სამართალი

შსს მერაბიშვილის საქმეზე მოწმის ჩვენებებს აქვეყნებს

2 დეკემბერი, 2012 • • 3002
შსს მერაბიშვილის საქმეზე მოწმის ჩვენებებს აქვეყნებს

შსს-მ დაკითხა ვანო მერაბიშვილი, ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსი ზურაბ დარჩიაშვილის, ამავე სამსახურის თაამშრომელი გიორგი გიორგაძე და მესაზღვრე-კონტროლიორი ვაჟა ღოღაძე.

 

“აღნიშნული ჩვენებები და საქმის მასალები ცხადყოფენ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლის მიზნით გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, რომელიც არსებითად ეწინააღმდეგება საქმეში მოპოვებულ მტკიცებულებებსა და უტყუარად დადასტურებულ ფაქტებს, აგრეთვე, სხვა მოწმეთა ჩვენებებს”,- წერს შსს-ს ვებსაიტი.

 

ამონარიდი მესაზღვრე კონტროლიორის ვაჟა ღოღაძის ჩვენებიდან, რომელიც შსს-ს ვებსაიტზე განთავსდა:

 

“2012 წლის 30 ნოემბერს მე ვმუშაობდი მოფრენის საერთო დარბაზში, ხელმძღვანელობის დავალებით დაახლოებით 15:00 საათზე გადავედი ვიპ დარბაზში. როგორც ჩემთვის იყო ცნობილი, უნდა შესრულებულიყო ე.წ ლიტერული რეისი, რაც ნიშნავს ქვეყნის პირველი პირების გაფრენას ან მოფრენას, ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო გაფრენა. გაფრენა, როგორც ჩემთვის იყო ცნობილი, უნდა განხორციელებულიყო ერევნის მიმართულებით. ე.წ ვიპ დარბაზში გადასვლის შემდეგ მე აღმოვაჩინე, რომ ერევანში უნდა წასულიყო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დელეგაციასთან ერთად.

 

ჩემთან მოვიდა პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც მანამდე მომაწოდა პასპორტები და მან კვლავ მომაწოდა პასპორტი-საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაცემული ლევან მაისურაძის სახელზე. მე შევამოწმე აღნიშნული პასპორტი და აღმოვაჩინე, რომ მასში იყო მოთავსებული (დატანილი) საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილი ფოტოსურათი. ვინაიდან მე წლების განმავლობაში ვმუშაობ პოლიციაში, ასევე ვმუშაობდი ივანე მერაბიშვილის მინისტრობის დროსაც, მე იგი ამოვიცანი ფოტოსურათზე. მით უმეტეს, რომ ივანე მერაბიშვილი არის ცნობილი ადამიანი, იგი ხშირად მინახავს ტელევიზიითაც. მე მისი ფოტო-სურათის ამოცნობა არ გამიჭირდა და შემიძლია კატეგორიულად დავადასტურო, რომ ფოტოსურათზე გამოსახული იყო სწორედ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი.
ვინაიდან აშკარა შეუსაბამობა იყო პასპორტში არსებულ ფოტოსურათსა და დემოგრაფიულ მონაცემთა შორის, მე პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელს, რომელმაც მომაწოდა აღნიშნული პასპორტი, განვუმარტე, რომ პასპორტის მფლობელს არ მივცემდი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობას. ვინაიდან პასპორტში არსებული დემოგრაფიული მონაცემები არ შეესაბამებოდა ფოტოსურათზე გამოსახულ პიროვნების მონაცემებს. მე წარმომადგენელს ვკითხე, თუ ვისი პასპორტი წარმომიდგინა მან, რაზეც მიპასუხა, რომ მის მიერ წარმოდგენილი პასპორტი იყო ივანე მერაბიშვილის. მან დათვალიერების მიზნით გამომართვა პასპორტი, დააკვირდა ფოტოსურათს და თქვა, რომ პასპორტში მოთავსებული იყო ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათი, რაზეც მე მას ვუთხარი, დემოგრაფიული მონაცემებიც შეემოწმებინა. დემოგრაფიული მონაცემების შემოწმებისთანავე მან პასპორტი აღარ დამიბრუნა და მან პასპორტი მიუტანა პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსს ზურაბ დარჩიაშვილს. ამ დროს მე დავინახე, რომ ზურაბ დარჩიაშვილთან ერთად იდგა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი. ივანე მერაბიშვილმა ზურაბ დარჩიაშვილთან ერთად დახედა პასპორტს, ხმამაღლა თქვა, რა პრობლემა არისო, ეს პასპორტი არ გავატაროთო, იმ პასპორტს ცოტა ხანში მოიტანენო. დაახლოებით 3-5 წუთში დარჩიაშვილმა მომაწოდა საქართველოს ეროვნული პასპორტი გაცემული ივანე მერაბიშვილის სახელზე, მასში მოთავსებული ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით, რაც მე შესაბამისი წესით გავატარე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მე დავინახე, თუ როგორ გამოართვა ივანე მერაბიშვილმა ზურაბ დარჩიაშვილს ლევან მაისურაძის სახელზე გაცემული პასპორტი და ჩაიდო ქურთუკის ჯიბეში. ივანე მერაბიშვილმა სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა მის სახელზე გაცემული პასპორტით, რომელიც მე მომაწოდა ზ.დარჩიაშვილმა.”

 

ამონარიდი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსი ზურაბ დარჩიაშვილის ჩვენებიდან:

 

 

“დაახლოებით 15:30 საათზე სახელმწიფო დელეგაცია შეიკრიბა ქ.თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ვიწყებდით საპასპორტო კონტროლის გავლას, სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე რამოდენიმე მეტრის მოშორებით ივანე ბერაბიშვილმა მომაწოდა პასპორტი, რომლითაც უნდა მომხდარიყო მის მიერ საზღვრის კვეთის დაფიქსირება და საპასპორტო კონტროლის გავლა. ივანე მერაბიშვილის პასპორტი მე მივაწოდე ჩემს თანამშრომელს გიორგი გიორგაძეს, რომლის ზუსტი დემოგრაფიული მონაცემები და მისამართი მე არ ვიცი, თუმცა აღნიშნულს მოგაწვდით, ვინაიდან იგი არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელი. გ.გიორგაძემ მითითებული პასპორტი მიიტანა სასაზღვრო გამტარ პუნქტთან და მიაწოდა მესაზღვრე კონტროლიორ პატრულ-ინსპექტორს. რამოდენიმე წუთში გ.გიორგაძემ მითხრა, რომ გაურკვევლობა იყო ივანე მერაბიშვილის პასპორტთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მითითებული პასპორტი არ იყო ივანე მერაბიშვილის, რომელიც არის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ამჟამინდელი ,,ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი საქართველოში. მე მივედი მესაზღვრე კონტროლიორთან, სადაც ჩემმა თანამშრომელმა გიორგი გიორგაძემ მესაზღვრე კონტროლიორს გამოართვა და მე მომაწოდა ჩემს მიერ ზემოთ ხსენებული პასპორტი, მე გამოვართვი პასპორტი მას, შევამოწმე პასპორტის გრაფაში არსებული სახელი და გვარი, რომელიც არ ემთხვეოდა ივანე მერაბიშვილის სახელს და გვარს, კერძოდ, როგორც მე მახსოვს, ხსენებული პასპორტი გაცემული იყო ლაშა მაისურაძის სახელზე, თუმცა მე არ დამიხედავს და ამჟამად ავღნიშნავ, რომ ყურადღებით არ დამითვალიერებია ხსენებული პასპორტი, რაც არ შედიოდა ჩემს მოვალეობაში, ანუ ვისი სურათი იყო პასპორტში ჩაკრული, არ ვიცი, მე ზეპირად ვიცოდი საზღვარგარეთ გასამგზავრებელი პირების სია და ლაშა მაისურაძე არ ირიცხებოდა ამ სიაში და აქედან გამომდინარე ხსენებული პასპორტი დავუბრუნე პირადად ივანე მერაბიშვილს.

 

ივანე მერაბიშვილმა განმარტა, რომ ეს პასპორტი ნამდვილად სხვა პასპორტი იყო და მითხრა, რომ ცოტა ხანში მოიტანდნენ მის პასპორტს და მართლაც 5-7 წუთში ჩემთვის უცნობმა მამაკაცმა, რომელიც შესაძლოა იყო ივანე მერაბიშვილის თანმხლები პირი, მოიტანა ივანე მერაბიშვილის პასპორტი, რომელიც წესის და რიგის შესაბამისად გადაეცა მესაზღვრე კონტროლიორს.”

