სისხლის სამართლის 314–ე მუხლი ჯაშუშობას ითვალისწინებს:
“უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა ანდა გამოძალვა ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე”, – აღნიშნულია 314–ე მუხლის პირველ ნაწილში. როგორც ცნობილია, 2012 წელს ფოტორეპორტიორებს ბრალი სწორედ ამ მუხლის მიხედვით წაუყენეს.
კონსტიტუციურ სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების, „აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა”, კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით. ასევე, დავის საგანს წარმოადგენდა ამავე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები, „საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა ”, კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა” ბუნდოვანი შინაარსისაა და პირს არა აქვს შესაძლებლობა, წინასწარ განჭვრიტოს, თუ რომელ მოქმედებას უკრძალავს მას კანონი. მოსარჩელეთათვის პრობლემატური იყო სადავო ნორმაში მოხსენიებული ტერმინი “სხვა ინფორმაცია”. მათი აზრით, მოცემული ტერმინის შინაარსი ფართო ხასიათისაა და მრავალგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, განსხვავებით ამავე ნორმის პირველი ნაწილისაგან, რომელიც დასჯადად აცხადებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემას, ხოლო , თავის მხრივ, სახელმწიფო საიდუმლოების ცნება განსაზღვრულია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონით. შესაბამისად, ტერმინ „სხვა ინფორმაციაში”, მოიაზრება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ არის სახელმწიფო საიდუმლოება, მათ შორის, საჯარო ინფორმაცია, პირადი შეხედულებები და მოსაზრებები. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, შესაძლებელია, პირი დაისაჯოს იმ ქმედებისთვის, რომელიც მის კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას წარმოადგენს. მოსარჩელეთა მტკიცებით, ასევე ბუნდოვანია ტერმინი „საქართველოს ინტერესის საზიანოდ”. მათთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება „სხვა ინფორმაციის” გამჟღავნებამ ან დაკარგვამ, ზიანი მოუტანოს საქართველოს ინტერესებს, თუ ეს ინფორმაცია არ არის „სახელმწიფო საიდუმლო”, როგორც ამას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონი განმარტავს. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არ არის საიდუმლო, მის გამჟღავნებას ან დაკარგვას არ შეუძლია ზიანი მოუტანოს საქართველოს ინტერესებს. შესაბამისად, მათი აზრით, გასაჩივრებული დებულება დანაშაულად აცხადებს ისეთ ქმედებას, რომლის ფორმულირება შინაარსობრივად მცდარია.
აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო:
“1. კონსტიტუციური სარჩელი №516 ( საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში და ვახტანგ ხმალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „ან უცხოეთის ორგანიზაციის” საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
2. კონსტიტუციური სარჩელი №542 ( საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „ან უცხოეთის ორგანიზაციის” საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. კონსტიტუციური სარჩელი №516 ( საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში და ვახტანგ ხმალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ) არ დაკმაყოფილდეს იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის …დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
4. კონსტიტუციური სარჩელი №542 ( საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ) არ დაკმაყოფილდეს იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის …დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით”, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში და აღნიშნულია, რომ არაკონსტიტუციური ნორმები ძალადაკარგულად უნდა იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე პირის პასუხისმგებლობა ვერ დადგება გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედებისათვის, პირს შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ შემთხვეში, თუ იგი გაცნობიერებულად მოქმედებს უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით, აგროვებს ან/და გადასცემს ინფორმაციას და, ამავე დროს, აცნობიერებს, რომ მისი ეს ქმედება საქართველოს ინტერესების საზიანოა. პირს ასევე უნდა ჰქონდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვა. იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილი ქმედების მიმართ პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას რომელიმე ხსენებული კომპონენტი აკლია, სადავო ნორმის საფუძველზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დადგება. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ნორმა დასჯადად აცხადებს როგორც უცხო ქვეყნის დაზვერვის, ასევე, უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით, ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას, რაც საქართველოს ინტერესებისთვის ზიანის მომტანია. სასამართლომ დაადგინა, რომ დაზვერვის მოქმედება, როგორც წესი, სახელმწიფოს უშიშროებისთვის საფრთხის შემცველია. მისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახის, მათ შორის, ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია. შესაბამისად, უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით საქართველოს შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა, თავისთავად, საფრთხეს უქმნის საქართველოს ინტერესებს. სადავო ნორმით გათვალისწინებული აკრძალვა სახელმწიფო უშიშროების დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას წარმოადგენს. შესაბამისად, სადავო ნორმა ან ნაწილში არ ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსხვავებული სიტუაციაა უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით მოქმედების შემთხვევაში. პირველ რიგში, დადგინდა, რომ სადავო ნორმაში მოხსენიებულ ტერმინ ,,უცხოეთის ორგანიზაციაში“ არ მოიაზრება დაზვერვასთან დაკავშირებული ორგანიზაციები, ვინაიდან მათი დავალებით მოქმედება ფაქტობრივად დაზვერვისთვის მუშაობას გულისხმობს. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა საუბარია უცხოეთის იმ ორგანიზაციის დავალებით მოქმედებაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული დაზვერვასთან, სადავო ნორმა ქმნის „მსუსხავი ეფექტს” გამოხატვის თავისუფლებაზე, ვინაიდან პირმა, იმის შიშით, რომ მისი მოქმედება არ ჩაითვალოს საქართველოს ინტერესების საზიანოდ, შესაძლებელია უარი თქვას უცხოური ორგანიზაციების უფრო ფართო სპექტრთან თანამშრომლობაზე, ვიდრე ეს სადავო ნორმითაა აკრძალული, რისი შეზღუდვაც კანონმდებელს სურდა და რაც აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის. სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნაა, რომ კანონმდებლობა იყოს არაორაზროვანი, განჭვრეტადი და პირმა იცოდეს თუ რა ქმედებისთვის ეკისრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა. უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით მოქმედების შემთხვევაში, სადავო ნორმის შინაარსი არ არის ცალსახად და ნათლად განსაზღვრული. სამართალშემფარდებელმა და გამოხატვის სფეროში მოქმედმა პირმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განსაზღვრონ, რომელი ორგანიზაციის დავალებით ჯაშუშობა არის საქართველოს ინტერესების საზიანო. აღნიშნული დანაწესი იძლევა ძალიან ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და არ პასუხობს კანონის განსაზღვრულობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს.
სასამართლოს განცხადებით, გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.