სამართალი

ვინ არის პროკურატურის მოწმე ყოფილი პროკურორების წინააღმდეგ [Video]

7 მარტი, 2013 • 3057
ვინ არის პროკურატურის მოწმე ყოფილი პროკურორების წინააღმდეგ [Video]

მოწმე გიორგი ყავლაშვილი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში მიუთითებს, რომ 2011 წლის ივნისის თვეში მას დაუკავშირდა ნაცნობი ბიზნესმენი ილია კოკაია და უთხრა, რომ მის შვილს – ნინო კოკაიას თბილისში შეემთხვა ავტოავარია, რის გამოც დაკავებული იყო და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა. ილია კოკაია მისი შვილისთვის არასაპატიმრო სანქციას ითხოვდა.

“ვინაიდან გამაჩნდა გარკვეული საქმიანი კონტაქტები პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებთან, მთხოვა, რომ მოკლე დროში გამერკვია, თუ რას ითხოვდა პროკურატურა მისგან, რათა დროულად გადაწყვეტილიყო მისი ქალიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი. მოცემული საუბრიდან მეორე დღესვე მთავარ პროკურატურაში შევხვდი მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას. მას ვუთხარი, რომ წარმოვადგენდი ილია კოკაიას ქალიშვილის ინტერესებს და გადავეცი ილიას თხოვნა, რომ საკითხი გადაეწყვიტათ დროულად და შეეტყობინებინათ მისთვის, თუ რა ოდენობის ჯარიმაზე იქნებოდა საუბარი. მურთაზ ზოდელავამ მიპასუხა, რომ საკითხს აუცილებლად გადაუწყვეტდნენ, თუმცა საუბარი იქნებოდა ექვსნულიან ციფრზე, რომლის ზუსტ ოდენობასაც შეგვატყობინებდა იუსტიციის მინისტრთან, ზურაბ ადეიშვილთან შეთანხმების შემდეგ”, – აღნიშნავს გიორგი ყავლაშვილი ჩვენებაში.

გიორგი ყავლაშვილი
გიორგი ყავლაშვილი

მისივე თქმით, ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში მას ტელეფონით შეატყობინა ილია კოკაიამ, რომ პროკურატურა 5 მილიონ დოლარს ითხოვდა მისგან აღნიშნულ საქმეზე. ამის თაობაზე, ჩვენების მიხედვით, კოკაიას მისი შვილის ადვოკატმა მაია სირაძემ აცნობა, რომელსაც თბილისის პროკურატურიდან შეატყობინეს ეს ამბავი.

ყავლაშვილი აცხადებს, რომ ტელეფონით დაუკავშირდა მურთაზ ზოდელავას, იმის გასარკვევად, თუ რა ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა კოკაიას თანხა, ვინაიდან პროკურატურა ითხოვდა, რომ ეს თანხა გადაეხადათ არა გირაოს სახით.

“მურთაზმა მითხრა, რომ აღნიშნული თანხიდან 3 მილიონ აშშ დოლარად ილია კოკაიას ახალციხის მუნიციპალიტეტში უნდა შეეძინა გარკვეული ობიექტი, ხოლო დანარჩენი 2 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაერიცხა კახეთის მუნიციპალური განვითარების ფონდში, რის შესახებაც მე დამიკავშირდებოდნენ როგორც ახალციხის, ასევე კახეთის გუბერნიებიდან”, – აღნიშნავს ყავლაშვილი ჩვენებაში.

ამის შემდეგ, როგორც ყავლაშვილი აცხადებს, მას ტელეფონით დაუკავშირდნენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე მინდია დევნოსაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე, რომლებმაც ტელეფონით დააკავშირეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელ თენგიზ ზედგენიძესთან:

“თენგიზმა მითხრა, რომ შესაძენი ობიექტი მდებარეობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში და წარმოადგენდა ფერმას. ამასთანავე მითხრა, რომ მოგვევლინა წარმომადგენელი, რომელსაც გაარკვევდა დეტალებში და მიაღებინებდა მონაწილეობას აუქციონში”, – აცხადებს გიორგი ყავლაშვილი.

მისივე თქმით, ილია კოკაიამ მას უთხრა, რომ ქვითრები აეღო საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ოფისში და შეეძინა შესაბამისი ქონება.

“მოცემული ქონების შესაძენად მე გამოვყავი ჩემი თანამშრომელი მირდატ ქამადაძე, რომელიც ჩემთან შეთანხმებით, დამოუკიდებლად აგვარებდა ყველა ტექნიკურ საკითხს და საბოლოოდ 4 949 500 ლარად აუქციონის წესით შეიძინა კიდევაც სოფელ აწყურში მდებარე ფერმა შპს „ჯორჯიან ინვენსტმენტის“ სახელით”, – აღნიშნავს გიორგი ყავლაშვილი ჩვენებაში.

მისივე თქმით, ამის შემდეგ მას ტელეფონით დაუკავშირდა კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, რომელიც ამჟამად არის საპარლამენტო უმცირესობის წევრი და უთხრა, რომ მისი წარმომადგენლები ელექტრონული ფოსტაზე მიაწვდიდნენ კახეთის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის შესაბამის ანგარიშის ნომრებს, რომელზედაც ილია კოკაიას უნდა შეეტანა 2 მილიონი აშშ დოლარი.

“რამოდენიმე დღეში მე მართლაც მივიღე აღნიშნული რეკვიზიტები, რომელიც შემდგომ მივაწოდე ილია კოკაიას. ილია კოკაიამ კი, თავის მხრივ, რომელიღაც ფირმის სახელით შეიტანა დასახელებული თანხა. 5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ქვითრები მე მომაწოდა ილია კოკაიამ, რომლებიც, როგორც მახსოვს, შემდგომ ან მე, ან მაია სირაძემ მივაწოდეთ საქმის ზედამხედველ პროკურორს. მოცემული გადარიცხვებიდან რამოდენიმე დღეში პროკურატურის მხრიდან გამოჩენილი იქნა მართლაც კეთილი ნება და ბრალდებულ ნინო კოკაიასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რის შედეგადაც მას ძირითად სასჯელად დაუდგინდა პირობითი მსჯავრი და  დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით”, – აცხადებს გიორგი ყავლაშვილი.

ილია კოკაია ამჟამად არის საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის 100%-იანი წილის მფლობელი და პრეზიდენტი. გასულ წლებში კოკაია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ერთ-ერთი მფლობელი იყო, რომელიც 2005 წლის ბოლოს ქარხანაში ჩატარებული ფინანსური შემოწმების შედეგად ქვეყნიდან გაიქცა, თუმცა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც “ფეროს” წილი გაასხვისა, საქართველოში უკან დაბრუნდა.

კოკაიამ 2013 წლის იანვარში საჩივარი შეიტანა მთავარ პროკურატურაში, რომელშიც თავისი მხრიდან 5 მილიონი აშშ დოლარის გადახდას, ზემოთ აღნიშნული სქემის შესაბამისად, მიიჩნევს გამოძალვად.

გიორგი ყავლაშვილი თავის ჩვენებაში კიდევ ერთ შემთხვევაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, კოკაიას მსგავსად, 1 მილიონი აშშ დოლარი გამოსძალა პროკურატურამ ისრაელის მოქალაქე ეფრაიმ გურს. ყავლაშვილი ჩვენებაში ყვება, რომ 2010 წელს ეფრაიმ გურის შვილი რონენ გური თავის მამიდაშვილთან – შიმონ შაშუაშვილთან ერთად შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ ბრალდებულის სახით მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს ს.ს.კ-ის 18-108-ემუხლით (მკვლელობის მომზადება).

სწორედ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაიბარა დღეს დაკითხვაზე პროკურატურამ დეპუტატი დავით საყვარელიძე, რომელიც ამას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს: 

“მოცემულ ბრალდების საქმეზე მე ვიცავდი რონენ გურს, რომელიც იმ დროისათვის იყო მიმალვაში. მე საქმიანი ურთიერთობა მქონდა მის მამასთან ეფრაიმ გურთან, რომელიც თვლიდა, რომ მისი შვილი იყო უდანაშაულო და სურდა მის მიმართ საქმის შეწყვეტის მიღწევა. ამ მიზნით მეც და ეფრაიმიც რეგულარულად, სიტყვიერი თუ წერილობითი ფორმით, ვშუამდგომლობდით პროკურატურაში საქმის შეწყვეტაზე. ერთხელ შეხვედრაც კი მოვუხერხე ეფრაიმ გურს მთავარი პროკურორის პირველ მოადგილესთან, დავით საყვარელიძესთან, რომელთანაც  ეფრაიმ გურმა დააფიქსირა თავისი სურვილი, რომ მზად იყო საქმის შეწყვეტის სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართა გარკვეული თანხა”, – აღნიშნავს გიორგი ყავლაშვილი.

გამოძიება მაშინ ამტკიცებდა, რომ ქნესეთის ყოფილი წევრის, შემდეგში კი მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენის ეფრაიმ გურის შვილმა რონენ გურმა შეუკვეთა შიმონ შაშუაშვილს ეფრაიმ გურის ყოფილი ცოლის და მისი ორი შვილის მკვლელობა თბილისში, რაც საბოლოოდ ვერ განხორციელდა, თუმცა სამართალდამცავებმა 2009 წელს დააკავეს შაშუაშვილი, ხოლო რონენ გურზე გამოაცხადეს ძებნა.

“2010 წელს მთავარი პროკურატურის შენობაში შეხვედრა მქონდა სოდ-ის საპროცესო ზედამხედველ პროკურორთან, რომელმაც მაცნობა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში 1 მილიონი აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ შესაძლებელი იყო რონენ გურის მიმართ საქმის შეწყვეტა, რაც ვაცნობე ეფრაიმს. ეფრაიმს თანხა ეძვირა, თუმცა მე ვაცნობე პროკურატურის პოზიცია, რომ ეს იყო საბოლოო წინადადება, რის გამოც იგი დათანხმდა ამ წინადადებას. ამის შემდეგ სოდ-ის საპროცესო ზედამხედველი პროკურორისაგან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ამ თანხით ეფრაიმ გურს უნდა შეეძინა ობიექტები ახალციხისა და მცხეთის რაიონებში”, – წერს ჩვენებაში გიორგი ყავლაშვილი.

ყავლაშვილის თქმით, ეფრაიმ გურმა დააკავშირა მისსავე ნდობით აღჭურვილ პირთან გიორგი ჩხეიძესთან, რომელმაც შეიძინა ობიექტები:

“აღნიშნულის შემდეგ, კერძოდ კი, 2011 წელში მართლაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება რონენ გურის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე, ხოლო შიმონ შაშუაშვილს კი მიუსაჯეს მაღალი რეალური სასჯელი”, – აცხადებს გიორგი ყავლაშვილი.

გიორგი ყავლაშვილი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში მიუთითებს, რომ 2000 წლიდან ეწევა საადვოკატო პრაქტიკას და ამჟამად არის შპს „იურიდიული ოფისის“ დირექტორი. თუმცა გასულ წელს სწორედ გიორგი ყავლაშვილი ხელმძღვანელობდა კომპანია “გამას”, რომელმაც 2012 წლის 2 აგვისტოს აღსრულების ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 8 761 513.55 ლარად შეიძინა ოპოზიციის მაშინდელი ლიდერის, ამჟამად კი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილი კომპანია “ბურჯის” ქონება.

მანამდე გიორგი ყავლაშვილი ტელეკომპანია “პირველი სტერეოს” გარშემო გაჩაღებულ დავაში მონაწილეობდა. კერძოდ, 2012 წლის მაისში ტელეკომპანია “პირველი სტერეოს” 65%-იანი წილის მფლობელი ვასილ კობაიძე გახდა, რომელმაც დირექტორობიდან გაათავისუფლა დავით ზილფიმიანი, ასევე, ამ უკანასკნელს დაუყადაღეს საკუთარი წილები როგორც “პირველ სტერეოში”, ისე “სტერეო პლიუსში”. ზილფიმიანი ღიად აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ უკანონობა ხორციელდებოდა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ ტელევიზიასთან, “მე-9 არხთან” შესაძლო თანამშრომლობის გამო პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილისა და იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის მეშვეობით. აღნიშნულ პროცესებში კობაიძის წარმომადგენელი სწორედ გიორგი ყავლაშვილი გახლდათ.

ყავლაშვილი და მისი საადვოკატო ბიურო მონაწილეობდა 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეში. კერძოდ: 2011 წლის ზაფხულში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა ფოტორეპორტიორებმა, მას შემდეგ, რაც მათ დაკავებას საზოგადოების მხრიდან ორგანიზებული პერმანენტული მხარდასაჭერი აქციები მოჰყვა, მოულოდნელად უარი განაცხადეს მათი დამცველი ადვოკატების მომსახურებაზე. ამის შემდეგ ირაკლი გედენიძისა და ნათია გედენიძის ადვოკატობა ყავლაშვილის საადვოკატო ბიუროს ადვოკატმა ცოტნე ცანავამ იკისრა, ხოლო ზურაბ ქურციკიძის დაცვა კი თავად ყავლაშვილმა აიღო საკუთარ თავზე. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორები სასამართლომ საპროცესო გარიგების შედეგად გაათავისუფლა.

ზოგადად, ყავლაშვილის საადვოკატო საქმიანობაში, რომელსაც არაერთი რეზონანსული საქმე უკავშირდება, ხშირია შემთხვევები, როდესაც სამართლებრივი დავა პროკურატურასთან საპროცესო გარიგებით სრულდება ხოლმე.

2012 წლის 1 აგვისტოს მან 50 ათასი ლარი შეწირა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი