სამართალი

ორი მკვლელობა ორ დღეში [Video]

25 ნოემბერი, 2012 • • 1154
ორი მკვლელობა ორ დღეში [Video]

მკვლელობა დღეს, 25 ნოემბერს, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე, რუსული ეკლესიის ეზოს უკან მოხდა. მოკლული აღნიშნული ეკლესიის იღუმენის მძღოლი იყო, წარსულში კი კონტროლის პალატის თანამშრომელი სოსო (ბეჟან) ჩიქობავაა. 

 

ხათუნა თეზერაშვილი ამბობს, რომ სოსო ჩიქობავა მისი მეგობარია და ეკლესიაში გაიცნო: 

 

“ამ ეკლესიის მრევლი იყო, ახლობლობდა დედაოსთან, მანქანით მიყავდა ხოლმე, წინა მთავრობის დროს მუშაობდა საგადასახადოში და მოხსნეს, ახალ მთავრობას სიხარულით ელოდებოდა. ამბობდა, ახალ თანამდებობას მთავაზობენო, გამიგია, რომ ბინის საკითხზე იყო დავა, მაგრამ ზუსტად არ ვიცი,”– ამბობს ხათუნა თეზერაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში. 

 

მკვლელობის თვითმხილველი ვალერი აცხადებს, რომ მან ექვსი გასროლის ხმა გაიგონა და ასევე დაინახა მკვლელი, რომელიც აუღელვებელი ნაბიჯებით წავიდა დანაშაულის ჩადენის ადგილიდან. 

 

ადგილზე მუშაობდნენ კრიმინალისტები. თვითმხილველთა განცხადებით, ამჟამად დაკითხვაზე ეკლესიის იღუმენი იმყოფება. 

 

“გურია ნიუსის” ცნობით, ჩიქობავა ბოლო პერიოდში მათი რესპონდენტი იყო კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის და ამჟამად პარლამენტარის, ლევან ბეჟაშვილის უკანონო ქმედებების თაობაზე. კერძოდ, საქმე ეხებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2006-2010 წლების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის აუდიტს, რა დროსაც აუდიტორებმა 2 335 212 ლარის დანაკლისი აღმოაჩინეს. ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს” სწორედ სოსო ჩიქობავამ და კიდევ სხვა ყოფილმა აუდიტორებმა მიაწოდეს.

 

შსს-ს ცნობით, ჩიქობავას მკვლელობის საქმე უკვე გახსნილია და დაკავებულია ეჭვმიტანილი. პრესსამსახურის ცნობით, ამოღებულია მკვლელობის იარაღი და ეჭვმიტანილიც აღიარებს დანაშაულს. მკვლელობის სავარაუდო ვერსიად კი შსს-ში ამ დროისთვის ქონებრივ დავას ასახელებენ, კერძოდ, საუბარი შეეხება სადავო ბინას.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღევანდელი მკვლელობა არ არის ერთადერთი, რაც ბოლო პერიოდში თბილისში მოხდა. 24 ნოემბერს,  საღამოს, დაახლოებით შვიდ საათზე ზაზიაშვილის ქუჩაზე თვითმხილველებმა აღმოაჩინეს საკუთარ მანქანაში მოკლული ავთანდილ ადუაშვილი, რომელიც ხუდადოვის ქუჩაზე რამდენიმე ობიექტს ფლობდა.

 

შეგახსენებთ, რომ 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას, რა გარანტიას აძლევს პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას, რომ დაგეგმილი მასშტაბური ამნისტიის შედეგად კრიმინალი არ მოიმატებს, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ გარკვეული დოზით კრიმინალი ქვეყანაში გაიზრდება: 

 

“ეს რა­ღაც ეტაპ­ზე გარ­კვე­უ­ლი დრო გაზ­რდის კრი­მი­ნალს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამას გა­გე­ბით უნ­და მო­ე­კი­დოს, უნ­და გა­ვი­ჭირ­ვოთ. იქ ძა­ლი­ან ბევ­რი და უმ­რავ­ლე­სო­ბა იმ­სა­ხუ­რებს ამას, ვი­ღა­ცე­ე­ბი გა­მოგ­ვე­პა­რე­ბი­ან, ვი­ღა­ცე­ებს უკან შებ­რუ­ნე­ბა მო­უ­წევს, საზოგადოებამ უნდა გადავიტანოთ ეს. რაღაც უხერხულობებს ეს შექმნის ალბათ. მაგრამ არ­სე­ბო­ბენ ორ­გა­ნო­ე­ბი და ალ­ბათ შე­სატ­ყვის რე­ა­გი­რე­ბას გა­ა­კე­თე­ბენ,” – განაცხადა ივანიშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი