8 ივნისს, აუდიტორია N115-ის ორგანიზებით, თსუ-ში საკუთარი ქვეყნევიდან კრიტიკული აზრის გამო დევნილი ადამიანების მხარდამჭერი “კონფერენცია” გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დემირელის სკოლის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლმა ტუბა ჩაბუქმა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლმა ლეილა მუსტაფაევამ.
სტუდენტური გაერთიანების წევრებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ლეილა მუსტაფაევასა და ტუბა ჩაბუქს. სტუდენტებმა დაგეგმილ “კონფერენციას” ფორმალურად დაარქვეს სახელი “დევნილი სამოქალაქო აქტივისტების მდგომარეობა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებში”, რადგან თსუ-ს ადმინისტრაციას მათთვის აუდიტორია გამოეყო. სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სხვა შემთხვევაში არ აპირებდა აუდიტორიის დათმობას.
როგორც “კონფერენციის” გახსნისას ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა თურქი მასწავლებლისა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის უფლებებს არ იცავს, ყოველთვის გამოჩნდებიან ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც მათ გვერდში დაუდგებიან.
შეხვედრაზე საქართველოსა და მის მეზობელ სახელმწიფოებში უფლებადამცველების, ჟურნალისტების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სტუდენტურ ორგანიზაციათა წევრების პოლიტიკური ნიშნით შევიწროებისა თუ ჩაგვრის შემთხვევები განიხილეს. თავდაპირველად მოხსენებით გამოვიდა გიორგი არობელიძე, რომელმაც აზერბაიჯანში შექმნილი მდგომარეობა მიმოიხილა.
არობელიძის თქმით, აზერბაიჯანის კანონმდებლობით, ქვეყანაში მედიის დამოუკიდებლობა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა, მხოლოდ ქაღალდზე. შესაბამისად, როგორც არობელიძე ამბობს, ქვეყანიდან ყველა კრიტიკულად განწყობილი ადამიანი იდევნება, რის გამოც მათ ძალიან სუსტი ოპოზიცია და კონტროლირებადი მედია რჩებათ.
ლევან ლორთქიფანიძემ რუსეთში შექმნილი მდგომარეობა განიხილა, სადაც ასევე იდევნებიან არსებული რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანები. მან “კონფერენციაზე” გათვლილ 5-წუთიან რეგლამენტში მხოლოდ 2010 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები მიმოიხილა. თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, ამ საკითხზე ვრცელ სტატიასაც ამზადებს. ასევე ისაუბრა, თუ როგორ ცდილობდნენ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით არასაპარლამენტო ლიბერალური ოპოზიციური პარტიების შესუსტებას, ხოლო ამის მაგალითად 2012 წელს NTV-ზე გამოქვეყნებული ფილმი გაიხსენა.
როგორც ლორთქიფანიძე ამბობს, ისევე როგორც ჩრდილოეთით, ასევე სამხრეთ დასავლეთით და სამხრეთ აღმოსავლეთითაც პრაქტიკულად იდენტური მეთოდებით ცდილობენ კრიტიკული აზრის ჩახშობას. ის იმედოვნებს, რომ ჩაბუქის საექსტრადიციოდ დაწყებული მოქმედებები შეჩერდება და ის განაგრძობს საქართველოში თავის საქმიანობას. ასევე, სოლიდარობას უცხადებს აფგან მუხთარლის ოჯახს და იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მალე გათავისუფლდება. აუდიტორია N115-ის წევრების განცხადებით, საქართველო უნდა იფარებდეს ავტორიტარული რეჟიმების მიერ დევნილ დისიდენტებს, როგორც, მაგალითად, შვეიცარია მიხეილ ხადარკოვსკის.
სტუდენტური მოძრაობის წევრების შემდეგ “კონფერენციაზე” სიტყვით გამოვიდა მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლი, ტუბა ჩაბუქი, რომელიც თსუ-ში მცირეწლოვან შვილებთან ერთად მივიდა. როგორც თურქი პედაგოგის ცოლი ამბობს, ძალიან წუხს, რადგან მისი ქმარი არის უდანაშაულო: “სხვა შემთხვევაში აქ არ ვიქნებოდი.”
“ჩემი ქმარი 15 წელია აქ მუშაობს, აქედან 5 წელი ბათუში, და მისი საქმიანობა მხოლოდ საგანმანათლებლო სფეროს უკავშირდება. მუსტაფას იოტისოდენა დანაშაულიც არ აქვს ჩადენილი როგორც თურქეთში, ისე საქართველოში. როგორც მან სასამართლოში თქვა, დანაც კი არასდროს უტარებია ცხოვრებაში. მუსტაფას ადვოკატი ამბობს, რომ საბრალდებო დასკვნაშიც კი არანაირი მტკიცებულებაა. საწმუხაროდ, დღეს თურქეთი მოწყდა დემოკრატიულ პრინციპებს და ახლოსაც კი არ არის მასთან. ჩემს ქვეყანაში იჭერენ პროფესორებს, ექიმებს, ჟურნალისტებს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ კრიტიკული აზრი გააჩნიათ. დღესაც კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დიდი ნაწილი ციხეშია, ხოლო მათი ერთადერთი დანაშაული თურქეთის სიყვარულია,” – ამბობს დაკავებული პროფესორის ცოლი.
როგორც ტუბა ჩაბუქი ამბობს, მათ ოჯახს საქართველო საკუთარი სამშობლოსავით უყვარს. ძალიან გაუმართლათ, რომ წლების წინ საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვიდნენ:
“ძალიან სამწუხაროა, რომ გასულ წელს თურქეთში “გადატრიალების მცდელობის” შემდეგ ბევრი ადამიანი უდანაშაულოდ ჩასვეს ციხეში. ჩვენ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა გვგონია და ვწუხვართ იმის გამო, რაც მოხდა. 15 წელია აქ ვართ და კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაგვიდენია. 10 წლის განმავლობაში მუსტაფა ყოველწლიურად მართავდა საქართველოში საერთაშორისო კონფერენციებს, სადაც 40-მდე ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ სტუდენტები და მოსწავლეები; ისინი ეცნობოდნენ ქართულ კულტურასა და ისტორიას. ასეთი ადამიანის ექსტრადირება არ შეიძლება. მჯერა და არ ვკარგავ რწმენას, რომ ეს საქმე ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება.”
ტუბა ჩაბუქის თქმით, არც ერთი ევროპული ქვეყანა და არც ამერიკა თურქეთის მსგავს მოთხოვნებს არ ასრულებს, რადგან ადამიანის უფლებები ყველა განვითარებულ ქვეყანაში დაცულია: “ეს მოხდა რამდენიმე აფრიკულ ქვეყანაში, თუმცა ახლა ჩვენ აფრიკაში არ ვიმყოფებით. უკვე ევროკავშირამდე მივედით და მჯერა, რომ საქართველო არ გაგვწირავს. ქართველი ხალხის მხრიდან წამოსული პატივისცემა და სიყვარული ამის ნიშანია.”
მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლმა თსუ-ში ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ექცევიან თურქეთში კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, ამის მაგალითად მსგავსი ბრალდებებით ბოლო პერიოდში დაჭერილი ადამიანები მოიყვანა.
“ამ ყველაფერზე დიდი მწუხარებით ვსაუბრობ, რადგან თურქეთი ჩემი ქვეყანაა, თუმცა პრეზიდენტი ერდოღანი სიამაყით ამბობს, რომ ყველა დაკავებულ ადამიანს ციხეებში ჩალპობამდე ამყოფებს. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც სოლიდარობას გვიცხადებს და გვერდში გვიდგას,” – ასე დაასრულა სიტყვით გამოსვლა ტუბა ჩაბუქმა თსუ-ში.
კონფერენციაზე ბათუმიდან ჩაერთო შაჰინის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი, ელგუჯა დავითაძე, რომელმაც ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს თურქეთის ხელისუფლება საქართველოს მთავრობის ხელით ყველა თურქული საგანმანათლებლო დაწესებულების დახურვას. მისი თქმით, არც ერთი ფაქტი არსებობს იმის თაობაზე, რომ შაჰინის ან დემირელის სკოლაში ერთი ტერორისტი მაინც გაიზარდა, თუმცა მათ ლიცენზია მაინც შეუჩერეს.
ბოლოს სიტყვით გამოვიდა თბილისიდან გაუჩინარებული და ბაქოს ციხეში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლი ლეილა მუსტაფაევა, რომელიც თსუ-ში გამართულ კონფერენციას ფრონტლაინ კლუბიდან შეუერთდა, სადაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტები მათი დევნის ფაქტების შესახებ საუბრობდნენ.
როგორც მუსტაფაევა ამბობს, ძალიან ნაწყენია საქართველოს მთავრობის მოქმედებებით და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ უარი განაცხადა ამ ქვეყნის მოქალაქეობის მიღებაზე, რომელსაც მას პრემიერი კვირიკაშვილი სთავაზობდა. მუსტაფაევამ მადლობა გადაუხადა ყველა გულშემატკივარს და განაცხადა, რომ აზერბაიჯანში სოლიდარობის განცდა ძალიან სუსტია, თუნდაც- სტუდენტებში. ბოლოს კი აღნიშნა, რომ მისი ქმრის საქმეს ბოლომდე მიჰყვება, ხოლო შემდეგ საქართველოს დატოვებს.
კონფერენციის ბოლოს ლევან ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ რცხვენიათ, საქართველოში სტუმრები ასე რომ იჩაგრებიან და აქ გამოქცეულ კრიტიკულად განწყობილ სხვადასხვა აქტივისტს ასე დევნიან:
“ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ ორი დევნილი და მამაცი მებრძოლი ქალისთვის გამოგვეცხადებინა სოლიდარობა, რომელთა ქმრებიც დღეს ავტორიტარული რეჟიმების მიერ სიცოცხლის დაკარგვის საფრთხესაც კი განიცდიან. ერდოღანის, პუტინის და ალიევის მეთოდები არის იდენტური, ფაქტობრივად, კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ,” – ამბობს ლორთქიფანიძე.
სტუდენტური გაერთიანება “აუდიტორია N115”-ის მიერ ორგანიზებულ “კონფერენციას”, სტუდენტების გარდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესორიც დაესწრო, მათ შორის, ლელა გაფრინდაშვილი და ნანა გუნცაძე.