სამართალი

ხარვეზები სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემაში

23 ოქტომბერი, 2017 • 2877
ხარვეზები სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემაში

საქმეების ელექტრონული განაწილების სისტემის წესი 31 დეკემბრიდან საერთო სასამართლოებში უნდა ამოქმედდეს, თუმცა ეს წესი უკვე პილოტურ რეჟიმში 1 ივლისიდან მუშაობს რუსთავის საქალაქო სასამართლოში. “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) კვლევა, რომელიც აჩვენებს, თუ რა ხარვეზებია სისტემაში ამ კუთხით, დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილეს.

EMC-ის კვლევის მიხედვით, პროცედურები, რომლითაც ელექტრონული განაწილების სისტემის შეფერხებისას ხელმძღვანელობენ სასამართლოში, კანონში დაზუსტებული არაა. გარდა ამისა, კვლევაში ხაზგასმულია ამ პროცესში სასამართლოს თავმჯდომარის ფუნქციის შემცირების  და თავმჯდომარის მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათების გასაჯაროების აუცილებლობაც.

კვლევის  თანახმად, 1 ივლისიდან 21 სექტემბრის ჩათვლით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში 987 საქმე განაწილდა ელექტრონული წესით, ხოლო 7 – რიგითობის პრინციპით.

რიგითობის პრინციპი გამოიყენება მაშინ, თუ ელექტრონული განაწილების სისტემაში დაფიქსირებული შეფერხების ვადა აღემატება 2 დღეს (ან განსაკუთრებულ შემთხვევაში, 3 საათს). ამ შემთხვევაში სასამართლოს  თავმჯდომარეს შეუძლია საქმეები გადაანაწილოს რიგითობის პრინციპით.


EMC-ის კვლევაში განხილულია ერთი მაგალითი, კერძოდ, 5 აგვისტოს დაფიქსირებული შემთხვევა რუსთავის საქალაქო სასამართლოში. თავმჯდომარემ გამოსცა აქტი, რის საფუძველზეც საქმე რიგითობის პრინციპით გაანაწილა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ელექტრონული განაწილების სისტემის შეფერხების დროდ სასამართლომ იუსტიციის საბჭოსთვის გაგზავნილ დოკუმენტებში მიუთითა 09:00-13:40 საათი, ხოლო EMC-ისთვის გაგზავნილში, 09:00 – 16:50 საათი.

 

გარდა ამისა, ორგანიზაციას უარი განეცხადა თავმჯდომარის მიერ შეფერხების აღმოფხვრის შემდგომ შედგენილი მოხსენებითი ბარათების ასლების მიწოდებაზე, იმ არგუმენტით, რომ ბარათი პერსონალურ მონაცემს მოიცავს.


“ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორიგნის ცენტრის” წარმომადგენლის, სოფო ვერძეულის თქმით, მოხსენებითი ბარათების გასაჯაროება მნიშვნელოვანია სასამართლოს სრულყოფილი მონიტორინგისთვის.


მოხსენებითი ბარათი, რომელშიც აღნიშნულია ტექნიკური შეფერხების დროს თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი მონიტორიგნგისთვის. მომავალშიც, როდესაც მოხდება მონიტორინგი, მოხსენებითი ბარათების გარეშე ძალიან რთული იქნება სრულყოფილი მონიტორიგნის განხორციელება. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ თუნდაც პირადი მონაცემების დაშტრიხული სახით გასაჯაროებულიყო მოხსენებითი ბარათები. საერთო ჯამში, საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან პრინციპული წინააღმდეგობა ამ საკითხის მიმართ არ დაფიქსირებულა. მომავალში ჩვენ შევეცდებით, რომ ამ გზით მაინც მოვიპოვოთ მოხსნებითი ბარათები,” – განაცხადა სოფო ვერძეულმა.

თუმცა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ამბობს, მოხსენებითი ბარათების გასაჯაროება იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს პერსონალური მონაცემის დაცვის შესახებ.

ეს არის შიდაუწყებრივი დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და ყველაფრის გაცემის უფლება სასამართლოს არ აქვს. ეს იმ სახის ინფორმაციაა, რომელზეც ვრცელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია არ შეიძლება, რომ გასაჯაროვდეს. ეს დაშტრიხვის პროცედურაც, დაფარვა, ცალკე თემაა. თუმცა ამ სახით, როგორითაც დღეს არსებობს მოხსენებითი ბარათები, სწორი გადაწყვეტილება იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მათ გაცემაზე უარი,” – აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.

განსხვავებით გიორგი მიქაუტაძისგან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ხაზს უსვამს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხსენებით ბარათში დაიფარება პერსონალური მონაცემები, მათი გასაჯაროება აუცილებელია.

მე ვფიქრობ, რომ იმ შემთხევაში, თუ ჩვენ თავმჯდომარის მოხსენებით ბარათში პერსონალურ მონაცემს დავფარავთ, ბარათები აუცილებლად უნდა იყოს საჯარო. ვფიქრობ, საჯარო ინტერესი ამ საკითხებთან დაკავშირებით საკმაოდ მაღალია და მთელი ამ პროცედურის ფართო მონიტორინგის საშუალებაც გაჩნდება. ხელმისაწვდომი თუ იქნება ეს ინფორმაცია, სისტემის დადებით და უარყოფით მხარეებს უკეთ გამოავლენს.“

გარდა მოხსენებითი ბარათებისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სოფო ვერძეულმა სასამართლოს თავმჯდომარეების უფლებამოსილების შემცირების აუცილებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის, რომ თავმჯდომარეებს შეუძლიათ ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეების დანიშვნა, სერიოზული გამოწვევაა საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემისთვის.

“თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ რომელიმე ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეების ვინაობას ერთპიროვნულად მოსამართლე განსაზღვრავს ისე, რომ ჩვენ ახლა არც წესი გვაქვს, არც კრიტერიუმები და არც პროცედურა არ ვიცით, თავმდჯომარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოსამართლეების ვინაობის შეცვლა. ეს არის რეალურად შესაძლებლობა, რომ საქმის განაწილების ელექტრონული წესის მიხედვითაც, ერთგვარი მანიპულაცია მოხდეს. როდესაც საქმე შემოდის, მოსამართლეს შეუძლია შეცვალოს ან სულაც ვიწრო სპეციალიზაციის ერთი მოსამართლე დატოვოს. ჩვენ თუ გვინდა სრულყოფილად განვახორციელოთ შემთხვევით არჩევის სისტემა, ეს შემთხვევითობა უნდა გულისხმობდეს, რომ სასამართლოს თავმჯდომარეს არ შეეძლოს რაიმე გზით ჩარევა მოახდინოს.“

თავმჯდომარის ჩარევის მინიმუმამდე დაყვანას ნაზი ჯანეზაშვილიც ეთანხმება, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის რაიმე სახის ცვლილება ინიცირებული არ არის.


ძალიან კარგია, რომ ეს სისტემა ამოქმედდა, მაგრამ ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ სასამართლოს თავმჯდომარის როლი მაქსიმალურად უნდა შემცირდეს, რომ არ მოხდეს ჩარევა. მე აბსოლუტურად ვიზიარებ იმ შენიშვნებს, რომლებიც თავმჯდომარის უფლებამოსილებას ეხება და მგონია, რომ ამაზე აუცილებელია მუშაობა. თუმცა ამ ეტაპზე არ იგეგმება რაიმე სახის ცვლილება.“

მასალების გადაბეჭდვის წესი