სამართალი

ნიგერიის მოქალაქე ბათუმის პოლიციის განყოფილების უფროსს უჩივის

14 ნოემბერი, 2012 • 1821
ნიგერიის მოქალაქე ბათუმის პოლიციის განყოფილების უფროსს უჩივის

ჩიბუიკე უბანი
ჩიბუიკე უბანი

“პოლიციის მეორე განყოფილებას რამდენიმე თვის წინ განცხადებით მივმართე, რადგან “აჭარა ტურის” ხელმძღვანელმა ვინმე ვერა მარსაგიშვილმა თანხა მოტყუებით გამომძალა. პოლიციას კი რეაგირება ვთხოვე. განყოფილების უფროსმა ემზარ სურმანიძემ გამოძიების დაწყების ნაცვლად შეურაცყოფა მომაყენა და თაღლითი მიძახა. მითხრა, პოლიციიდან ისე არ წავალ, შენ რომ არ ჩაგსვა ციხეშიო. ვფიქრობ, მას ამის უფლება არ ჰქონდა. პოლიციელის მხრიდან ჩემი შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციის მთავარ სამმართველოსაც მივმართე, მაგრამ რეაგირება არ მოუხდენიათ. ახლა ვაპირებ, საქართველოს შს სამინისტროს მივმართო”.

 

ჩიბუიკე უბანი ბათუმში მეექვსე წელია ოჯახთან ერთად ცხოვრობს და კერძო სკოლა “არილში” მასწავლებლად მუშაობს:

 

“გარდა იმისა, რომ პოლიციელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და დამემუქრა კიდეც, შპს “აჭარა ტურის” ხელმძღვანელმა ფინანსური ზარალიც მომაყენა. იგი შემპირდა, რომ ნიგერიიდან ჩემი ძმისშვილის ჩამოყვანაში დამეხმარებოდა, რომელიც შავი ზღვის უნივერსიტეტში აპირებდა სწავლას. 300 დოლარი წინასწარ გამომართვა, თანხა ბანკის მეშვეობით გადავურიცხე. ნიგერიაში კი ნასესხები ფულით წავედი, იქ ჩასულს კი მოწვევა აღარ გამოგვიგზავნა. ლოდინში სამი თვე გავიდა, მე კი სამსახური დავკარგე, განათლების ფონდში ინგლისურს ვასწავლიდი და რადგან ჩამოსვლა დამაგვიანდა, სამსახურიდან გამიშვეს. იმ ადამიანებმა კი, ვისგანაც ფული ვისესხე, პოლიციაში მიჩივლეს”.

 

ნიგერიის მოქალაქე, რომელიც ბათუმში მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსით ცხოვრობს, საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებს.

 

პოლიციის მეორე განყოფილების უფროსი, ემზარ სურმანიძე ჩიბუიკე უბანის ბრალდებებს უარყოფს:

 

“მაგ პიროვნებაზე ჩვენთან არის წარმოება თაღლითობის ფაქტზე, აქ ადამიანებს გამოართვა თანხა და ნიგერიაში მიფრინავდა, მაგრამ საზღვარზე არ გაუშვეს, რადგან კონტროლზე გვყავდა დაყენებული, ამიტომ ჩვენზე გაბრაზებულია და რაღაცებს იგონებს. ეს იყო ზაფხულის პერიოდში. სხვა დეტალები აღარ მახსოვს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი