სამართალი

რეპორტაჟი გუნავას სასამართლო პროცესიდან

2 დეკემბერი, 2012 • • 1079
რეპორტაჟი გუნავას სასამართლო პროცესიდან

120–ე მუხლი, რომელშიც პროკურატურა გუნავას  ადანაშაულებს, გულისხმობს მისი მხრიდან საკუთარი მძღოლის, კახა იზორიას, დაჭრას. ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის  თქმით, აღნიშნულ საკითხზე არსებული ერთადერთი მოწმის ჩვენება რამდენჯერმე შეიცვალა და მხოლოდ ერთი ჩვენების საფუძველზე წაუყენეს ბრალი გუნავას.

 

გარდა ამისა, მეორე ბრალდება, რაზეც პროკურატურა გუნავას ედავება, 49 500 ლარის მითვისებას უკავშირდება.  სასამართლოზე დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ოპერატიული თანხის გაცემა საიდუმლო ბრძანებით ხდება და ადვოკატის თქმით, პროკურატურა არ ინტერესდება და არ კითხავს გუნავას თანხის ხარჯვასთან დაკავშირებით, რომ ნათელი მოეფინოს ამ საქმეს.


სასამართლო პროცესზე მოსამართლის მერაბ ჯორბენაძის  მხრიდან გაკეთდა შენიშვნა, რომ ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება და აღნიშნულ  საკითხზე მსჯელობა შეწყდა.

 

პროკურატურა გუნავას ასევე 3000 ლიტრი ბენზინის მითვისებას ედავება. 

 

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის ყოფილ უფროსს თენგიზ გუნავას სასამართლომ აღკეთის ღონისძიების სახით 10 000- ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლის თქმით, ვინაიდან გუნავას სასამართლოს გადაწყვეტილებით მანამდეც ჰქონდა შეფარდებული გირაო 10 000 ლარის ოდენობით, და მას გირაოს პირობები  არ დაუღღვევია, გამოცხადდა ახალი საქმის განხლვაზეც, არ არსებობს მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების აუცილებლობა.

 

პროკურორი კონსტატინე ყიფიანი კი გუნავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. პროკურატურის შუამდგომლობა რამდენიმე მოწმის ჩვენებას ეყრდნობა. თენგიზ გუნავა 29 ნოემბერს მეორედ დააკავეს, გუნავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადამეტება) და 182-ე მუხლით (მითვისება) და 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) აქვს წაყენებული.


სასამართლო პროცესზე მოსამართლემ თენგიზ გუნავას მის მიმართ წაყენებული მუხლები განუმარტა. მან სასამართლოს განუცხადა, რომ ბრალს არ ეთანხმება, ასევე აღნიშნა, რომ დაკავაბისას მის მიმართ არ განხორციელებულა ღირსების შემლახველი ქმდებები.

 

როგორც პროკურორმა  კონსტანტინე ყიფიანმა საამართლოს განუცხადა, პროკურატირა ითხოვს წინასწარ პატიმრობას იმის გამო, რომ, რადგან სხვა მოწმეების დაკითხვაც იგეგმება, შესაძლოა გუნავამ მოწმეებზე ზეგავლენა მოახდინოს, ან მიიმალოს.


პროკურატურის წარმოდგენილი არგუმენტების შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა კითხვით მიმართა ბრალდების მხარეს:


“თქვენ თქვით, რომ მე არგუმენტის სახით წარმოგიდგენთ ფაქტს მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენასთან დაკავშირებით, გვითხარით, რა ფაქტზეა საუბარი”


მომსამართლე მამუკა ჯორბენაძემაც მიმართა პროკურორს  და ჰკითხა, ცნობილია  თუ არა მისთვის რაიმე ქცევა გუნავას მხრიდან, რაც ეჭვის საფუძველს აჩენს.


აღნიშნულ შეკითხვაზე პროკურორმა კონსტანტინე ყიფიანმა განაცხადა, რომ კონკრეტულ საქმესთან კიდევ მრავალი მოწმეა დასაკითხი:


“ამიტომ ჩვენ ვვარაუდობთ,, თორემ კონკრეტული, ვთქვათ, მოსყიდვის ფაქტი ჩვენ არ ვიცით”


დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდებები  იმდენად დაუსაბუთებელია, რომ აღმკვეთი ღონისძიება საერთოდ არ უნდა შეეფარდოს გუნავას, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გადაწყვეტს აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას, დაცვის მხარის შუამდგომლობა 5 000 ლარი გირაოს გულისხმობდა, რომლის გადახდისთვისაც 7 დღე მოითხოვა.


ადვოკატის თქმით, გუნავას არ დაურღვევია გირაოს პირობები, არც მიმალვა უცდია, თანამშრომლობდა გამოძიებასთან და არ არსებობს ფაქტი ვინმეზე ზეწოლის განხორციელების.


მოსამართლის მიმართვაზე კი პროკურორმა კონსტანტინე ყიფიანმა განაცხადა, რომ  დაცვის მხარის არგუმენტების მიუხედავად, იგი მაინც პროკურატურის შუამდგომლობას უჭერს მხარს და აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობას მოითხოვს.


დაახლოებით ნახევარი საათის შესვენების შემდეგ მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის გადაწყვეტილებით, გუნავას სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000- ლარიანი გირაო შეუფარდა.

თენგიზ გუნავას წინასასამართლო პროცესი 2013 წლის 17 იანვარსაა ჩანიშნული.


შეგახსენებთ, რომ თენგიზ გუნავა 2012 წლის 16 ნოემბერს ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ არც 18 ნოემბერის პროცესზე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა გუნავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით და მას 10 000 ლარის გირაო შუეფარდა. 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილმა  უფროსმა 19 ნომბერს შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე განყოფილების დეტექტივებსა და გამომძიებლებს საქართველოს მთავარ პროკურატურაში უჩივლა. ის მიიჩნევს, რომ დაკავებისას იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს, ასევე დაალევინეს ნარკოტიკგარეული წყალი.

 

შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსი 29 ნოემბერს მეორედ დააკავეს, გუნავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადამეტება), 182-ე მუხლით (მითვისება) და 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) აქვს წაყენებული.

 

თენგიზ გუნავა შსს–ს გენინსპექციის უფროსის პოსტიდან 2012 წლის აგვისტოში მას შემდეგ გადადგა, რაც თანამდებობა დატოვა შს მინისტრმა ბაჩო ახალაიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი