სამართალი

კეზერაშვილს ბრალი წაუყენეს

30 იანვარი, 2013 • 1966
კეზერაშვილს ბრალი წაუყენეს
დავით კეზერაშვილი
დავით კეზერაშვილი

კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს:

 
 
გამოძიების ცნობით, დავით კეზერაშვილმა პირადი სარგებლის მიღების მიზნით თანხმობა განუცხადა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, ნიკოლოზ დავითაშვილს და იოსებ იმნაძეს, რათა გამოეყენებინა მისი პირადი სამსახურეობრივი მდგომარეობა და მფარველობა გაეწია აღნიშნული პირების უკანონო საქმიანობისთვის. კერძოდ, გამოძიების მასალებით, ნ.დავითაშვილმა და ი.იმნაძემ განიზრახეს დადგენილი ტექნოლოგიების უხეში დარღვევით – ყურძნის მასალასთან ეთილის ან სხვა სახის სპირტის შერევით და ტექნოლოგიური მანიპულაციებით -ეწარმოებინათ ფალსიფიცირებული საკონიაკე სპირტი. ეთილის სპირტისაგან კონიაკის სპირტის მსგავსი სითხის დამზადებით მცირდება კონიაკისებური სპირტის თვითღირებულება და მნიშვნელოვნად იზრდებოდა მისი რაოდენობა.  
 
 
განზრახვის სისრულეში მოსაყვანად აღნიშნულმა პირებმა   დაარეგისტრირეს    შპს „განთიადი“ და შპს „ნაფარეული.“     სახელმწიფო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით   მათ  შეადგინეს დანაშაულებრივი სქემა, თუ როგორ უნდა შემოსულიყო ეთილის სპირტი შიდა ბაზარზე ისე, რომ არ მოქცეულიყო იმპორტის დაბეგვრის რეჟიმში.  
 
 
აღნიშნულ პირებს  საქმიანობაში  სჭირდებოდათ სახელმწიფო სტრუქტურათა მაღალჩინოსნების მხარდაჭერა, რომლებიც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ  მფარველობას გაუწევდნენ.  ისინი დაუკავშირდნენ ფინანსური პოლიციის იმჟამინდელი უფროსის დავით კეზერაშვილის დის ქმარს, მეირი ჯანაშვილს, გაანდეს დანაშაულებრივი გეგმა და სთხოვეს შუამდგომლობა დავით კეზერაშვილთან. მ.ჯანაშვილი მოელაპარაკა დ. კეზერაშვილს, რომ მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით ხელი შეეწყო უკანონო საქმიანობისთვის. დ.კეზრაშვილმა, იმის ნაცვლად, რომ მიეღო ზომები დანაშაულებრივი სქემის აღსაკვეთად, რაც მისი უშუალო მოვალეობა იყო, რადგან იმ პერიოდში იმყოფებოდა ფინანსური პოლიციის უფროსის თანამდებობაზე, დათანხმდა უკანონო ბიზნესის მფარველობას  და  ქრთამის აღებას.
 
 
დავით კეზერაშვილი იღებდა ვალდებულებას საბაჟო, საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებზე, თავისი ავტორიტეტით და გავლენით მოეხდინა ზემოქმედება.  
 
 
თანხმობის მიღების შემდეგ ი. იმნაძემ და ნ. დავითაშვილმა უკრაინულ სპირტის საწარმოს შეუკვეთეს 480 ტონა ეთილის სპირტი და დაიწყეს  საქმიანობა.
 
 
2007 წლის 8 იანვარს 240 ტონა სპირტი დავით კეზერაშვილის დახმარებით საქართველოში შემოვიდა, რის სანაცვლოდაც კეზერაშვილმა  ქრთამის სახით აიღო  72 000 აშშ დოლარი.  ამავე წლის  5 თებერვალს  აღნიშნულმა პირებმა საქართველოში კვლავ 240 ტონა სპირტი შემოიტანეს. კეზერაშვილმა დამატებით ისევ 72 000 აშშ დოლარი აიღო. 
 
 
2007 წლის 7 თებერვლიდან  11 მაისის ჩათვლით საქართველოში სულ შემოტანილ იქნა  2 445 065 ლიტრი სპირტი.  დ.კეზერაშვილმა ქრთამის სახით 733 519 აშშ დოლარი აიღო.
 
 
2007 წლის მაისის ბოლოს უკვე თავდაცვის მინისტრმა დ.კეზერაშვილმა ქრთამის სახით გადასახდელი თანხის გაზრდა მოითხოვა. შესაბამისად, 2007 წლის 8 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში შემოტანილ 3 353 269 ლიტრ სპირტზე აიღო 2 011 961 აშშ დოლარი.
 
 
2008 წლის იანვრიდან კეზერაშვილმა კვლავ გაზარდა ქრთამად მისაღები თანხის რაოდენობა და 2 203 646 ლიტრ სპირტზე 1 542 552 აშშ დოლარი აიღო.  2008 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე შემოტანილ 410 252 ლიტრ ეთილის სპირტზე ქრთამად აიღო 237 946 აშშ დოლარი.
 
 
თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ დავით კეზერაშვილმა გააგრძელა დანაშაულებრივი საქმიანობა, სათავეში ჩაუდგა ორგანიზებულ ჯგუფს, თავისი ავტორიტეტით არამართლზომიერ გავლენას ახდენდა საბაჟო სამსახურზე და ხელმძღვანელობდა კონტრაბანდული სპირტის საქართველოში შემოტანას და 163 230 ლიტრი სპირტის შემოტანის შედეგად უკანონოდ მიიღო 94 673 აშშ დოლარი.
 
 
2009 წლიდან 2012 წლამდე სხვადასხვა პერიოდში დ. კეზერაშვილმა კონტრაბანდული საქმიანობის შედეგად მიიღო 7 570 032 აშშ დოლარი.
 
 
საერთო ჯამში, დავით კეზერაშვილს, როგორც მოხელეს, ქრთამის სახით 4 669 978 აშშ დოლარი, ხოლო როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს, კერძო პირს 7 664 705 აშშ დოლარი აქვს მიღებული. აღნიშნულ თანხებს  დ.კეზერაშვილი შუამავლის – მისი დის მეუღლის, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრის მეირი ჯანაშვილის მეშვეობით ღებულობდა.
ამ წლების მანძილზე დანაშაულებრივი მანიპულაციებით საქართველოში სულ შემოტანილ  იქნა 19 868 312 ლიტრი ეთილის სპირტი,   გადასახადების დამალვის სახით სახელმწიფომ იზარალა 49 392 341 ლარი. თავად კეზერაშვილმა კი, საერთო ჯამში, უკანონო შემოსავლის სახით მიიღო 12 334 683 აშშ დოლარი .
 
 
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 214 – ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით, 338 – ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლებნის აღკვეთას 11-დან 15 წლამდე  ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი