სამართალი

რატომ იზიანებენ პატიმრები სხეულს

20 მარტი, 2013 • • 1419
რატომ იზიანებენ პატიმრები სხეულს

თვითდაზიანების ერთ–ერთი ბოლო შემთხვევა 2013 წლის თებერვალში მოხდა. მაშინ ქუთაისის #2 საპყრობილეში მყოფი პატიმრის ადვოკატმა განაცხადა, რომ მსჯავრდებულმა პროტესტის ნიშნად პირი იმიტომ ამოიკერა, რომ ვერ მიიღო ადეკვატური სამედიცინო დახმარება.

 

საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, ნათია იმნაძის მონაცემებით, წარსულში ციხეებში იყოს შემთხვევები, როცა პატიმარი ან პატიმრები იყენებდნენ თვითდაზიანებებს, რათა თავიდან აეცილებინათ, თავი დაეზღვიათ ადმინისტრაციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორებისგან. ზოგჯერ თვითდაზიანებებს იყენებდნენ იმ მოტივით, რომ აპროტესტებდნენ მათ მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას.

                                                                                           

ომბუდსმენის ოფისის თანამშრომლის თქმით, ამჟამად, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, თვითდაზიანების მიყენება ხდება ყველანაირი, ობიექტურად უმნიშვნელო მიზეზითაც კი.

 

„აქვე ვხვდებით ერთ საინტერესო გარემოებას – როდესაც რეჟიმი იყო მკაცრი, პატიმართა ნაწილი ვერ ბედავდა თვითდაზიანებების მიყენებას; ამისთვის ძალიან სერიოზული მიზეზი იყო საჭირო“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ ნათია იმნაძემ.

 

პატიმრების მიერ თვითდაზიანების პრობლემაზე ღიად საუბრობს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მინიმუმადეა დაყვანილი თვითდაზიანების ფაქტები სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, რაც პატიმართა სამკურნალო პირობების გაუმჯობესების დამსახურებაა.

 

თალაკვაძის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების პირობებში თვითდაზიანება ხშირად ხდებოდა ამა თუ იმ სამკურანლო დაწესებულებაში მოხვედრის მიზნით:

 

„ადრე კრიმინალური დაჯგუფებების და ავტორიტეტების შეკრება და კომუნიკაცია ხდებოდა სამკურნალო დაწესებულებებში, როგორიც არის ტუბერკულოზის ცენტრი და ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო. სწორედ ამ მიზნით მიმართავდა პატიმართა ნაწილი თვითდაზიანებას“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, პატიმრებს ამჟამად ეს საფუძველი გამოეცალათ, რადგან მათი სამკურნალო დაწესებულებებში განაწილების პრინციპი შეიცვალა.

 

თალაკვაძის ინფრომაცით, თუ თვითდაზიანებას მიმართავს პაციენტი, მას ადგილზე უტარდება დაუყოვნებლივი პირველადი დახმარება, შემდეგ კი გაჰყავთ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც მას გაუწევენ ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას, თავად მსჯავრდებულმა კი არ იცის, სად იმყოფება, გარდა ამისა, მას იქ სხვა პატიმრებთან კომუნიკაციის საშუალება არა აქვს.

 

ომბუდსმენისა და სამინისტროს წარმომადგენელი თვითდაზიანების ერთ–ერთ მთავარ მიზეზად პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას ასახელებენ.

 

„ჩვენ ამ კუთხით უმძიმესი პრობლემა დაგვხვდა და ჩვენ ამ პრობლემას, ფაქტობრივად, ვებრძვით. ესენი არიან პაციენტები, რომლებსაც აქვთ ფსიქიკური აშლილობა და არიან ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე დამოკიდებული. დავიწყეთ ნარკოლოგებისა და ფსიქიატრების შეყვანა, სქემების შექმნა და ამ დოზების ჩამოწევა. არაერთი მსჯავრდებული გავიყვანეთ ნარკოლოგიურ კლინიკებში და იქ ვმკურნალობთ“, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

 

ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლის, ნათია იმნაძის ინფორმაციით კი, რეალობაში ხშირია, როცა თვითდაზიანების შემთხვევაში ექიმი მხოლოდ ერთჯერადი დახმარებით შემოიფარგლება და საჭიროდ არ მიიჩნევს პატიმრის ქცევის მიზეზის გარკვევას, ან მისთვის ფსიქიატრის კონსულტაციის უზრუნველყოფას. ტრავმების ჟურნალში ჩანაწერებიც, ზოგიერთ შემთხვევაში, არასრულად და ზერელედ ხდება, მაგალითად, არ მიეთითება დაზიანებების (ნასერების) ზუსტი რაოდენობა ან ლოკალიზაცია, პატიმრის კომენტარი, გაწეული დახმარება.

 

„რაიმე მკვეთრი განსხვავება ამჟამინდელი ხელმძღვანელობის რეაგირებებსა და ყოფილი ხემძღვანელების რეაგირებებს შორის ამ ეტაპზე არ ჩანს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 19 სექტემბრის შემდეგ მკვეთრად იმატა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებებში გაყვანამ, მათ შორის, ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებამ,“ – განუცხადა „ნეტგაზეთს“ ნათია იმნაძემ. მისივე ინფორმაციით, წინა ხელისუფლების პირობებში გაცილებით იგნორირებული იყო პატიმართა ფსიქიკური პრობლემები.

 

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ წარმომადგენელი ნინო კიკნაძე ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოს ციხეებში პატიმართა ჯანდაცვის საკითხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 2012 წლის შემოდგომაზე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.

 

„მუდმივად თვალყურს ვადევნებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუშაობას და მინდა ავღნიშნო, რომ ციხეებში ჯანდაცვის კუთხით სიტუაცია რადიკალურად გაუმჯობესებულია. დაიწყო ინფექციური დაავადებების მართვა და ზოგადად მკურნალობის პროცესის გაუმჯობესება“, – ამბობს ნინო კიკნაძე.

 

მისივე თქმით, ბოლო 5 თვის განმავლობაში ციხეებში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, კერძოდ: 9 დაწესებულებაში მოეწყო პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, დასრულდა ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი, საჭიროებისამებრ დაუყოვნებლივ ხდება პაციენტის გაყვანა სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში დამატებითი გამოკვლევებისა და ოპერაციული მკურნალობისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი