სამართალი

როგორ აღასრულებს გირგვლიანის საქმეზე ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლო

19 ნოემბერი, 2012 • 1512
როგორ აღასრულებს გირგვლიანის საქმეზე ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლო

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე – “ენუქიძე-გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” ნათქვამია, რომ დაირღვა სიცოცხლის უფლება, ასევე საუბარია სხვადასხვა უწყებების მხრიდან საქმის არაჯეროვნად გამოძიებაზე. მსგავს საქმეებზე საქმის ხელახალი გამოძიების ვალდებულებას სახელწმიფოს უწესებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი, რომელიც ზედამხედველობს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას. 

 

მინისტრთა კომიტეტის წესების მიხედვით, გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული მანამ, სანამ კონკრეტული სახელმწიფოს მთავრობა არ წარადგენს გეგმას კომიტეტში, თუ რა ღონისძიებების გატარებას აპირებს ამ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ხოლო შემდეგ ეს გეგმა არ იქნება დამტკიცებული ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ და გეგმაში მითითებული გარემოებები არ მიიღებს შესრულების შემდეგ საბოლოო რეზოლუციას.

 

სწორედ ამ გეგმიდან გამომდინარე მიმართა იუსტიციის მინისტრმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს წერილობით, რათა ეცნობებინა, თუ რა ღონისძიებები გატარდა, ან რის გატარებას აპირებს გირგვლიანის საქმის მოსამართლესთან დაკავშირებით. 

 

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქართველოს სასამართლოებმა ჯეროვნად არ გამოიკვლიეს ძალზე მნიშვნელოვანი 14 მტკიცებულება და დაუსაბუთებლად უარი უთხრეს დაზარალებულებს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის მნიშვნელოვანი დამატებითი მტკიცებულებების თაობაზე შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე.

 

უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, წულუკიანისთვის გაგზავნილ წერილში კოტე კუბლაშვილი მიუთითებს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის წარსადგენი სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლო განსაკუთრებით ყურადღებას უთმობს როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს, ასევე ევროპული სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო სასამართლოების  პრაქტიკის შესწავლას:

 

“ჩვენ მიერ გატარებული ღონისძიებები მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევების აღმოფხვრას, მათგან გამოწვეული შედეგების გამოსწორებასა და შემდგომ პრევენციას.”

 

კონკრეტულად რა ღონისძიებებს გულისხმობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე? – ამ საკითხთან დაკავშირებით პრესსამსახურში განმარტავენ, რომ იმ გადაწყვეტილებების ფარგლებში, რასაც ევროპის სასამართლო იღებს, მოსამართლეებს  უტარდებათ ტრენინგები, ეცნობიან ამ გადაწყვეტილებებს და ითვალისწინებენ ამას თავიანთ მომავალ გადაწყვეტილებებში:

 

“უზენაეს სასამართლოში შექმნილი ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ პერმანენტულად ხორციელდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თარგმნა, რომლებიც უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე ქვეყნდება და მიეწოდება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს. ასევე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მუშაობს სპეციალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მოქმედ მოსამართლეთა გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას სწორედ ამ მიმართულებით – ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლების განხილვის მიმართულებით და ჩვენს მოსამართლეებს ასეთი ტრენინგი 2011 წლის განმავლობაში ჩაუტარდათ სამჯერ. 

 

სემინარი მიეძღვნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა დასაბუთებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით და იქ სწორედ განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქმეზე – “ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ.”

 

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე – დაისვა თუ არა გირგვლიანის საქმის მოსამართლის – გიორგი ჩემიას დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, ან არის თუ არა მსგავსი რამ მოსალოდნელი მომავალში? – უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურში ასე უპასუხეს:

 

“მოსამართლის დისციპლინურ პასუხისმგებლობას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვერ მოითხოვს და არც ისმება მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხი არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, როდესაც ევროპის სასმართლო იღებს ასეთ გადაწყვეტილებას და მითითებას მისცემს სასამართლოს. არც ერთ ქვეყანაში არ არის პრაქტიკა და არც ვინმე ეუბნება, რომ ასეთ შემთხვევაში მოსამართლე უნდა გაათავისუფლო ან დასაჯო.

 

მოსამართლის წინააღმდეგ თუკი ვინმეს უნდა რომ შეიტანოს საჩივარი, შეიძლება დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს არა აქვს ვალდებულება, რომ თვითონ დასაჯოს კონკრეტული მოსამართლე.”

 

უზენაეს სასამართლოში აცხადებენ, რომ მოსამართლე გიორგი ჩემიასთან დაკავშირებით მსგავსი საჩივარი არ არსებობს.

 

შეგახსენებთ, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წელს იქნა წამებით მოკლული. გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდნენ: მაშინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია, შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, შსს–ს გენინსპექციის ყოფილი უფროსი ვასილ სანოძე, შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მაშინდელი უფროსი გურამ დონაძე.

 

გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მაშინდელმა შსს-მ ამავე უწყების ოთხი თანამშრომელი – გია ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა და მიხეილ ბიბილურიძე დააკავა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ალანიას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ავთანდილ აფციაურს, მიხეილ ბიბილურიძესა და ალექსანდრე ღაჭავას შვიდ-შვიდი წელი მიესაჯა. 2009 წლის მარტში კი ისინი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.

 

2011 წლის 21 აპრილს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება გირგვლიანის საქმეზე.

 

“სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სანდრო გირგვლიანის სიკვდილთან დაკავშირებული გამოძიება აშკარად იყო არაობიექტური, უსამართლო და მიკერძოებული. სასამართლო გამოძიებისას გამოვლენილმა გარემოებებმა ევროპის სასამართლო მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ საქართველომ არაკეთილსინდისიერად და მიკერძოებულად ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები”, – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

 

ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დაეკისრა 50 ათასი ევროს გადახდა გირგვლიანის ოჯახისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი