სამართალი

საქმე, რომელმაც დაამძიმა ახალაიასთვის წაყენებული ბრალი

9 ნოემბერი, 2012 • 1009
საქმე, რომელმაც დაამძიმა ახალაიასთვის წაყენებული ბრალი

არჩილ კბილაშვილის თქმით, საქმე ეხება 2011 წლის 13 სექტემბერს მომხდარ ფაქტს:

 

“დაახლოებით დილის 05.00 საათზე დაზარალებულს, ბაჩანა ახალიას დავალებით, საცხოვრებელ ბინაში მიაკითხა ბაჩანა ახალაიასთან დაახლოებულმა პირმა, რომელმაც დაზარალებულს მოსთხოვა გაყოლოდა ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, სადაც მას ელოდებოდა ბაჩანა ახალაია. დაზარალებული მიყვანილ იქნა რესტორანში, სადაც რესტორნის კუპეში მას დახვდნენ – ბაჩანა ახალაია, გიორგი კალანდაძე და სხვა პირები. იქვე იყვნენ ბაჩანა ახალაიას დაცვის შეიარაღებული თანამშრომლები. ადგილზე მისული დაზარალებული, ბაჩანა ახალაიას დავალებით, გააკავეს მისი დაცვის წევრებმა.

 

ამ დროს მათთან შევიდა დავით ჭაკუა, რომელმაც ზვიად აბესაძეს სკამი ჩაარტყა ბეჭის არეში და მას ხელ-ფეხით დაუწყო ცემა. დაზარალებულის ცემაში ჩაებნენ გიგი კალანდაძე და ბაჩანა ახალაია, რომლებიც დაზარალებულს იმავდროულად მოკვლით ემუქრებოდნენ. ცემა, მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა გრძელდებოდა პერმანენტულად და დროგამოშვებით”, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

 

კბილაშვილის თქმით, ბაჩანა ახალაიამ ირონიულად შესთავაზა დაზარალებულს, ხომ არ ჰქონდა მას სურვილი, მის საკუთრებაში მყოფი ძვირადღირებული ავტომანქანა ეჩუქებინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტისათვის. დაზარალებულმა ახალაიას თანხმობა განუცხადა იმ პირობით, რომ არ მოეკლათ და თავი დაენებებინათ:

 

“ამის შემდეგ დაზარალებულს დაარეკვინეს მეუღლესთან, რომელსაც დაზარალებულმა სთხოვა, რომ მიეცა მანქანის გასაღები და გამოეტანებინა მანქანა მისი მეგობრისათვის, რომელიც მიაკითხავდა სახლში. ავტომანქანის მოყვანის შემდეგ ბაჩანა ახალაიამ დავალება მისცა დავით ჭაკუას და გამოძიებით დადგენილ კიდევ ერთ პირს, რომ ე.წ. სპეცნაზის შეიარაღებულ პირებთან ერთად წაეყვანათ დაზარალებული სადმე, სადაც დააბამდნენ და დაამწყვდნევდნენ, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი. დაზარალებული გადაყვანილ იქნა ქ. თბილისში მდებარე გამოძიების მიერ დადგენილ ბინაში, სადაც იგი იმყოფებოდა 2011 წლის 13 სექტემბრის 21.00 საათამდე. ამის შემდეგ დაზარალებული მიიყვანეს ქ.თბილისში, ორთაჭალის ტერიტორიაზე განთავსებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შენობასთან, სადაც მას დაუბრუნეს კუთვნილი ავტომანქანა და გააფრთხილეს, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის ეამბნა”, – განაცხადა კბილაშვილმა.

 

მთავარი პროკურორის თქმით, აღნიშნულით ბაჩანა ახალაიამ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის  143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით (რაც არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა დანაშაულის დაფარვის მიზნით)  და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ ა” და „ ე”  ქვეპუნქტებით (რაც არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და თავისუფლების უკანონო აღკვეთა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით).

 

“ბაჩანა ახალაიას მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდის საკმარის საფუძველს იძლევა მტკიცებულებათა შემდეგი ერთობლიობა: დაზარალებულის და სხვა 10-ზე მეტი პირის ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალები.

 

ამ დანაშაულებრივი ეპიზოდის გათვალისწინებით გუშინ ბაჩანა ახალაიას წარედგინა ბრალი და სასამართლოში შეტანილ იქნა შუამდგმლობა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. გუშინვე ბრალი იქნა წარდგენილი ასევე გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას მიმართ და აღმკვეთ ღონისძიებად ასევე მოთხოვნილ იქნა პატიმრობა”, – განაცხადა კბილაშვილმა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალაიას, კალანდაძისა და შამათავას აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს უნდა იმსჯელონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი