2012 წლის 24 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დახმარების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო ორმოცდათოთხმეტი მილიონი ლარი, რაც უნდა მოხმარებოდა მოსახლეობის კუთვნილი მიწების ხვნა-თესვას.
ამ პროექტისათვის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხიდან ორმოცდაათი მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო- სამეურნეო ტრაქტორებისა და სხვადასხვა საჭირო აგრეგატის შეძენა დაევალა შპს “მექანიზატორს”. შესყიდვის კონტროლისათვის სპეციალურად შეიქმნა შესაბამისი კომისიები, რომელშიც შედიოდნენ როგორც შპს “მექანიზატორის”, ასევე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები.
შსს-ს ცნობით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შერჩევისა და შესყიდვის დროს სხვადასხვა მწარმოებლის მიერ შემოთავაზებულ, პრაქტიკულად თანაბარი სპეციფიკაციების მქონე ტრაქტორებს შორის უპირატესობა დანაშაულებრივად მიენიჭა უარესს, რის შედეგადაც ერთ ერთეულ ტრაქტორში გაიფლანგა დაახლოებით ათი ათასი ევრო:
“2013 წლის იანვრის თვეში განხორციელდა ტრაქტორებისა და საჭირო ტექნიკის შეძენა, რა დროსაც თანამდებობის პირებმა დანაშაულებრივი ქმედებით გაფლანგეს მოსახლეობის დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ორი მილიონ ხუთასი ათასი ლარი.
მხილებულმა პირებმა დანაშაულის დასაფარად ზეწოლა მოახდინეს სისხლის სამართლის საქმეზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფზე, რათა მიეღოთ მათთვის სასურველი დასკვნა და თავი აერიდებინათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისათვის”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს.
ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მხილებული და დაკავებული იქნენ:
1. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოს უფროსი – ომარ თედორაძე;
2. სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ინსტიტუტის დირექტორი – ზაზა მახარობლიძე;
3. შპს მექანიზატორის დირექტორი ვაჟა ნახუცრიშვილი და მისი ორი მოადგილე, მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე
4. აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი – ოთარ ქარჩავა.
სახელმწიფო სახსრების განსაკუთრებით დიდი ოდენობით მითვისება- გაფლანგვაში მონაწილე სხვა პირების დადგენა, დაკავების მიზნით გამოძიება გრძელდება.
დანაშაულის სხვა დეტალების შესახებ საზოგადოებას შსს დამატებით ცნობებს 2 მაისს გაავრცელებს.