 

ამონარიდი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გიორგი გიორგაძის ჩვენებიდან:

 

 

“აეროპორტის ვიპ დარბაზში შემოვიდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი, რომელმაც პასპორტი გადასცა ზურაბ დარჩიაშვილს, ხოლო მან თავის მხრივ გადმომცა მე იმ მიზნით, რომ პრეზიდენტთან და სხვა დელეგაციის წევრებთან ერთად გაევლო ივანე მერაბიშვილს საპასპორტო კონტროლი და გამგზავრებულიყო მათთან ერთად ქ.ერევანში. მე ისე, რომ ზურაბ დარჩიაშვილის მიერ გადმოცემული ივანე მერაბიშვილის პასპორტისათვის არც კი დამიხედავს, ისე წარვუდგინე პატრულ-ინსპექტორს (მესაზღვრე-კონტროლიორს) და მივბრუნდი აეროპორტის დარბაზში, რამდენიმე წუთში პატრულ-ინსპექტორმა მითხრა, რომ ჩემს მიერ წარდგენილი პასპორტი არ ეკუთვნოდა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს და ამ პასპორტით ვერ მიცემდა ივანე მერაბიშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლებას. მე დავუძახე იქვე, დარბაზში მყოფ ზურაბ დარჩიაშვილს და ვუთხარი, რომ ივანე მერაბიშვილის პასპორტთან დაკავშირებით იყო პრობლემები. კერძოდ, პატრულ-ინსპექტორი (მესაზღვრე-კონტროლიორი) აცხადებდა, რომ ჩემს მიერ წარდგენილ პასპორტში არსებული დემოგრაფიული მონაცემები არ ემთხვეოდა ივანე მერაბიშვილის დემოგრაფიულ მონაცემებს. ზურაბ დარჩიაშვილმა პატრულ-ინსპექტორს გამოართვა აღნიშნული პასპორტი და რამოდენიმე წუთში მოიტანეს ივანე მერაბიშვილის პასპორტი, რომლის საშუალებითაც მან გაიარა საპასპორტო კონტროლი და გაემგზავრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და ოფიციალურ დელეგაციის წევრებთან ერთად ქ.ერევანში.”

 

ამონარიდი ყოფილიპრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის ჩვენებიდან:

 

“2012 წლის 30 ნოემბერს ე.წ ვიპ დარბაზში დელეგაციის დამხმარე პირს გადავეცი ჩემი ეროვნული პასპორტი, რომელსაც უნდა მიეტანა იგი მესაზღვრე კონტროლიორამდე, მის ბიომეტრიულ გვერდზე დატანილი იყო ჩემი სურათი, ჩემი სახელი და გვარი- ივანე მერაბიშვილი დაბადებული 15.04.1968 წელს და შესაბამისი პირადი ნომერი, რომელიც არ მახსოვს. დასმულ შეკითხვაზე, დამხმარე პირმა გადმომცა თუ არა ჩემს მიერ მიწოდებული ეროვნული პასპორტი და მითხრა თუ არა რაიმე, გიპასუხებთ: მე რამდენადაც მახსოვს, დამხმარე პირს ჩემი ეროვნული პასპორტი წარვუდგინე, გადავეცი ერთხელ და მას ჩემთვის არაფერი არ უთქვამს პასპორტთან დაკავშირებით და არც რაიმე ინციდენტი შემინიშნავს და ასევე გაფრენის შემდეგ, როდესაც ასევე დავბრუნდი საქართველოში, არც შემდეგ მქონია რაიმე შეხება. მე ლევან მაისურაძეს დაბადებულს 12.02.1970 წელს არ ვიცნობ, არც მისი რაიმე სახის დოკუმენტი მინახავს და არც მქონია.”

 

პირველ დეკემბერს, საღამოს ექვს საათზე ვანო მერაბიშვილი დაკითხვაზე  ორთაჭალაში, სამინისტროს ძველი შენობის გვერდით მდებარ ე.წ. მეთორმეტე ოთახში დაიბარეს.

 

შს სამინისტრო აცხადებს, რომ 30 ნოემბერს ვანო მერაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამავე დელეგაციის შემადგენლობაში ქალაქ ერევანში გამგზავრების მიზნით. საპასპორტო კონტროლის გავლის დროს საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინა ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა კანონით დადგენილი პროცედურის გავლის დროს აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე, ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით.

 

სამინისტრო აცხადებს, რომ სახელმწიფო ვიზიტის შეფერხების თავიდან აცილების მიზეზით, “ივანე მერაბიშვილს მიეცა საშუალება წარმოედგინა სხვა, ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელდა. იმავე საღამოს, 23 საათზე, უკან დაბრუნებულმა მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც მის მიმართ კანონით დადგენილი საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა.დღეს, ივანე მერაბიშვილი გამოძახებული და დაკითხული იქნება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.”-აცხადებს სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი