ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რესოციალიზაციის მცირე პროგრამებს ძირითადად არასამთავრობო სექტორი ახორციელებს, თუმცა, მათი თქმით, სახელმწიფოს ჩართვის გარეშე აღნიშნული პროგრამები ნაკლებად ეფექტურია.
2009 წლის სექტემბერში ქალთა #5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 24 წლის მ. მოხვდა, თბილისში, ერთ–ერთი ეზოდან 4 ქათმის გამოყვანის მცდელობისთვის. ადრე ნასამართლეობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას მ. რესოციალიზაციის პროგრამაში ჩაერთო. 2012 წლის ნოემბერში მსჯავრდებული პირობით ვადამდე გაათავისუფლეს. მიუხედავად რესოციალიზაციის პროგრამაში მონაწილეობისა, გათავისუფლების შემდეგ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დადგა.
მ. ქუჩაში დარჩა. იმის გამო, რომ საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია, მისთვის სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭება ვერ მოხერხდა. მსჯავრდებულმა, რომელიც რესოციალიზაციის პროცესში ციხიდან გათავისუფლებას ოპტიმისტურად უყურებდა, ითხოვა, რომ მისთვის ბინა იმ ადამიანებს დაექირავებინათ, ვინც ციხეში ეხმარებოდა, თუმცა ბინის დაქირავება ვერ მოხერხდა, მ.–მ ალკოჰოლის მოხმარება დაიწყო და დღეს მისი ამ მხრივ კონტროლირება შეუძლებელია.
როგორც იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, ვინც ქალ პატიმართა რესოციალიზაციაზე მუშაობს, ეს ერთ–ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსული ქალი პატიმრები აწყდებიან:
“ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 1200–მდე პატიმარი იხდიდა სასჯელს, ამნისტიის შედეგად 600–მდე პატიმარი გათავისუფლდა, მათ უმეტესობას იგივე პრობლემა გააჩნია. მათი დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია, არ აქვთ საცხოვრებელი, ხშირ შემთხვევაში არ გააჩნიათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობაც კი. ეს უბიძგებს ძალიან ბევრ მათგანს განმეორებითი დანაშაულის ჩადნისკენ. მათ აქვთ არჩევანი, გარეთ იბრძოლონ გადარჩენისთვის, თუ ისევ ციხეში მოხვდნენ და ბევრს უთქვამს, რომ ურჩევნიათ ისევ ციხეში იყვნენ, სადაც თავშესაფარი, ელემენტარული სითბო და საჭმელი მაინც აქვთ”, – აცხადებს ორგანიზაცია “ციხის საერთაშორისო რეფორმის” რეგიონული დირექტორი ცირა ჭანტურია.
ორგანიზაციები -“ციხის საერთაშორისო რეფორმა”, “საქართველოს პროფესიონალ ფსიქოლოგთა ასოციაცია”, “ქალი და ბიზნესი” და ქალთა კლუბი “პეონი”, ევროკავშირის მხარდაჭერით ქალთა რესოციალიზაციის პროგრამას უკვე ერთი წელია ახორციელებენ. ორგანიზაციებმა დღეს, 7 მარტს, შუალედური ანგარიში წარმოადგინეს.
ანგარიშის ფარგლებში ორგანიზაციებმა გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომელთაგან ერთ–ერთი სწორედ ციხიდან გამოსული სოციალურად დაუცველი პატიმრების უფლებების რეალიზებაა.
“უნდა არსებობდეს მ.–ს მსგავსი უსახლკარო ადამიანებისთვის დროებითი თავშესაფარი მაინც, სადაც მოხდება ყოფილ მსჯავრდებულთათვის სხვადასხვა სახის დახმარების გაწევა. დაწესებულებაში ეს ადამიანები გარკვეულ პროფესიას ეუფლებიან, თუმცა გათავისუფლების შემდეგ მხარდაჭერის გარეშე სრულფასოვან ფუნქციონირებას ვერ შეძლებენ. სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები ყველა მოქალაქის წინაშე, ამიტომაც ეს საკითხი ერთ–ერთ პრიორიტეტულ საკითხად უნდა დააყენოს”, – ნათქვამია ანგარიშში.

საზოგადოებაში დაბრუნების პრობლემაზე საუბრობენ ყოფილი პატიმრები, რომლებმაც თბილისში, “ევროპის სახლში”, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შექმნილი ნაკეთობების გამოფენა–გაყიდვა მოაწყეს:
“ციხეში ვისწავლე თექაზე მუშაობა, მაგრამ ჯერჯერობით მაინც უმუშევარი ვარ. ჩემსავით უამრავი ქალი იყო, რომელმაც სხვადასხვა ხელსაქმე ისწავლა. მე თექის დასამუშავებლად რაიმე დანადგარი არ მჭირდება, მხოლოდ მატყლი და წყალი, მაგრამ ვინც ადრე სამკერვალოში ან სხვა საქმეზე მუშაობდა, ახლა ვერაფერს აკეთებენ. ციხეში დანადგარები ჰქონდათ სამუშაოდ, გარეთ არ აქვთ. კარგი იქნებოდა, თუკი ჩვენს დასაქმებაზე იზრუნებენ. გარეთ მაინც ყველა დამნაშავედ აღგვიქვამს, შეიძლება ცუდად არ მოგექცნენ, მაგრამ სამსახურში აყვანისას მაინც შიში აქვთ და ურჩევნიათ უარი გითხრან”, – ამბობს გამოფენის მონაწილე ერთ–ერთი ქალბატონი.
ცირა ჭანტურიას განცხადებით, ამ საკითხებზე თანამშრომლობა და კონტაქტი სამინისტროსთან მუდმივად არსებობს, თუმცა აუცილებელია სახელმწიფომ კონკრეტული თანხები გაიღოს:
“ეს კატასტროფულ თანხებთან ნამდვილად არ არის დაკავშირებული, მით უმეტეს, როცა პატიმარ ქალთა რაოდენობა ამნისტიის შემდეგ განახევრდა. ის თანხა, რომელსაც სახელმწიფო ამდენი პატიმრის შენახვაზე ხარჯავდა, ახლა, კარგი იქნება, მათ რესოციალიზაციაზე დახარჯოს”, – აცხადებს ცირა ჭანტურია.
საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე თვლის, რომ სახსრების მოძიებამდე აუცილებელია შემუშავდეს რესოციალიზაციის ერთიანი სახელმწიფო პროგრამა:
“რესოციალიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და კომპლექსური პროცესი, მხოლოდ ცალკეული პროექტების განხორციელება არ არის საკმარისი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო შეიმუშავებს ერთიან პროგრამას. ჩვენ გვახსოვს ბოლო ფაქტი, როდესაც ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული გოგონა გარდაიცვალა, ის გაიყინა, რადგან ქუჩაში უწევდა ყოფნა. ამ ადამიანებზე ზრუნვა და მათი ღირსეული დაბრუნება საზოგადოებაში, ერთი მხრივ, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ამიტომ აუცილებელია სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა და მოგვევლინოს როგორც ამ პროცესის მომწესრიგებელი”, – აცხადებს პაატა ბელთაძე.
როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მიქანაძე აცხადებს, ქალ პატიმართა რესოციალიზაციაზე მუშაობა ჯერჯერობით სასჯელაღსრულების დაწესებულების შიგნით მიმდინარეობს, რადგან ამ კუთხით მუშაობა უფრო პრიორიტეტულია:
“იზრდება ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნების რაოდენობა, ასევე მოხდება ოჯახური პაემნების ორგანიზება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვა, რაზეც ამჟამად ყველაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რადგან ამის გარეშე რესოციალიზაციაზე საუბარი ზედმეტია. უახლოეს მომავალში დაწესებულებაში სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსები დაიწყება, მათ შორის, საბუღალტრო და კომპიუტერის კურსები და ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში სხვა პრობლემებიც მოგვარდება”, – განაცხადა ავთანდილ მიქანაძემ.
7 მარტს ევროპის სახლში ანგარიშის პრეზენტაციაზე სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარიც მივიდა, რომლის განცხადებით, პატიმართა რესოციალიზაციის სრულფასოვნად განხორციელებისთვის სასჯელაღსრულების სამინისტრო სხვადასხვა რესურსის ნაკლებობას განიცდის.
“ჩვენი მიმართულება არის, რომ სასჯელაღსრულების მიზანი იყოს არა მარტო ადამიანის დასჯა და საზოგადოებისგან მოწყვეტა, არამედ ზრუნვა მის რესოციალიზაციაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე ეხებათ არასრულწლოვანებს, სოციალურად დაუცველებს. თუმცა სახელმწიფოს სახსრები, ის გამოცდილება, ის ადამიანური რესურსი არ აქვს, რომელიც სამოქალაქო სექტორს გააჩნია, ამიტომ საჭიროა და ჩვენ მაქსიმალურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის”, – აცხადებს სოზარ სუბარი.








