სამართალი

შრომის უსაფრთხოება კონტროლის გარეშე

27 ივნისი, 2013 •
შრომის უსაფრთხოება კონტროლის გარეშე

რამდენიმე კვირის წინ ფოთში, საკონტეინერო ტერმინალ „ბარელ ჯორჯიაში“ უბედური შემთხვევა მოხდა, რის

შრომის უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოება

შედეგად ერთ–ერთი თანამშრომელი დაშავდა. მის ინტერესებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თანამშრომელი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ნიკა კაკაშვილი იცავს. როგორც მან “ნეტგაზეთს” განუცხადა, დაშავებული მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, მოტეხილი აქვს კიდურები და მენჯის ძვალი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო კომაში. მას ხანგრძლივი რეაბილიტაცია და მკურნალობა სჭირდება. როგორც ნიკა კაკაშვილი ამბობს, კომპანიაში არსებული კომისია შეისწავლის ინციდენტს, რის შემდეგაც დადგინდება, რა მიზეზით დაშავდა თანამშრომელი. თუ აღნიშნული დაზარალებულის შეცდომამ გამოიწვია, ის კომპენსაციას ვერ მიიღებს, ხოლო თუ დამნაშავე კომპანიაა, მას ერგება კომპენსაცია, ისიც მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

 

„პროფკავშირების გაერთიანებამ 2013 წელს ფრიდრიხ ებერტის ფონდის დახმარებით გამოსცა კვლევა საქართველოში სამუშაო ადგილებზე შრომის დაცვასა და უსაფრთხოებაზე.

 

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, 2010 წელს სამუშაო ადგილზე დაშავდა 168 ადამიანი, 81 კი დაიღუპა, ხოლო 2011 წელს დაშავდა 53, 21 კი  დაიღუპა. დაშავებულთა ყველაზე დიდი წილი მეტალურგიასა და მშენებლობებზე დასაქმებულებზე მოდის.

 

„პროფკავშირების გაერთიანებაში“ მიიჩნევენ, რომ კერძო წარმოებაში მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხზე ზედამხედველობის ორგანოს არარსებობის გამო წარმოშობილი პრობლემების მოგვარება დაზარალებულებს ან მათი ოჯახის წევრებს უწევთ. კომპენსაციის მიღების ერთადერთ საშუალებად ამ შემთხვევაში სასამართლო რჩება.

 

2013 წლის 1 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო 45–ე დადგენილება, რომლის საფუძველზეც საწარმოო ტრავმით დაზარალებულ პირებს მიეცათ ყოველთვიური დახმარების დანიშვნის უფლება. დახმარება დაენიშნებათ პირებს, რომლებსაც მიღებული აქვთ საწარმოო ტრავმა და ტრავმის მიღება დაკავშირებულია დამსაქმებლის ბრალეულ მოქმედებასთან. სახელმწიფო დახმარების ოდენობის მაქსიმუმი 100 ლარია და იმის მიხედვით გაიცემა, შრომისუნარიანობის რამდენი პროცენტი აქვს დაკარგული პირს.

 

თუმცა აღნიშნული დადგენილება ეხება პირს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში.

 

2013 წლის 1 მარტამდე არსებობდა მთავრობის #53 დადგენილება, რომლის არაკონსტიუციურობაზეც ომბუდსმენს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ჰქონდა შეტანილი, თუმცა მისი გაუქმების გამო საქმის წარმოება შეწყდა.

 

„დადგენილების კონსტიტუციურობა სადავოდ იყო გახდილი, რადგან დადგენილებით შეწყდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დანიშნული სარჩოს გაცემა. ეს წარმოადგენდა სამართლიანი სასამართლოს და საკუთრების უფლების დარღვევას“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” თანამშრომელმა თამარ ჭარბაძემ, რომელიც აღნიშნული საკონსტიტუციო სარჩელის ავტორი იყო და ომბუდსმენის ოფისში მუშაობდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის 1 მარტს მიღებულმა დადგენილებამ გააუქმა 2007 წელს მიღებული დადგენილება და აღადგინა დაზარალებულთათვის სახელმწიფო დახმარების გაცემის წესი, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი ქეთი გაზაშვილი იმ ხარვეზებზე საუბრობს, რაც მისი თქმით, ახალ ბრძანებას აქვს.

 

“45–ე დადგენილებამ კი გააუქმა 53–ე დადგენილება, მაგრამ ბოლომდე არ მოიცვა ყველა ის საკითხი, რომელსაც 53–ე დადგენილება არ აწესრიგებდა. სახელმწიფომ დახმარების მიმღებ პირებად განსაზღვრა გარკვეულ პირთა ვიწრო წრე. დახმარების ადმინისტრირება დაევალა ჯანდაცვის სამინისტროს. ეს დადგენილება კერძო სამართლებრივ ურთიერთობას საერთოდ არ ეხება, არ არეგულირებს იმ პირთათვის დახმარების გაცემის საკითხს, რომლებიც კერძო კომპანიებში დაზარალდნენ. წინა დადგენილებაში კი მითითებული იყო, რომ ამას აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსი და შრომის კოდექსი. ახლა ასეთი მითითება საერთოდ არ არის #45 დადგენილებაში”, – განუცხადა “ბათუმელებს” ქეთი გაზაშვილმა. მისივე თქმით, სპეციალური სამართლებრივი მოწესრიგება ამ საკითხს არ აქვს და ეს წესრიგდება სამოქალაქო კოდექსით, შრომის კოდექსით და ხელშეკრულებით.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელი თამარ ჭარბაძე ამბობს, რომ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია როგორც მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების ნუსხა, ასევე, უსაფრთხოების წესები. შესაბამისად, იმის თქმა, რომ პრობლემის მიზანი შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არარსებობაა, გამართლებული არ იქნება. მისივე მოსაზრებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ წესებისა და კანონის შესრულებაზე უნდა არსებობდეს მონიტორინგის სისტემა  – შრომის დაცვის ინსპექცია ან ანალოგიური ფუნქციების მქონე სხვა ორგანო.

 

“საერთო შეფასება რომ გავაკეთოთ, შრომის უსაფრთხოების დაცვა საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას, რაც მოიცავს როგორც სათანადო ნორმატიულ ბაზას,  ასევე, სრულყოფილ შესრულებას და საფუძვლიან კონტროლს”, – ამბობს თამარ ჭარბაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი