სამართალი

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

13 მარტი, 2013 •
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

მაია ხასია არ გამორიცხავს, რომ სხვა სამსახურში გადავიდეს.

 

“აქ მე არანაირი პრობლემა არ შემქმნია, შეკითხვა მინისტრს უნდა დაუსვათ,”- ამბობს ის “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

ხასიას თქმით, ერთადერთი მიზეზი მისი ამ პოსტის დატოვების შესაძლებელია “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნებულ სტატიას უკავშირდებოდეს, რომელშიც, მისივე განმარტებით, წერია, რომ მაია ხასია ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელი იყო.

 

“ასეთი რამ საიდან მოიტანეს, არ ვიცი, არც კი ვიცნობდი მას და მაშინ წამოვედი მე სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან, როდესაც ახალაია მოვიდა. ვაპირებ “ასავალ-დასავალს” სასამართლოში ვუჩივლო,”- ამბობს ის.

 

“ნეტგაზეთის” წყაროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მაია ხასიას სასჯელაღსრულების გენერალური ინსპექციის უფროსი მირზა სუბელიანი დაუპირისპირდა, რომელიც ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე რუსთავის რაიონული პროკურორისა და მარნეულის პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. “ნეტგაზეთის” წყაროს ცნობით, სუბელიანი სოზარ სუბარის ნათესავია და ამ ნიშნით დაინიშნა გენ. ინსპექციის უფროსად.

 

მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მირზა სუბელიანი მისი ნათესავი არ არის და თანამდებობაზე მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე დანიშნა:

“პროფესიონალიზმის ნიშანია ერთადერთი და ნდობა იმიტომ, რომ გენინსპექცია ისეთი სამსახურია, რომელსაც უნდა ენდობოდე. თუ ლაპარაკია ნათესაობაზე, არანაირად, არც ახლო, არც შორი, არანაირი ნათესავი არ არის. სვანეთში ხდება ხოლმე გვარების გაერთიანება, სუბარები და სუბელიანები იყვნენ ორი სხვადასხვა გვარი, რომლებიც 1933 წელს გაერთიანდნენ. მე დავიბრუნე ჩემი გვარი, ჩემი ნათესავებიც იბრუნებენ, ზოგი ჩქარა, ზოგი ნელა, არაფერ შუაში არ არის ამ შემთხვევაში ნათესაობა. კობა სუბელიანი და მირზა სუბელიანი ნათესავები არიან. ჩვენ გვარის ყრილობას ტრადიციით ერთად ვატარებთ, თუმცა სინამდვილეში არის ორი სხვადასხვა გვარი. ნუ, ადამი და ევადან ყველა ერთად მოვდივართ”,- განუცხადა სუბარმა “ნეტგაზეთს”.

 

მაია ხასია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი