სამართალი

ოფიციალური სტატისტიკით დანაშაული გაიზარდა

19 მარტი, 2013 • • 2973
ოფიციალური სტატისტიკით დანაშაული გაიზარდა

ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძისა და ბუკიას ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე არჩევნების შემდეგ 
ქურდობისა და ძარცვის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. ბუკიას ქუჩაზე გაქურდეს სასურსათო მაღაზია, ჭავჭავაძის ქუჩაზე  ეზოში გაჩერებული ავტომობილიდან ამოიღეს აკუმულატორი, იქვე მდებარე ბიბლიოთეკიდან კი გვიან ღამით ქურდებმა კომპიუტერები წაიღეს. ასევე, გაიქურდა სწრაფი ჩარიცხვის რამდენიმე აპარატი. ადგილობრივები „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობენ, რომ ქურდობის ფაქტების ასეთი სიმრავლე უკვე წლებია არ ახსოვთ. მათი განცხადებით, ისინი ცდილობენ, რომ სახლი მარტო არ დატოვონ და ოჯახის ერთი წევრი მაინც დარჩეს ბინაში. გარდა ამისა, დაზარალებულებმა რიგ შემთხვევაში თავი შეიკავეს სამართალდამცავებისთვის მიმართვისგან.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 19 მარტს, მედიასთან შეხვედრისას გაზვიადებული უწოდა პოლიტიკური ოპონენტების განცხადებას კრიმინოგენული სიტუაციის დაძაბვასთან დაკავშირებით.

 

„ეს, რა თქმა უნდა, სასაცილოა, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არც ღირს. ის განწყობა, ის განცდა, რომ რაღაც დაიძაბა, შეიძლება გამოიწვია იმან, რომ ამნისტიის შედეგად ციხიდან გამოვიდა 8 ათასამდე ადამიანი, 2 ათასამდე პატიმარი კი პრეზიდენტმა შეიწყალა, მათ შორის მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულებიც“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მისი თქმით, „განსაკუთრებული არაფერი არ ხდება“ და ამის დასტურად 2013 წლის იანვარ–თებერვლის დანაშაულის სტატისტიკა შეადარა 2007, 2008, 2009 წლების სტატისტიკა, 2010–2011 წლებზე კი მინისტრმა განაცხადა, რომ ამ წლებში არის „სერიოზული გაუმჯობესება“, თუმცა, არ დაუსახელებია კონკრეტული ციფრები. მისი თქმით, 2007 წლის იანვარში საქართველოში სულ მოხდა  5181 დანაშაული, 2013 წლის იგივე თვეში – 3 900.  2007 წლის თებერვალში – 5300, 2013 წლის თებერვალში  – 3800.

 

 „ნეტგაზეთმა“ მიმდინარე წლის 12 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით. ჩვენ უწყებისგან 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 1 მარტამდე საქართველოში მომხდარი დანაშაულებების სტატისტიკა გამოვითხოვეთ.

 

შსს–ს ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიურომ დღეს, 19 მარტს, აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდა.

 

ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა იყო 4 598, რაც 2011 წლის იმავე პერიდოთან შედარებით 1 719 შემთხვევით (59.7%-ით) მეტია.  აქედან 1 434 არის ქურდობა. ქურდობის მაჩვენებელი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით გაზრდილია 55.9%–ით.  ამავე თვეში დაფიქსირებულია ავტომანქანისა და ავტომანქანის ნაწილების ქურდობის 139 ფაქტი. შსს–ს განცხადებით, გასულ წლებში ავტომანქანის ნაწილის ქურდობა ცალკე არ აღირიცხებოდა.

 

2012 წლის დეკემბერში დანაშაულთა საერთო რაოდენობამ მიაღწია 4 815–ს, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 40.7%–ით მეტია, ასევე, გაზრდილია ქურდობის ფაქტები 25.6%–ით და შეადგენს 1423–ს.

 

დანაშაულთა საერთო რაოდენობამ კლება დაიწყო 2013 წლის 1 იანვრიდან და ამ პერიოდში საქართველოში სულ 3906 დანაშაული დაფიქსირდა, თუმცა აღნიშნული მონაცემი 19.6%–ით მეტია 2012 წლის იანვართან შედარებით, რა დროსაც საქართველოში 3266 დანაშაული დარეგისტრირდა.

 

დანაშაულის საერთო რაოდენობა 2013 წლის თებერვალში ოდნავ შემცირდა და შეადგინა 3 819, თუმცა აღნიშნული მონაცემი 15.7%–ით მეტია 2012 წლის თებერვალში რეგისტრირებულ დანაშაულზე.

 

მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის იანვარ–თებერვალში დანაშაულის საერთო რაოდენობის კლება ფიქსირდება, მნიშვნელოვნადაა მომატებული ქურდობის ფაქტი ბინაში შეღწევით. კერძოდ, 2013 წლის იანვარში დაფიქსირებულია ბინის გაქურდვის 142 შემთხვევა, რაც 140%–ით მეტია წინა წლის იანვართან შედარებით.

 

იანვრის მსგავსად, 2013 წლის თებერვალშიც 87–ით მეტი ბინა გაქურდეს, ვიდრე 2012 წლის იმავე თვეში. ზრდის მაჩვენებელი 142.62%–ია.

 

თებერვალში ასევე 82%–ით გაზრდილია ყაჩაღობის მაჩვენებლი და შეადგენს 53–ს. რაც შეეხება ნარკოდანაშაულს, დაფიქსირებულია 489 შემთხვევა, რაც 123 შემთხვევით მეტია (33.61%) წინა წლის იგივე პერიოდში რეგისტრირებულ დანაშაულზე.  2013 წლის იანვარში კი ნარკოდანაშაული 2012 წლის პერიოდთან შედარებით 56.3%–ითაა გაზრდილი (ჩადენილია 201 ახალი შემთხვევა).

 

2012 წლის ნოემბერში წინა წლის ნოემბერთან შედარებით 180%–ით არის გაზრდილი განზრახ მკვლელობის მაჩვენებელი და დაფიქსირებულია 14 ფაქტი,  როცა 2011 წლის ნოემბერში დარეგისტრირებული იყო 5 ფაქტი. 2012 წლის ნოემბერში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელია 64.3%, ხოლო წინა წელს –80%.

 

2012 წლის დეკემბერში დარეგისტრირებულია განზრახ მკვლელობის 7 ფაქტი, საიდანაც 6 გახსნილია. წინა წლის იგივე თვეში 4 ფაქტი იყო დარეგისტრირებული, საიდანაც სამართალდამცავებმა ყველა გახსნეს.

 

მიმდინარე წლის იანავრში 2012 წლის იანვართან შედარებით განზრახ მკვლელობის მაჩვენებელმა იკლო და დაფიქსირდა 4–ით ნაკლები, 10 ფაქტი. წინა წელს გახსნის მაჩვენებელი იყო 57%, ხოლო 2013–ში – 66.7%.

 

2013 წლის თებერვალში სამართალდამცავებმა იანვრის მსგავსად, დაარეგისტრირეს განზრახ მკვლელობის 10 ფაქტი, 2012 წლის თებერვალში კი მხოლო 3 განზრახ მკვლელობა იყო დაფიქსირებული. მიმდინარე წელს გახსნის მაჩვენებელია 62.5%, გასულ წელს კი – 66.67.

 

როდესაც აღნიშნული მონაცემების ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილს მედიასთან შეხვედრის დროს გავაცანით და ვკითხეთ, რატომ გაიზარდა დროის აღნიშნულ მონაკვეთში დანაშაული წინა წელთან შედარებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გვიპასუხა:

 

“2012  წელთან შედარებით გვაქვს გარკვეული მატება, თუმცა, გვაქვს კლების ტენდენცია. მე არ ვიცი, მანდ რა მონაცემები გაქვთ, იქნებ დაელოდოთ საბოლოო მონაცემებს. თვის ბოლოს ჩვენ წარმოვადგენთ საბოლოო მონაცემებს. ეს იქნება ზუსტი მონაცემები და ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ”.

 

 მინისტრს ავუხსენით, რომ აღნიშნული მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალურად გვქონდა მიღებული დღეს, 19 მარტს.

 

“თქვენ რაც გიკავიათ ეს მონაცემები, მე უნდა ვნახო, უნდა გავეცნო, მე არ ვიცი, რა მონაცემებს კითხულობთ მანდ. მე გითხარით, რომ თვის ბოლოს ჩვენ გვექნება სტატისტიკური მონაცემების გასაჯაროვება და ამის შემდეგ მე გავცემ თქვენ მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ოფიციალური მონაცემებით, ამნისტირებულ პატიმართა გამოშვება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2013 წლის იანვრის ბოლოდან დაიწყო. შს მინისტრმა ირაკლი ღარიბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ამნისტიის შედეგად სულ 8 ათასამდე პატიმარი გათავისუფლდა, 2 ათასი პატიმარი კი პრეზიდენტმა შეიწყალა. მინისტრის ცნობით, დანაშაულის ხელახლა ჩადენის გამო საპატიმროებში 150 ყოფილი მსჯავრდებული დაბრუნდა, რომელთაგან 80 ამნისტირებული იყო, 70 კი – პრეზიდენტის მიერ შეწყალებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი