სამართალი

ბრალდებული: ნაცვლიშვილმა მითხრა, საქმე ეხება ღარიბაშვილის ოჯახს და ეს კაცი გაგანადგურებსო

28 მაისი, 2013 • 2437
ბრალდებული: ნაცვლიშვილმა მითხრა, საქმე ეხება ღარიბაშვილის ოჯახს და ეს კაცი გაგანადგურებსო

ამის შესახებ ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე განაცხადეს:

“ჩვენ ჯერ არ გვინახავს სასამართლოს დასაბუთება, თუ რატომ შეეფარდათ აღნიშნულ პირებს პატიმრობა, მიუხედავად ამისა, ამ გადაწყვეტილებას 48 საათის განმავლობაში აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში”, – აცხადებს ბრალდებულების ზაზა ჭაიას და გივი კრავჩენკოს ადვოკატი ელენე ლაზარიაშვილი.

გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს ბრალდებულ გრიგოლ კვინიკაძის ადვოკატი ლალი ბიბილეიშვილი:

ადვოკატი ელენე ლაზარიაშვილი
ადვოკატი ელენე ლაზარიაშვილი

“პროკურატურის არგუმენტები იყო ძალიან სუსტი. როდესაც პროცესზე კითხვა–პასუხის რეჟიმი გაიმართა, ერთადერთი არგუმენტი, რაც პროკურატურას ჰქონდა, იყო ის, რომ მოწმეები მიიმალებოდნენ, მაშინ როცა ისინი აბსოლუტურად ყველა გამოძახებაზე გამოცხადდნენ”, – აცხადებს ბიბილეიშვილი.

მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის, განზრახ უკანონო დაკავებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებული შსს–ს ყოფილი თანამშრომლების გოჩა ბაღათრიშვილის, გოჩა ჩიტაიას, ზაზა ჭაიას, გრიგოლ კვინიკაძის, ვლადიმერ გამრეკელაშვილის და გივი კრავჩენკოს სასამართლო სხდომა 10:30 საათზე დაიწყო და დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა, მომდევნო სამი საათის განმავლობაში კი მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად იყო გასული.

პროკურატურამ ყველა ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა. პროკურატურის არგუმენტები ბრალდებულებთან მიმართებაში თითქმის იდენტური იყო. მათი აზრით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო წინასწარ პატიმრობას არ შეუფარდებდა, მათ შეეძლოთ მიმალვა, მოწმეებზე გავლენის მოხდენა, შემდგომი დანაშაულის ჩადენა და გამოძიებისთვის მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლა.

პროკურატურის მოთხოვნას არ დაეთანხმნენ ადვოკატები, მათ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით თავდების, უკიდურეს შემთხვევაში კი 2 000 ლარიანი გირაოს გამოყენება მოითხოვეს.

სხდომაზე განცხადების გაკეთება მოითხოვეს ბრალდებულებმა ზაზა ჭაიამ და გრიგოლ კვინიკაძემ.

ჭაიას განცხადებით, დაკავებამდე პოლიციის სხვადასხვა სტრუქტურებში მათი და სხვა 25–მდე პოლიციელის დაშინება და დაშანტაჟება ხდებოდა. მისი თქმით, ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებამდე, ოქტომბერში მას პირადად პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი შეხვდა და უთხრა, რომ საქმე ეხებოდა ღარიბაშვილის ოჯახს, ამიტომ მნიშვნელობა არ ჰქონდა ის დამნაშავე იყო თუ არა:

“ნაცვლიშვილმა მითხრა, საქმე ეხება ღარიბაშვილის ოჯახს და ეს კაცი გაგანადგურებსო”, – განაცხადა ჭაიამ.

მისივე თქმით, ასევე, გამოძიების დაწყებამდე 25 პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს:

“გაათავისუფლეს და დაიწყო მათზე ტერორი, დაშინება პოლიციის სხვადასხვა სტრუქტურებში. რამდენჯერმე დაკითხეს ეს ხალხი, დაკითხვისას ანახებდნენ სხვა პირების ტყუილ ოქმებს და აშანტაჟებდნენ”, – აცხადებს ჭაია, იმავეს ამბობს ბრალდებული კვინიკაძეც. მათი თქმით, პოლიციელების დაკითხვა ხდებოდა როგორც დედაქალაქში ასევე ქალაქგარეთ, ბოლოს კი ისინი 24 მაისს დაიბარეს:

“24 მაისს დაგვიბარეს და გვითხრეს, თუ ერთი კაცი დაიბრალებს ყველაფერს, მაშინ არ შეგეხებით და იმ ერთსაც საპროცესო გარიგებით მალევე გამოვუშვებთ, თუ არადა, ყველას შეგყრით ციხეშიო”, – განაცხადა კვინიკაძემ. მისი თქმით, ამაზე არც ერთი ბრალდებული არ დაეთანხმა და ამის გამო ისინი უკანონოდ დააკავეს.

არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ბრალდებული ზაზა ჭაია კი, მისივე თქმით, 4 დღეა მშრალ შიმშილობაზეა და პროტესტს მანამდე გააგრძელებს, სანამ ყველა პოლიციელს არ გაათავისუფლებენ.

თამაზ თამაზაშვილი
თამაზ თამაზაშვილი

თამაზ თამაზაშვილი 2011 წლის 11 ოქტომბერს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვისა და ტარების ბრალდებით. 2012 წლის 30 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 3 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იმავე წლის 18 სექტემბერს, როდესაც ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი პირველი ვიდეომასალა გავრცელდა, შსს-მ განაცხადა, რომ თამაზ თამაზაშვილი გლდანის #8 საპყრობილის მაღალჩინოსნებს პატიმართა წამებასა და წამების ვიდეოფირზე აღბეჭდვას უკვეთავდა, თუმცა აღნიშნულ საქმეზე თამაზაშვილი სამართალდამცავებს არ დაუკითხავთ და, შესაბამისად, მისთვის არც ბრალი წაუყენებიათ.


საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ, 2012 წლის 9 ქოტომბერს, საქართველოს უზენაესის სასამართლოს სისხლის  სამართლის საქმეთა პალატამ  დაამტკიცა პროკურორსა და მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს შორის დადებული საპროცესო  შეთანხმება და თამაზაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რის შემდეგაც, მეორე დღესვე (2012 წლის 10 ოქტომბერს) თამაზაშვილმა გლდანის ციხე დატოვა.

თამაზაშვილის მაშინდეი ადვოკატი შალვა თადუმაძე აცხადებდა, რომ თამაზაშვილის პირადი, ავტომანქანის, თბილისის საცხოვრებელი ბინის და დედოფლის წყაროს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა უკანონოდ მოხდა, ხოლო იარაღი, რომელიც მისი ავტომობილიდან ამოიღეს, იქ საერთოდ არ ყოფილა.

2013 წლის 24 მაისს ექვსი პოლიციელი პროკურატურამ დააკავა. პროკურატურის განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ “2011 წლის 11 ოქტომბერს ზემოაღნიშნულმა პირებმა თბილისში კოსტავას გამზირზე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩხრეკისა და დაკავების კანონიერი საფუძვლების არ არსებობის მიუხედავად ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე, პირადი ღირსების შეურაცხყოფით, უკანონოდ დააკავეს პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი. დაკავებული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი