სამართალი

სოსო რობაქიძე: დონაძე, ოქრუაშვილი და ღვინიაშვილი თავისუფლებაზე არ უნდა იყვნენ

21 თებერვალი, 2013 • 1756
სოსო რობაქიძე: დონაძე, ოქრუაშვილი და ღვინიაშვილი თავისუფლებაზე არ უნდა იყვნენ

 რობაქიძის თქმით, მას მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის იმედი აქვს, რომ პროკურატურა საქმეს ბოლომდე გამოიძიებს.

  

“კბილაშვილი უპატიოსნესი კაცია და პროფესიონალია. პროკურატურაში შემხვდა, მითხრა, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. მან ალბათ იცის ისეთი რამ, რაც მე არ ვიცი ამ საქმეში. თუმცა მეც მივიღე ინფორმაცია, რომელსაც ჯერ ვერ გავცემ. საქმე შეეხება იმ პიროვნებებს, ვინც იქ იარაღი და ტყვიები მიიტანა.”


მისი თქმით, ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ესროლა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გრიგოლ ბაშალეიშვილმა მის შვილს იარაღი.


“შენელებულ კადრებში თქვენც კარგად ნახავთ, ბაშალეიშვილი როგორ კლავს ბუტას და მერე როგორ ახტება მეორე ბავშვს. უდანაშუალო ბავშვები, რომლებიც პოლიციას არ ეხებიან, ბანდიტებად მონათლეს. ბუტამ უთხრა, რატომ მაგინებო, და ესროლა. ამას არ დაუკვირდა არავინ. მოკლეს ბავშვი და მერე დაიწყეს ფიქრი, როგორ ჩაედოთ იარაღი, ამიტომ დაარქვეს სპეცოპერაცია,”- აცხადებს დღევანდელ პრესკონფერენციაზე რობაქიძე. 

 

რობაქიძის თქმით, ბუტა რობაქიძე მასთან ერთად მანქანაში მსხდომ პირებს, ერთის გარდა, არ იცნობდა. 

 

“იქ იცნობდა ირაკლის, ერთ-ერთ კურსელს და გიორგობის დღეს მივიდა გიორგი ქურდაძესთან. ორჯერ ჰქონდა იქ ნათქვამი, რომ ტაქსით წამოვიდოდა სახლში და არ გაუშვეს. იმ მანქანაში შემთხვევით მოხვდა. მოყავდათ ბუტა სახლში დინამოს სტადიონის გავლით. სხვას არავის იცნობდა იქ. ამიტომ თავისთავად ვერ შედგებოდა ბანდიტური დაჯგუფება.”

 

გარდა ამისა, რობაქიძე ამბობს, რომ იქ მყოფი ახალგაზრდების უდანაშაულობის შესახებ იმ ადამიანმაც იცის, ვინც ისინი გაათავისუფლა. 

 

“ეს არის ნინო შარაძე, მოსამართლე, რომელმაც ბიჭები დაკავების ღამესვე გაათავისუფლა, ვინადაინ მათ იარაღი არ ჰქონიათ. შემდეგ როგორ დაემუქრნენ შარაძეს, ეს სხვა საკითხია,”-ამბობს ბუტა რობაქიძის მამა.

 

რაც შეეხება მოწმეებს, ვინც ამ ეტაპზე ჩვენება შეცვალა, ამბობს, რომ მათ გარკვეული კოლაცია შექმნეს საქმეში სიმართლის დასამალად. 

 

“დაამონტაჟეს კადრები, უნდათ თავი გამოიძვრინონ დონაძემ და ფირცხალავამ.” 

 

სოსო რობაქიძე მიიჩნევს, რომ პროკურატურამ ამ საქმეში იჩქარა. 

 

“მგონი, პროკურატურამ იჩქარა, მესმის, რომ სამართლიანობის დადგენა საზოგადოების დაკვეთა იყო, მაგრამ არის საქმეები, რომლის გამოძიებასაც ბევრად მეტი დრო სჭირდება.”

 

გარდა ამისა, რობაქიძე იმ ექიმზე საუბრობს, რომელიც მომხადარიდან 7 წუთში ადგილზე მივიდა.


“ის ადგილზე 7 წუთში მივიდა და თქვა, რომ იქ იარაღი არ უნახავს.”

 

რობაქიძის თქმით, შვილის სიკვდილიდან 9 წლის მანძილზე ხელმოსაჭიდს ეძებდა, რომლის მიხედვით შვილის მცირე დანაშაულს მაინც გამოკვეთდა.

 

“ადამიანის ინსტიქტია ეს, რომ ნაკლებად მოსანალებელი გაგიხდეს ტკივილი. ვეძებდი პატარა მიზეზესაც კი, ხომ არ იყო ის ამის ღირსი. სიზმარში მგონია ზოგჯერ თავი, როგორ დადის თავისუფლებაზე გიორგი ღვინიაშვილი, გურამ დონაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, რა ხდება ამ ქვეყანაზე. ოქრუაშვილის სახით სამართალდამცავებს კიდევ ერთი ფაშისტი გაექცათ ხელიდან.”

მასალების გადაბეჭდვის წესი