სამართალი

ჩატაევი ისევ პატიმრობაში რჩება

1 ნოემბერი, 2012 • 1856
ჩატაევი ისევ პატიმრობაში რჩება

“ამ გადაწყვეტილებით თქვენი მზე ჩაესვენა!” – ასე შეხვდა ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

მექა ხანგოშვილი მოსამართლემ რეპლიკის შემდეგ დარბაზიდან გააძევა და განმარტა, აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა რატომ არ შეცვალა გირაოთი. მერაბ ჯორბენაძის თქმით, იმის გამო, რომ დევიდ მეიერი(ახმეტ ჩატაევი) არის რუსეთის მოქალაქე, ასევე, მიღებული აქვს ლტოლვილის სტატუსი ავსტრიაში, დაკავებამდე ხშირად მოგზაურობდა საზღვარგარეთ და აქვს საერთაშორისო კონტაქტები, არსებობს მისი მიმალვის საფრთხე.

 

ახმეტ ჩატაევის იურისტი და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი ნინო ანდრიაშვილი კი მოსამართლის დარწმუნებას უშედეგოდ შეეცადა. დაცვის მხარე სასამართლოს უმტკიცებდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩატაევი მიმალვას ვერ შეძლებდა, რადგან მას ამპუტირებული აქვს ერთი ხელი და ფეხის ნაწილი, ასევე, სასწრაფოდ ესაჭიროება ფეხის ნაწილის დამატებით ამპუტაცია, პატიმარი კი ციხის პირობებში აღნიშნული ოპერაციის გაკეთებაზე უარს აცხადებს. ადვოკატისვე თქმით, ჩატაევს პანკისის ხეობაში გააჩნია რეგულარული საცხოვრებელი ადგილი, სადაც ცხოვრობს მისი ცოლი და შვილი.

 

ნინო ანდრიაშვილისვე თქმით, ჩატაევის საქმეში გამოიკვეთა ახალი გარემოება, რომელიც არ იყო ცნობილი 2012 წლის 9 სექტემბერს, როცა ჩატაევს 

ახმედ ჩატაევი/ფოტო: ამერიკის ხმა
ახმედ ჩატაევი/ფოტო: ამერიკის ხმა

აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მიუსაჯეს. კერძოდ, ნინო ანდრიაშვილმა ახსენა “კახეთის საინფორმაციო ცენტრის” მიერ 25 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატია, სადაც წერია, რომ ლაპანყურის სპეცოპერაციის მთავარ მოწმეებს – ქართველ მესაზღვრეებს ჩატაევთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ცრუ ჩვენება მიაცემინეს. ამ საკითხზე სიუჯეთი 30 ოქტომბერს მოამზადა ტელეკომპანია “მეცხრე არხმაც”, ორივე მედიასაშუალებას თან საუბრისას კი მესაზღვრეები ერთსა და იმავეს აცხადებენ.

 

პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა განაცხადა, რომ ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებულია პროკურატურა და გამოძიება დაწყებულია. მისი თქმით, ეს ამჟამად წარმოადგენს ვარაუდს და საქმეში ახალ გარემოებად ვერ ჩაითვლება, რასაც დაეთანხმა მოსამართლე ჯორბენაძე და არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა ჩატაევის გირაოს – 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლების თაობაზე.

 

“მას შემდეგ, რაც საშუალება მომეცა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალებს გავცნობოდი, აღმოვაჩინე ვინ იყვნენ მოწმეები. მე შევხვდი ამ ორ მოწმეს, მესამე კი მთაში იყო წასული. ორივე მათგანმა ჩემთან საუბარში უარყო თითქოს ჩატაევი იყო შეიარაღებული, რა ბრალდებასაც მას პროკურატურა უყენებს და რის საფუძველზეც მას ამ დრომდე ტოვებენ პატიმრობაში. შესაბამისად, სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობით უნდა დამკითხოს. ესენი არიან გიორგი კერესელიძე, ბადრი ტყემალაძე და გოგი აივაზაშვილი. სამივე მოწმე არის შსს–ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი”, – აცხადებს კახეთის საინფორმაციო ცენტრის დამფუძნებელი გელა მთივლიშვილი. მისივე თქმით, მესაზღვრეებმა მასთან საუბარში აღიარეს, რომ მათ ჩატაევის წინააღმდეგ ცრუ ჩვეnება სამართალდამცავთა მოთხოვნის შედეგად მისცეს და მზად არიან პროკურატურასთან სათანამშრომლოდ.

 

რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ახმედ ჩატაევის დაკავების შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 სექტემბერს გაავრცელა. შსს-ს ცნობით, ჩატაევი დაჭრილი იყო. იგი ამ დრომდე ციხის საავადმყოფოში გადის მკურნალობას. 

 

ჩატაევის დაკავება მოხდა 28 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, რომელსაც ემსხვერპლნენ როგორც პოლიციელები, ისე იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც შსს-მ შეიარაღებული დივერსანტების ჯგუფად გამოაცხადა.

 

ჩატაევს ბრალი წაყენებული აქვს სსკ–ის 236–ე მუხლის I და II ნაწილებით, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს და ითვალისწინებს სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას.

 

ჩატაევის გათავისუფლებას ითხოვს დუისის მოსახლეობა, რომლებმაც აღნიშნული მოთხოვნით 28 ოქტომბერს საპროტესტო აქცია გამართეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი