სამართალი

როგორი იქნება სასჯელაღსრულების ახალი დაწესებულება ნარკოდამოკიდებულებისთვის

21 მაისი, 2013 • 1208
როგორი იქნება სასჯელაღსრულების ახალი დაწესებულება ნარკოდამოკიდებულებისთვის

ხელისუფლება გეგმავს ახალი, სპეციალური დაწესებულების გახსნას ნარკოდამოკიდებული მსჯავრდებულებისთვის. რა ტიპის დაწესებულება იქნება ეს?


საუბარია ნარკოდამოკიდებულ პირთათვის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნაზე, სადაც დახმარებას ის მსჯავრდებულები მიიღებენ, რომლებიც არიან ნარკომანები და აქვთ ნარკოდამოკიდებულება. აქ უნდა იყოს ე.წ. ლომკის მოსახსნელი კურსი და ასევე, შემდგომი ერთწლიანი რეაბილიტაცია. აქ პაციენტები ერთი წლის განმავლობაში დარჩებიან და ეს ცენტრი განთავსდება თბილისში, პროექტი დამუშავების პროცესშია. კანონმდებლობაში უნდა შევიდეს ცვლილება და ეს ცენტრი სამართლებრივად დაფუძნდეს. ეს იქნება სამედიცინო სპეციალიზებული დაწესებულება, სადაც ადამიანები ნებაყოფლობით გაივლიან რეაბილიტაციის და მკურნალობის კურსს.


კონკრეტულად ვისთვის იქნება ეს ცენტრი განკუთვნილი და ვის დაექვემდებარება?


ეს სამკურნალო დაწესებულება დაექვემდებარება სასჯელაღსრულების სისტემას და განკუთვნილი იქნება მხოლოდ წამალდამოკიდებული პატიმრებისთვის, რა თქმა უნდა, გარკვეული ფორმით ჯანდაცვის სამინისტროც იქნება ამაში ჩართული, კონკრეტულად კი – მონიტორინგის კუთხით.


არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

რა პრინციპით და რა პირობით მოხვდებიან პატიმრები ამ დაწესებულებაში?


ზუსტი კრიტერიუმები, ისეთი, როგორიც C ჰეპატიტზე შევიმუშავეთ, ჯერ არ არის შემუშავებული, თუმცა ეს მოხდება კონკრეტული მსჯავრდებულის ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასების საფუძველზე. თუკი დადგინდება, რომ პირი არის ნარკოდამოკიდებული და მას ამის გამო აქვს ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები, ეს გახდება ამ დაწესებულებაში მისი გადაყვანის საფუძველი და იქ გატარებული მკურნალობის ერთი წელი ჩაეთვლება სასჯელის მოხდად. ეს იქნება სისტემის შეთავაზება. თუ არ დათანხმდება, მას ჩვეულებრივ ციხეში მოუწევს ამ სასჯელის მოხდა. ნებისმიერ მსჯავრდებულს, ვისაც აქვს ნარკოდამოკიდებულების პრობლემა, მნიშვნელობა არა აქვს, რა დანაშაულისთვის იქნება გასამართლებული, მას შევთაზებთ ამ ცენტრში გადმოყვანას ერთი წლის განმავლობაში.


მოხვდებიან თუ არა ამ სამკურნალო დაწესებულებაში ნარკომოხმარებისთვის გასამართლებული პირები?


ნარკომოხმარებისთვის დაკავებული პირები აქ ვერ მოხვდებიან, რადგან იგეგმება კანონში ცვლილების შეტანა და ნარკომომხმარებლები არ დაისჯებიან სისხლის სამართლის წესით. სხვა მუხლით გასამართლებული, ნარკოდამოკიდებული პირები კი მხოლოდ ერთ წელს გაატარებენ ამ ცენტრში, შემდეგ კი სასჯელის მოხდას გააგრძელებენ სხვა დაწესებულებაში.


იქნებ განმარტოთ, რა ცვლილება იგეგმება ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობასთან დაკავშირებით?


ამ ცვლილებებთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი მალე გააკეთებს განცხადებას. განიხილება მოხმარების დეკრიმინალიზაცია, ანუ მოხმარებისთვის არ დაისჯებიან სისხლის სამართლებრივი წესით და მხოლოდ მოხმარებისთვის ამ ცენტრში არავინ არ მოხვდება. რაც შეეხება ნარკოტიკების ფლობას, ეს გაიმიჯნება. ზუსტი წყალგამყოფი იქნება ნარკოტიკების ფლობასა და რეალიზაციას შორის და გარკვეული ოდენობების მიხედვით ფლობაზე იქნება განსხვავებული სასჯელი. შესაბამისად, ფლობისთვის, რეალიზაციისა და სხვა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებებისთვის ადამიანები თუ მოხვდებიან ციხეში და პარალელურად იქნებიან მომხმარებლები, ისინი მოხვდებიან ამ სამკურნალო ცენტრში.


ჩვენ მიგვაჩნია, რომ მომხარებლების დასჯა სისხლის სამართლის წესით ნარკომანიის პრობლემას ვერ აღმოფხვრის. საჭიროა მიწოდებისა და არალეგალური ბრუნვის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა. ასევე მნიშვნელოვანია სამი მიმართულებით მუშაობა: პრევენცია, მკურნალობა და რეაბილიტაცია და ზიანის შემცირება.


რამდენ ადამიანზე იქნება გათვლილი აღნიშნული ცენტრი და განთავსდება თუ არა ფილიალები რეგიონებში?


ჯერჯერობით, ზუსტი ოდენობა არ არის განსაზღვრული, მიმდინარეობს მუშაობა. ვვარაუდობთ, რომ ეს იქნება 300-დან 800 ადამიანზე გათვლილი სამკურნალო დაწესებულება. ჯერჯერობით, მხოლოდ თბილისში გაიხსნება და თუ წარმატებული აღმოჩნდება, რეგიონებშიც გავხსნით ფილიალებს. ჯარიმების თანხა არ იქნება მობილიზებული, ადმინისტრაციული წესით დასჯილებს კი სამოქალაქო სექტორი შესთავაზებს სხვადასხვა სამკურნალო სერვისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი