სამართალი

სასჯელაღსრულების სამინისტროს პასუხი ომბუდსმენს

5 აპრილი, 2013 • 1367
სასჯელაღსრულების სამინისტროს პასუხი ომბუდსმენს

სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებზე. ასევე, სოზარ სუბარის უწყება აქვეყნებს პასუხებს ომბუდსმენის ცალკეულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

ომბუდსმენის რეკომენდაციაში ვკითხულობთ: „მსჯავრდებულთა გადმოცემით, ანტიტუბერკულოზური მედიკამენტები აზიანებს სხვადასხვა ორგანოებს, რის გამოც ისინი საჭიროებენ ღვიძლისა და სხვა ორგანოების დამცავ მედიკამენტებს, რომლებიც არ ეძლევათ“.

 

ტუბერკულოზის მკურნალობა პენიტენციურ სისტემაში ხორციელდება ეროვნული პროგრამის მართვის გაიდლაინის მიხედვით და ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს. სამოქალაქო სექტორსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სტანდარტი თანაბარია. ექიმებმა მთელ მსოფლიოში იციან, რომ ეს მკურნალობა საკმაოდ ტოქსიკურია, მაგრამ მისი შედეგი გაცილებით ძვირფასია –  ტუბერკულოზისგან განკურნება. გაიდლაინით გვერდითი ეფექტების მართვისთვის მოწოდებულია შემდეგი პრინციპი: იმ პრეპარატის მოხსნა, რომელზეც აღინიშნება გვერდითი მოვლენა. ტუბერკულოზის მკურნალობის ეროვნულ გაიდლაინში ღვიძლის დამცავ მედიკამენტებზე არაფერია ნათქვამი. 

 

ომბუდსმენის რეკომენდაციაში ვკითხულობთ: „პრობლემას წარმოადგენს ექიმის ხელმისაწვდომობა“. 

 

დაწესებულებას, რომელშიც 220-მდე მსჯავრდებულია მოთავსებული, ემსახურება 101 სამედიცინო პერსონალი, ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტების გადაყვანა ხორციელდება ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში. აპრილსა და მაისში იგეგმება დაწესებულების სამედიცინო პერსონალის ხელახლა დაკომპლექტება კონკურსის წესით. ამ გარემოებების გათვალისწინებით ექიმთან ხელმისაწვდომობაზე პრეტენზიებს ვერ გავიზიარებთ. სულ რაღაც 5 თვის წინ იგივე 101 სამედიცინო პერსონალი ემსახურებოდა 700-მდე პაციენტს.

 

ომბუდსმენის რეკომენდაციაში ვკითხულობთ: „მსჯავრდებულთა გადმოცემით, დაწესებულებაში მომსახურე მედპერსონალი დირექტორის თანხმობის გარეშე ვერ ახორციელებს სამედიცინო მომსახურებას. მათი თქმით, უმეტეს შემთხვევაში დაწესებულებაში მედიკამენტების არარსებობის გამო იძულებულნი არიან, თავად შეიძინონ მედიკამენტები დაწესებულების აფთიაქში, რისი საშუალებაც მათ უმრავლესობას არ აქვს“.

 

დაწესებულებას ჰყავს ახალი მთავარი ექიმი განათლებით ჯანდაცვის მენეჯმენტის სფეროში  და სამოქალაქო სექტორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში მუშაობის გამოცდილებით, სამედიცინო პერსონალი არის დამოუკიდებელი სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებაში და მკურნალობის პროცესში სასჯელაღსრულების სისტემის ადმინისტრაცია არ ერევა. რაც შეეხება მედიკამენტებს, ტუბერკულოზურ მედიკამენტებზე მოთხოვნა ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის (ტებ) ფარგლებში 100%-ით დაკმაყოფილებულია. არატუბერკულოზურ მედიკამენტებზე კი დაწესებულებაში მყოფ ერთ მსჯავრდებულზე ფარმაკოლოგიური დანახარჯი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 26 ლარიდან 49.5 ლარამდე გაიზარდა.

 

ომბუდსმენის რეკომენდაციაში ვკითხულობთ: მსჯავრდებულთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ საკვები მხოლოდ იმ შემთხვევაში მზადდება შედარებით ნორმალური და ხარისხიანი, როდესაც დაწესებულებაში ელოდებიან სტუმრებს, ხოლო სხვა შემთხვევაში საკვები არის უხარისხო. 

 

კვების სტანდარტი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დიამეტრალურად გაუმჯობესდა. კვების რაციონი, კალორაჟი და მისამართულობა მსჯავრდებულთა სხვადასხვა კატეგორიაზე გაუმჯობესდა (არასრულწლოვნები, ტბ დაავადებულები, ქალები, დიაბეტით დაავადებულები, დახურული და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებები, პოსტოპერაციული პაციენტები და სხვა).  საკვების ხარისხი და კვების რეჟიმი არის პროცესი, რომელსაც მუდმივი კონტროლი სჭირდება და მისი შეფასება მსჯავრდებულის მონაყოლით, ან ერთ დაწესებულებაში ერთხელ გაკეთებული სინჯებით შეუძლებელია. 

 

ომბუდსმენის რეკომენდაციაში ვკითხულობთ: „მსჯავრდებულთა გადმოცემით, დაწესებულებაში ბეტონის იატაკის გამო დგას მტვერი, რაც მათ ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს. მათი თქმით, მტვრის გამო რამდენიმე ათეულ მსჯავრდებულს დაწესებულებაში გადმოყვანის შემდეგ ჰქონდა სისხლიანი პირღებინება. კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ არათუ სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში, არამედ ჩვეულებრივ დაწესებულებებშიც, პატიმრების საცხოვრებელ კორპუსებზე, არ უნდა იყოს ბეტონის იატაკი“. 

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებებაში (საქ. მთავრობის დაგენილება N385) ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულების იატაკზე არაფერია ნათქვამი. ბეტონ-მოზაიკის იატაკი აქვს ბევრ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას ქირურგიულ ბლოკებსა თუ სხვა განყოფილებებში. რაც შეეხება იატაკიდან წარმოქმნილ მტვერს, დაწესებულება არის ახალი და მისი გახსნისას ჩვენ მიერვე იყო ეს პრობლემა იდენტიფიცირებული, რაზეც ზომები მიღებულია. თუ ჰაერის ლაბორატორიული სინჯები აჩვენებს მტვრის მაღალ შემცველობას, ჩვენ მსჯავრდებულებს დავპირდით, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გზას აუცილებლად მოვძებნით. სისხლიანი პირღებინების დაკავშირება იატაკთან არასერიოზულია და ამაზე ალბათ ექიმები გააკეთებენ შეფასებებს. 

 

ომბუდსმენის რეკომენდაციაში ვკითხულობთ: „პატიმრების თქმით, 2013 წლის 24 მარტს, როდესაც მინისტრი იმყოფებოდა N19 დაწესებულებაში, მათ სურდათ მინისტრთან შეხვედრა, რათა ესაუბრათ დაწესებულებაში არსებულ პრობლემებზე, თუმცა, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ეს ვერ მოახერხეს“.

 

მინისტრი მუდმივად ხვდება მსჯავრდებულებს და მათ ნათესავებს თავისი დატვირთული რეჟიმის გათვალისწინებით. ასევე, სამედიცინო დეპარტამენტის დირექტორი მსჯავრდებულებს და მათ ნათესავებს კვირის განმავლობაში მნიშვნელოვან დროს უთმობს. საჩივრებზე რეაგირების მექანიზმი არსებობს და თითოეულ საფუძვლიან პრეტენზიაზე სამედიცინო დეპარტამენტი შესაძლებლობების ფარგლებში ახდენს რეაგირებას. 

 

ომბუდსმენის რეკომენდაციაში ვკითხულობთ: „მსჯავრდებულები ასევე აღნიშნავენ, რომ ავადმყოფთა უმრავლესობა ვერ ახერხებს სუფთა ჰაერზე გასვლას, რადგან უჭირთ კიბეზე ჩასვლა, ხოლო დაწესებულებაში არსებული ლიფტებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ საკვების დამრიგებელ პატიმრებს“.  

 

ავადმყოფთა უმრავლესობა სარგებლობს პრაქტიკულად 8- საათიანი სეირნობის რეჟიმით. მათ აქვთ ორი დამოუკიდებელი სასეირნო სივრცე, რათა არ მოხდეს ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმებით მთელი კონტიგენტის ინფიცირება. რაც შეეხება დაუძლურებულ პაციენტებს, მათ შემთხვევაში შესაძლებელია ლიფტების გამოყენება. დაწესებულებას ორი დიდი ზომის ლიფტი ემსახურება. 

 

ომბუდსმენის რეკომენდაციაში ვკითხულობთ: „პატიმრები ითხოვენ დაწესებულების დირექტორის კახა გველესიანის გათავისუფლებას და აცხადებენ, რომ თუ ზემოაღნიშნული პრობლემები არ მოგვარდა უმოკლეს დროში, ისინი უარს იტყვიან ანტიტუბერკულოზურ მკურნალობაზე და მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ზომას – შიმშილობას“. 

 

კახა გველესიანი დაწესებულებიდან გადაყვანილია სასჯელაღსრულების დეპარტამენტში  სხვა პოზიციაზე და ემზადება ახალი ამოცანებისთვის, რაც ამ რეკომენდაციის გამოქვეყნებასთან კავშირში არ არის. კახა გველესიანი არის თავისი საქმის პროფესიონალი და მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მსჯავრდებულთა ძველი, ამორტიზებული ბარაკებიდან ახალ, თანამედროვე დაწესებულებაში გადასაყვანად. 

 

სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სისტემაში არის უფრო სხვა ტიპის პრობლემები, რაზეც ომბუდსმენს გავუგზავნეთ ინფორმაცია: მსჯავრდებულთა ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქიატრიული დახმარება, ტრავმების შედეგად ჩამოყალიბებული შესაძლებლობების შეზღუდვები, ფსიქოპათიზებული მსჯავრდებულების მართვა, სამედიცინო დოკუმენტაციის და სამედიცინო მონაცემების ხარისხი და მართვა, ჰეპატიტი C-ს მკურნალობის საკითხი, ნარკოდამოკიდებულ პირთათვის სრულყოფილი დახმარების აღმოჩენა და სხვა. 

 

სასჯელაღსრულების სამინისტრომ 2012 წლის დეკემბერში საზოგადოებას წარუდგინა ჯანდაცვის რეფორმის 18- თვიანი სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო შეეცდება აღნიშნული პრობლემები გადაჭრას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი