.

 

„ადრე საპროცესო შეთანხმება დამოკიდებული იყო თანხის ოდენობაზე. ახლა ეს ეფექტი მოხსნილია, თანხას ითხოვენ, მაგრამ არა იმ ოდენობით, რაც ადრე იყო“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ დიმიტრი ხაჩიძემ.

 

საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმირების პირობა „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლამდე დადო. მათი განცხადებით, საპროცესო შეთანხმება გახდებოდა უფრო სამართლიანი და ის არ იქნებოდა ორიენტირებული მხოლოდ ბიუჯეტის შევსებაზე.

 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ხელისუფლება მუშაობს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე. ამ კუთხით არსებული პრაქტიკის შესასწავლად კი, პროკურორებთან ერთად, აშშ-ს სტუმრობდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.

 

„თქვენ გახსოვთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას საპროცესო ინსტიტუტი მოგვყიდეს საზოგადოებას, როგორც ამერიკული ფენომენი და გვეუბნებოდნენ, თქვენ რა გესმით ამერიკის, იქ ასეა და თქვენ ვერ გაითავისეთო. ამ ვიზიტის შედეგად აღმოჩნდა, რომ ის საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი, რაც აშშ–ში მოქმედებს, არავითარ კავშირში არ არის ქართულ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან და მათ მხოლოდ ერთი რამ – სახელი აქვთ საერთო. აქედან გამომდინარე, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს და შემდეგ მიდგომების გადახედვას. მხოლოდ მიდგომების გადახედვა დღეს შედეგს ვერ მოიტანს, რადგან კანონია ცუდი. ჩვენ ამ კანონის ცვლილებაზე ვმუშაობთ. ამაში გვეხმარებიან ის ექსპერტები, რომლებსაც აქვთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება, სადაც ეს ინსტიტუტი მოქმედებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი, პირველ რიგში, მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულებების შემთხვევაში უნდა გამოიყენებოდეს იმ მიზნით, რომ მსგავს საქმეებზე შეთანხმების შედეგად სასამართლოები განიტვირთოს ჭარბი საქმეებისგან.

 

საქართველოში საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი 2004 წლიდან მოქმედებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი