კახა მუმლაძე ერთ–ერთია იმ პატიმრებს შორის, რომლებიც ციხეში ბოლო წლების განმავლობაში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ. მუმლაძეს 2006 წელს რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და მან ციხე დაახლოებით 1 თვის წინ დატოვა. ჯერ კიდევ 2011 წლის მიწურულს მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ კახა ბარათაშვილი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში ციხის თანამშრომლებმა მხოლოდ იმიტომ სცემეს, რომ თირკმლის ტკივილის გამო ექიმი მოითხოვა. ცემის შემდეგ კი მისი მდგომაროება უფრო დამძიმდა. ამ ფაქტის გამოძიების მოთხოვნით მაშინ ომბუდსმენმა მთავარ პროკურატურასაც მიმართა.
პატიმრობიდან გათავისუფლებულმა კახა მუმლაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მას სჭირდება თირკმლის სასწრაფო გამოკვლევა და მკურნალობა, რისი საშუალებაც მის ოჯახს არ აქვს. ამბობს, რომ მისთვის სახელმწიფოს დახმარება ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით, მას არც ერთი სახელმწიფო უწყებისთვის არ მიუმართავს დახმარების სათხოვნელად და სტრასბურგშიც არ გაუგზავნია თავისი საჩივარი, რომლითაც კომპენსაციას მოითხოვს. ყოფილი პატიმარი ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მთავრობის მხრიდან დადებითი მესიჯები დაინახა და დაელოდება, როგორ განვითარდება მოვლენები.
„იმ პატიმრების დახმარებისა და რეაბილიტაციის საშუალება, რომლებიც წამებისა და არააადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ და პატიმრობიდან არიან გათავისუფლებული, ჩვენ არ გვაქვს,“ – განუცხადა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა “ნეტგაზეთს”. ის ამბობს, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ პატიმარს სჭირდება დახმარება და ამ პრობლემას სახელმწიფო ერთბაშად ვერ გაუმკლავდება.
„კომპენსაციაზეც ვერ იქნება საუბარი, ეს შეიძლება დაზარალებულმა მოიპოვოს სასამართლოს გზით“, – ამბობს მინისტრი და განმარტავს, რომ სამინისტრომ ერთადერთი, რაც შეძლო, ეს ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფი პირების რეაბილიტაციაზე ზრუნვაა. სუბარის თქმით, რამდენიმე ასეულ პატიმარს ჩაუტარდა და ჩაუტარდება ოპერაციები იმ ფიზიკური დაზიანებების აღმოსაფხვრელად, რომელიც მათ წამებისას და არაადამიანური მოპყრობისას მიიღეს ციხეში. გარდა ამისა, ციხეებში დაემატა ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკების შტატები.
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ მის ოფისს ამ ეტაპზე აქვს მწირი ინფორმაცია, თუ რამდენად ადეკვატურად მიმდინარეობს ციხეებში ნაწამები პატიმრების რეაბილიტაციაზე ზრუნვა. მისი განცხადებით, ომბუდსმენის ოფისს რამდენიმე კვირაში მზად ექნება კვლევა, სადაც ეს საკითხითც იქნება განხილული, წამების ფაქტებთან ერთად.
„გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი წლების განმავლობაში აძლევდა საქართველოს რეკომენდაციას, მომხდარიყო სპეციალურად წამების მსხვერპლთათვის საკონონმდებლო ნორმების შემუშავება, რომელიც გარკვეულ მექანიზმებს შექმნიდა მათი რეაბილიტაციისთვის. ეს არ განხორციელებულა ბოლო 10 წლის განმავლობაში, არადა, მეორდებოდა ევროსაბჭოსა და გაეროს რეკომენდაციებში. ეს ქმნის ძალიან ბევრ პრობლემას, რადგან რეალურად არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომ რაიმე ღონისძიებები გატარდეს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციისთვის. ყოფილი პატიმრები ფაქტობრივად ჰაერში არიან გამოკიდებული. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მათზე. მიუხედავად იმისა, რომ საქრთველოში შეიცვალა ხელისუფლება, პრობლემები იგივეა ამ კუთხით“, – განუცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა “ნეტგაზეთს”. მისი თქმით, ის ხელისუფლებას უახლოეს მომავალში მიმართავს რეკომენდაციით, რომ მოხდეს კანონმდებლობის დახვეწა ამ კუთხით.
ყოფილი პატიმრები, რომლებსაც სჭირდებათ როგორც ფსიქოლოგიური დახმარება, ისე ჯანმრთელობაზე ზრუნვა, საქართველოში მხოლო იმ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის იმედად არიან დარჩენილნი, რომლებიც მათ უფასო ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას სთავაზობენ. ეს ორგანიზაციებია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ და ასევე წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GRCT). „ემპათიას“ ოფისი მხოლოდ თბილისში აქვს, GRCT–ის კი – ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თბილიში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ყოფილი პატიმრების მხრიდან მიმართვიანობა ძალიან მაღალია.
პატიმრებთან და ციხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმაც“. ორგანიზაციის დირექტორი ცირა ჭანტურია “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ არასამთავრობოთა ძალისხმევა რესურსების სიმწირის გამო მთელი ქვეყნისთვის საკმარისი არ არის და სახელმწიფომ უნდა გადადგას უფრო ეფექტური ნაბიჯები იმ ადამიანთა რეაბილიტაციისთვის, რომლებმაც საპატიმროები დატოვეს და რომლებზეც სახელმწიფო ვერ ზრუნავს. მისი თქმით, წამება ადამიანის ფსიქიკაზე ტოვებს წარუშლელ კვალს და მას აუცილებლად სჭირდება ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.
„წამების მსხვერპლს შეუძლია კომპენსაცია მოითხოვოს სასამართლოს გზით, მაგრამ საქართველო არის წამების წინააღმდეგ გაეროს კონვენციის წევრი და იქ პირდაპირ წერია, რომ მან უნდა გაუწიოს კომპენსაცია და რეაბილიტაცია წამების მსხვერპლს. ამიტომ, სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს ნება ამ ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომ ამ ადამიანებს გაუწიოს სხვადასხვა სახის დახმარება. კონვენცია მავალდებულებელი იურიდიული ძალისაა“, – აცხადებს ცირა ჭანტურია. ის ამბობს, რომ განსაკუთრებული საკანონმდებლო ცვლილებები არაა საჭირო ამ პრობლემის მოსაგვარებლად და საკმარისი იქნება კანონქვემდებარე აქტის შემუშავება, სადაც უფრო დეტალურად იქნება გაწერილი კომპენსაციის გაცემის წესი და კრიტერიუმები.
სახელმწიფოს მიერ კეთილი ნების გამოჩენამდე, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლ ყოფილ პატიმრებს ისღა დარჩენიათ, საკუთარი სახრებით გააგრძელონ მკურნალობა, მიმართონ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ან სასამართლოს და დაელოდონ მის გადაწყვეტილებას, დაეკისრება თუ არა სახელმწიფოს მათთვის კომპენსაციის გადახდა.