სამართალი

თავდასხმის მცდელობა ნიგერიელ სტუდენტებზე

3 ივნისი, 2013 •
თავდასხმის მცდელობა ნიგერიელ სტუდენტებზე

 

 

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში 13 ნიგერიელი სტუდენტი სწავლობს. სტუდენტები საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ. უნივერსიტეტის კანცლერის, ლალი ხვედელიძის თქმით, სტუდენტებზე თავდასხმა სასწავლებლის მიმდებარედ მცხოვრებმა 20-მდე ბიჭმა სცადა. „ბათუმელებს“ სტუდენტების კომენტარების მოპოვებაში სასწავლებლის ადმინისტრაცია დაეხმარა.

 

 

ინტერვიუს დაწყებამდე ათამდე სტუდენტმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ მათი ფოტო არ უნდა გამოქვეყნდეს. ასევე ითხოვეს, რომ არ დავწეროთ მათი სახელები და გვარები. ამის მიზეზად სტუდენტები იმას ასახელებენ, რომ მათი ფოტოსურათების გამოქვეყნებამ, შეიძლება მეზობლად მცხოვრები ბიჭები გააღიზიანოს.

 

 

ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ქართულადაც ახერხებს საუბარს, ამბობს: „ჩვენ არ გვინდა ფოტოების გადაღება. თუ ფოტოებს გადავიღებთ, ისინი (მეზობლად მცხოვრები ბიჭები) იფიქრებენ, რომ ჩვენ ვიჩივლეთ. ჩვენ პრობლემები არ გვინდა, არ გვინდა პროვოცირება გამოგვივიდეს. ისინი იფიქრებენ, რომ ჩვენ გვინდა ჩხუბი, ჩვენ ჩხუბი არ გვინდა, ჩვენ გვირჩევნია ჩვენთვის ვიყოთ“.

 

 

მას შემდეგ, რაც სტუდენტები დარწმუნდნენ, რომ მათი ნებართვის გარეშე ფოტოს არ გადავიღებდით, ერთ-ერთმა დაიწყო ინციდენტის დეტალების გახსენება: 

 

 

„აბაზანაში ვიყავი, პირველ სართულზე, როცა კარებზე ბრახუნი ატყდა. ვერ მივხვდი რა ხდებოდა. როცა გამოვედი აბაზანიდან, ქართველი ბიჭები დავინახე უნივერსიტეტის ტერიტორიაზე… დარაჯმა დაურეკა პოლიციას. მივხვდი, რომ ჩვენზე იყვნენ გაბრაზებულები. მერე დაიწყეს ქვების სროლა. მე ვეუბნებოდი – ბოდიში ძმა, პრობლემა არ არის კარგი, ამას ნუ აკეთებთ, რა პრობლემა, გაჩერდით… გაჩერდით… ერთი ქვა ქართველს მოხვდა და სისხლი წამოუვიდა“.

 

 

ქართულის მცოდნე რესპონდენტი ყვება, რომ მის თანამემამულეთა უმრავლესობას ინციდენტის დროს ეძინა და მხოლოდ ხმაურის შემდეგ გაიღვიძეს. ამით სტუდენტი იმას უსვამს ხაზს, რომ მათგან არავითარი პროვოკაცია არ ყოფილა.

 

 

ნავიგაციის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ნიგერიელი სტუდენტები მეოთხე სართულზე ცხოვრობენ. შესაბამისად, თავდამსხმელები მათ პირდაპირ ვერ მისწვდებოდნენ. „საქართველოს ბიჭი ბევრი გაბრაზებული, მე არ ვიცი რატომ ჩვენზე. ჩვენი ქვეყანაც გვაქვს და ნიგერიაც ლამაზია… ჩვენ უცხოელები ვართ, მაგრამ ახლა ჩვენ მეზობლები ვართ… ჩვენ ჩვენს ოთახში ვცხოვრობთ და რატომ არის ეს მათთვის პრობლემა, რატომ გვერჩით“, – სტუდენტი ისევ ქართულად ცდილობს საკუთარი აზრის გამოხატვას.

 

 

სტუდენტის თქმით, მათ იმდენად კარგად არ იციან ქართული, რომ გაეგოთ რასობრივი დისკრიმინაციას ჰქონდა თუ არა ადგილი მათთან მიმართებაში, მაგრამ ის ზუსტად იციან, რომ მეზობლად მცხოვრები ბიჭების სამიზნე მხოლოდ თვითონ იყვნენ: „ჩვენ არ ვიცით ქართული ისე კარგად, რომ გაგვეგო რას იძახდნენ, მაგრამ ჩანდა, რომ ჩვენზე იყვნენ გაბრაზებულები. პოლიციის მოსვლის შემდეგ მათ ერთ-ერთ მიზეზად დაასახელეს ის, რომ სიცხეში პირსახოცშემოხვეული გავდივართ ჩვენი ოთახების აივანზე. ისინი, მეზობლები, პირველ სართულზე ცხოვრობენ“, –  აგრძელებს ამბის მოყოლას სტუდენტი ინგლისურად.

 

 

სტუდენტები ფიქრობენ, რომ მათთვის დილის საათებში გარეთ გასვლა სახიფათო არ არის, მაგრამ სასწავლებლის ტერიტორიიდან მარტო გასვლას მაინც ერიდებიან: „რთულია მარტო ღამის საათებში, როცა ვიღაცა შენზე გაბრაზებულია და შენ ვერ ხდები რა უნდათ… ჩვენ არ ვართ ცუდი ბიჭები, ჩვენ სწავლისთვის ჩამოვედით, ჩვენ განცხადება არ შევიტანეთ პოლიციაში, ჩვენ არ გვინდა ჩხუბი“.

 

 

„ამ სტუდენტებმა ოთხი წელი უნდა ისწავლონ, ახლა მეორე კურსზე არიან. ორი მათგანი სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგაც რჩება საქართველოში სამუშაოდ, მშენებლობაზე მუშაობენ“, – ამბობენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.

 

 

28 მაისის ინციდენტის შესახებ „ბათუმელები“ ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერს, ლალი ხვედელიძესაც ესაუბრა. კანცლერი ამბობს, რომ თავდამსხმელებს შორის არასრულწლოვანებიც იყვნენ, „14 წლის ქართველი ბავშვები“.

 

 

ლალი ხვედელიძის თქმით, ნიგერიელი სტუდენტები ძალიან მოტივირებულები არიან: „ნეტა ქართველი სტუდენტებიც იყვნენ სწავლისადმი ასე მოტივირებულები. კონფლიქტი და შეხლა-შემოხლა არასდროს ჰქონიათ, ქართველები იმიზეზებდნენ იმას, რომ თითქოს ესენი იგინებოდნენ. პოლიციაში დაკითხვის დროს ერთ-ერთმა ასე თქვა _ იქ ვიდექი და გავიგონე, ინგლისურად იგინებოდნენ. მე-4 სართულზე გინება ეზოში როგორ შეეძლო გაეგონა? ეს ჩაფიქრებულ ინციდენტს ჰგავდა. კიდევ კარგი პოლიციის განყოფილება არის ჩვენ გვერდით და მათ განმუხტეს სიტუაცია“.

 

 

ლალი ხვედელიძე ამბობს, რომ რადგანაც ინციდენტი ამოწურულია, არ უნდა „ქართველ ბავშვებს უჩივლოს“: „ჩვენი სტუდენტების ბრალი არაფერი იყო, ისინი გვეუბნებიან, რომ არ უნდათ კონფლიქტი მეზობლებთან… ქართველები სულ გინებითა და ქვების სროლით მოვარდნენ ეზოში. მეცოდება ქართველი ბავშვები, რომ ვუჩივლო… ვინაიდან ყველაფერი განიმუხტა, არ მინდა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. დაცვამ პოლიცია გამოიძახა, ისინი ჩვენ ძალიან გვეხმარებიან და იმათ სასწრაფოდ განმუხტეს სიტუაცია“.

 

 

მახინჯაურის პოლიციის განყოფილება ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის გვერდით მდებარეობს. ინციდენტის ღამეს სტუდენტები სასწავლებლის ინგლისურენოვან თანამშრომელს დაუკავშირდნენ, რომელმაც თავის მხრივ ინფორმაცია კანცლერს მიაწოდა. კანცლერის მითითებით კი დაცვამ პოლიცია გამოიძახა.

 

 

უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელი, მერაბ ხურციძე ამბობს, რომ არ იცის ვინ იყვნენ თავდამსხმელები: „რა პრეტენზიები ჰქონდათ რა ვიცი, ხმაური იყო და გავედი გარეთ. რატომ დაიწყეს ჩხუბი, შეურაცხყოფა არ ვიცი, ნასვამები იყვნენ. სტუდენტებთან შეხება არ ჰქონიათ. პოლიცია რომ მოვიდა, დაიშალნენ, პატარა ბავშვები იყვნენ, პაცნები“.

 

 

მახინჯაურის პოლიციის განყოფილებაში ამბობენ, რომ ვიღაცები გამოკითხეს პოლიციაში, მაგრამ მოკვლევა დასრულებული არ არის. სისხლის სამართლის საქმე ჯერჯერობით არ არის აღძრული.

 

 

შს სამინისტროს პრესსამსახურში, ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ „ბათუმელებს“ განუმარტეს: „რასობრივ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონდა, იყო უბრალო შელაპარაკება… ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს, ნიგერიელი სტუდენტები ჯერ არ დაუკითხიათ“.

 

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გასულ კვირას ორ სამშენებლო ობიექტზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეებს შორის. თუმცა, კომპანიებში ეს შემთხვევა არ დაადასტურეს.

 

 

ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი
ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

მასალების გადაბეჭდვის წესი