სამართალი

ჩვენება N4: სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ თავის მოკვლა ვცადე

7 ნოემბერი, 2012 • 1143
ჩვენება N4: სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ თავის მოკვლა ვცადე

მისივე განმარტებით, 2010 წლიდან 2011 წლის 1 ოქტომბრამდე ქ.თბილისში ვაშლიჯვრის დასახლებაში დისლოცირებულ  სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების რაზმში მსახურობდა.

 

“სექტემბრის თვეში ჩაგვიტარდა ტესტირება, რის შემდეგაც  ჩემმა ასმეთაურმა ზ.კ-მ გვითხრა, რომ დათხოვილი ვიყავით სამხედრო სამსახურიდან, ხოლო ვისაც სურვილი გვექნებოდა, სამხედრო სამსახურს გავაგრძელებდით ქვეით ბრიგადებში, რაზედაც  ჩვენ  უარი განვაცხადეთ და წავედით სახლში. 2 საათის შემდეგ დამირეკეს, ვინ –არ მახსოვს და დამიბარა თავდაცვის სამინისტროში. თავდაცვის სამინისტროში შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეს შეგვხვდა გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე გიორგი კალანდაძე, მან თავისი შეხედულებით გაგვანაწილა ბრიგადებში რამოდენიმე ნაწილად.

 

როგორც დაზარალებული ამბობს, ბრიგადაში მისვლისას მან ბრიგადის მეთაურს ზურაბ შამათავას უთხრა, რომ ბრიგადაში სამსახური არ სურდა და გაეთავისუფლებინათ, რაზედაც უარი მიიღო.

 

ამის შემდეგ, როგორც იგი აცხადებს, შვებულებაში გაუშვეს და 2011 წლის 16 ოქტომბერს  ზურაბ შამათავას ბრძანებით მე-4 ქვეითი ბრიგადის შტაბის G-3 – ის სამსახურში მიავლინეს. ამავე წლის 25 ოქტომბერს, საღამოს დაახლოებით 18:00 საათზე კი, ბრიგადიდან გაუშვეს ყოველდღიურ დათხოვნაში.

 

იმავე დღის დაახლოებით 23:30 წუთზე ჩემს მობილურ ტელეფონზე, რომლის ნომერი იყო 8…  დამირეკეს სამხედრო პოლიციიდან ჩემთვის უცნობმა პირებმა და მითხრეს, ვყოფილიყავი სახლში, მომაკითახვდნენ და წამიყვანდნენ სამხედრო პოლიციაში. თეთრი ფერის  ნივით მოვიდა სამხედრო პოლიციის ორი თანამშრომელი, რომლებმაც  მიმიყვანეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.  მინისტრის მისაღების წინ დამხვდნენ ნ. ქ., დ. ხ. და გ. კ., ხოლო დ. დ. იჯდა იქვე, გვერდით ოთახში. მინისტრის კაბინეტიდან გამოვიდა ზურა შამათავა, რომელმაც შემიყვანა თავდაცვის მინისტრის ბაჩანა ახალაის კაბინეტში. იქ იყვნენ – მინისტრი ბაჩანა ახალაია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე გიორგი კალანდაძე, მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა, და ი. ს. და ჩემი თანამოსამსახურე ზემოთ ნახსენები შ. ბ. კაბინეტში ასევე იყვნენ ჩემთვის უცნობი პირებიც. მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ მითხრა, რომ ჩვენ თითქოს მთვრალებს უნდა მოგვეწყო ბუნტი მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე. მე მისი ნათქვამი ვიუარე.”

 

დაზარალებულის თქმით, ამის შემდეგ ბაჩანა ახალაიამ მოასმენინა კომპიუტერიდან გინების ხმა, რაზეც დაზარალებულს უთქვამს, რომ არაფერ შუაში არ იყო.

 

“ბაჩანა ახალაიამ მითხრა, რომ მომიყვანდა პიროვნებას, რომელიც პირზე დამადგებოდა. ამის შემდეგ იქვე მდგომმა შ. -მ. ბაჩო ახალაიას შეკითხვაზე უპასუხა, რომ მგონი ესეც იქ იყოო. ამის შემდეგ ჩემთან მოვიდა გიორგი კალანდაძე და  დამიწყო ცემა სახის და თავის არეში ხელით, შემდეგ  კაბინეტიდან გამომიყვანა  გორგაძემ, ჩემომიყვანა  ე.წ. პლაცზე და კატეგორიულად მომთხოვა, მეღიარებინა ის, რასაც მეუბნებოდა ბაჩანა ახალაია, თან მირტყავდა ტანის არეში. ამ დროს მაიძულებდა მერბინა პლაცის ირგვლივ, რამოდენიმე წრის დარტყმის შემდეგ მაჩერებდა და ისევ მცემდა, დამაგდებდა დაბლა და მირტყამდა ფეხს ტანზე. ასე აგრძელებდა დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამსვა თავის მანქანაში და ჩამომიყვანა მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც დაგვხვდა შავი ფერის მიკროავტობუსი, მე გადამსვა აღნიშნულ მიკროავტუბუსში, რომლის საჭესთან იჯდა ბაჩანა ახალაია, გვერდზე ეჯდა გიორგი კალანდაძე, იქ სხვა პირებიც იმყოფებოდნენ, მაგრამ მე მათ არ ვიცნობ, ჩვენ წამოვედით მე-4 ქვეით ბრიგადაში.”

 

შვენების შესაბამისად, ისინი შევიდნენ ყოფილ სასადილოში, სადაც დახვდათ სამეთაურო რგოლი. თუ ვინ იყვნენ, ჯარისკაცს არ ახსოვს.

 

“მახსოვს მხოლოდ ვ. ჯ-ვა, ამ ხალხის გარდა იქვე იყვნენ შ. ბ., დ. ხ., ნ. ე, და  გ. კ., მათგან გამორჩევით ცალკე იდგა შ. ბ. მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ ჩვენი, ანუ ჩემი, შ.  ბ.,  ს. დ.,  ხ., ნ.ქ,  გ. კ-ს  მისამართით თქვა, რომ ჩვენ ვიყავით უსინდისო ადამიანები, ვაპირებდით დალევას, ბუნტის მოწყობას და დაგვიწყო გინება. ბაჩო ახალაიამ იქვე მდგომ შ. ბ-ს ყველას დასანახად თავში ჩაარტყა რაღაც წვრილი საგანი. ამის შემდეგ იგი წავიდა. ჩვენ გამოგვიყვანეს გარეთ, მე რამოდენიმეჯერ სახეში ხელი გამარტყა ზურაბ შამათავამ. ასევე დავინახე, რომ შ. ბ-ს ხელი და ფეხი რამოდენიმეჯერ გაარტყა გ-მ, ხოლო ნ. ქ-ს კი– ზურა შამათავამ. ამის შემდეგ მე, ბ.,  ხ.,  ქ.,  და კ. სამხედრო პოლიციის ავტომანქანით წაგვიყვანეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, იქ, მეორე სართულზე ჩვენ ცალ-ცალკე შევდიოდით ერთ-ერთ კაბინეტში. როდესაც შევედი, კაბინეტში დამხვდა ჩემთვის უცნობი ორი პიროვნება, დაახლოებით 35 წლამდე საშუალო აღნაგობის, მათი ვინაობა არ ვიცი. მათგან ერთ-ერთმა მითხრა, რომ თუ არ დავწერდი ბუნტის შესახებ, პროვოკაციას მოგიწყობ და შენ და შენი ოჯახის წევრებს ჩაგიდებთ წამალს და დაგიჭერთო. “

 

ამის შემდეგ, როგორც იგი ამბობს, მესამე სართულზე, ერთ-ერთ ოთახში სამხედრო პოლიციელმა გვარად მ-მ, ფურცელზე დააწერინა განმარტება, რომ აპირებდნენ დალევას და ბუნტის მოწყობას.

 

“ასევე დამაწერინა პატაკი, რომლის მიხედვითაც მე ვითხოვდი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნას, რომელიც დაიტოვა თვითონ. ასევე მითხრა, რომ ჩემი თითოეული გადაადგილება უნდა შემეთანხმებინა მასთან. ამის შემდეგ ოთახში მაძახებინეს, გაუმარჯოს მეოთხე ქვეით ბრიგადასო. სამხედრო პოლიციაში მე დამტოვეს 26 ოქტომბრის საღამომდე, ხოლო შემდეგ წავედი სახლში. მეორე დღეს, ვინაიდან ვიყავი დამცირებული და სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ კრედიტს ვეღარ დავფარავდი, ვცადე თავის მოკვლა, კერძოდ, ავედი ელექტროგადამცემი ხაზის ბოძზე და მაღალ ძაბვას შევახე მავთული. ამის შედეგად მოვხვდი საავადმყოფოში, დამწვრობის ცენტრში, სადაც გამიკეთეს ოპერაცია, გადამინერგეს ხორცი მკერდის მარჯვენა მხარეს და მარჯვენა ხელის თითებზე. აქვე აღვნიშნავ, რომ თვითმკვლელობის მცდელობამდე ჩემს ტელეფონში ჩავწერე მესიჯი, რომელშიც მივუთითე ჩემი თვითმკვლელობის მიზეზები. ეს ტელეფონი დღეისათვის აქვს ბიძაჩემს ა. გ-. იგი არის ღვთისმსახური.”

მასალების გადაბეჭდვის წესი