სამართალი

არაადამიანური მოპყრობისთვის ბრალდებულები სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

3 ივლისი, 2013 • 1148
არაადამიანური მოპყრობისთვის ბრალდებულები სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

პროკურატურის ცნობით, ხვედელიანის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ვ.გ-ს განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებდა, რომ 2009 წლის 1 იანვარს შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა მიაყენეს მძიმე ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა.


პროკურატურის ინფორმაციით, 2009 წლის 1 იანვარს ბაკურიანში ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო: ვ. გ. დ. მ. და გ.კ. ბორჯომის შსს რაიონული სამმართველოს უფროსმა მამუკა ხვედელიანმა და პოლიციის სხვა მუშაკებმა გადაიყვანეს შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში. მიყვანის შემდეგ ხსენებული პირები გადაანაწილეს სხვადასხვა ოთახებში, ხოლო ვ. გ. აიყვანეს პოლიციის შენობის მეორე სართულზე ე.წ. უბნის ინპექტორების სამუშაო ოთახში, სადაც სცემეს.

 

პროკურატურის ცნობით, ვ.გ-ს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უფროსი მამუკა ხვედელიანი, ამავე სამმართველოს თანამშრომლები: გიორგი ბლიაძე, ალექსანდრე ბლიაძე, სერგო სამსონიძე და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი. ცემის პროცესში ალექსანდრე ბლიაძემ ვ. გ-ს  მარცხენა ყურზე დაადო ანთებული სიგარეტი და აიძულებდა ეთქვა სიმართლე ბაკურიანში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით.

 

გამოძიების ინფორმაციით, ცემის პროცესში, პოლიციის უფროსის მამუკა ხვედელიანის ბრძანებით, ორმა პოლიციელმა დაზარალებულს გადაუგრიხა ხელები, გადახარეს იგი მაგიდაზე, ძალის გამოყენებით ჩახადეს შარვალი და პოლიციის თანამშრომლებმა უკანალზე მიადეს პოლიეთილენის ბოთლი, ხოლო პოლიციის უფროსის მ. ხვედელიანის დავალებით პოლიციის თანამშრომელმა ს.ს-მ თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონის მეშვეობით გადაუღო რამოდენიმე სურათი ამ მდგომარეობაში მყოფ ვ. გ-ს. აღნიშნულის შემდეგ  გიორგი ბლიაძემ აიღო ოთახში არსებული ოთხფეხა სკამი და ერთ-ერთი ფეხი ძალის გამოყენებით შეუყვანა უკანა ტანში, ს.ს. ამ მომენტშიც იღებდა ფოტოებს მ. ხვედელიანის დავალებით. სურათების გადაღების შემდეგ პოლიციელები დაემუქრნენ ვ.გ-ს, რომ გადაღებულ სურათებს გამოაქვეყნებდნენ დაბა ბაკურიანში, სარეკლამო აბრაზე.

 

ამის შემდეგ, გამოძიების ცნობით, ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებმა კვლავ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ვ. გ-ს, გადაიყვანეს იგი სხვა ოთახში და ამყოფეს იქ დილამდე.  დაახლოებით დილის 07-08 საათზე ვ. გ. დაკითხა ბორჯომის შსს რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა და გაუშვა სახლში.

 

აღნიშნულ საქმეზე ხვედელიანს სისხლის სამართლის კოდექსის 1433-ე მუხლის პირველი ნაწილით დაედო ბრალი, რაც გულისხმობს პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით, თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

 

გარდა ამ საქმისა, ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს სხვა საქმეზეც ჰქონდა ბრალი წაყენებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად ახალდაბაში მცხოვრები ტრისტან ჩადუნელის, მერაბ რიკაძის და ნიკოლოზ ლომიძის განცხადება დაედო, რომელშიც ისინი მიუთითებებენ, რომ 2011 წლის 27 მაისს ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებმა  მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო მათი დაკავება ადმინისტრაციული წესით იყო უკანონო, ყოველგვარ სამართლიან საფუძველს მოკლებული. გამოძიების ცნობით, მათი დაკავება და ფიზიკური შეურაცხყოფა განპირობებული იყო 2011 წლის 26 მაისს  ქ. თბილისში იმ დროს არსებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „სახალხო კრების“ მიერ გამართულ აქციაზე ყოფნით.

 

აღნიშნული საქმეების გამო, მამუკა ხვედელიანის გარდა, ბრალი ჰქონდათ წაყენებული ბორჯომის პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს – სერგო სამსონიძეს, გიორგი ბლიაძეს, ალექსანდრე ბლიაძეს და გიორგი ლომიძეს.

 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა ყველა ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო.

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მამუკა ხვედელიანი იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ისინი გაასაჩივრებენ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი