სამართალი

გაგა გაჩეჩილაძის ადვოკატები საქმის პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობენ

31 ოქტომბერი, 2012 • 1277
გაგა გაჩეჩილაძის ადვოკატები საქმის პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობენ

“პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ამ საქმეს აქვს პოლიტიკური სარჩული, გამომდინარე იქიდან, რომ საქმის ზედამხედველი პროკურორი დავით ზვიადაძე არის ახალაიების უახლოესი მეგობარი, ეს ადამიანი არის ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეში, რომლითაც ალბათ მომავალში ახალაიები საბრალდებო სკამზე დაჯდებიან. ის არაერთი ისეთი საქმის ზედამხედველი იყო, სადაც მართლები გამოდიოდნენ ახალაიები. გიორგის დაკავების გადაწყვეტილება სწორედ ძველმა პროკურორმა მიიღო. სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ ერთ–ერთი, მამა ახალაია დღეს პარლამენტარია და გიორგი გაჩეჩილაძე ციხეში ზის“, – აცხადებს გაგა გაჩეჩილაძის ადვოკატი ლალი აფციაური.

ადვოაკტების განცხადებით, იმ ვიდეომასალაში, რომელსაც ბრალდების მხარე ეყრდნობა, გაჩეჩილაძის დანაშაული არ იკვეთება:

“იმ გავრცელებული მასალითაც კი, რომელსაც ბრალდების მხარე გვთავაზობს, გიორგი გაჩეჩილაძის დანაშაული არ იკვეთება, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ კადრებში არ ჩანს დაჭრის ფაქტი. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, კადრებში ჩანს, რომ გიორგი არის დაზარალებული, რადგან გიორგის ცემენ უმოწყალოდ”, – აცხადებს ლალი აფციაური.

გაგა გაჩეჩილაძე გუშინ დაკითხეს. მისი ადვოკატის ლევან სამუშიას ინფორმაციით. მან გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მისცა მომხდარი ფაქტის შესახებ. გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ოთხი პირი სრულიად უსაფუძვლოდ დაესხა თავს, რაიმე დანაშაულის ჩადენა და დანის ტარება კი უარყო.

ადვოკატი ლალი აფციაური დაკითხვის პროცესში არსებულ დარღვევებზეც საუბრობს:

“ამოცნობის დროს საჭიროა ორი თითქმის იდენტური პირი, მასთან ერთად უნდა ყოფილიყო მისი სიმაღლის, დაახლოებით მისი აღნაგობის და ჩაცმულობის ადამიანი. იქ მოიყვანეს რამდენიმე პირი, მათ შორის წვერიანი, დაბალი, გაცილებით მსუქანი, რაც მე გავაპროტესტე. საბოლოოდ შეირჩა ორი პირი, თუმცა მათი აღნაგობაც იყო განსხვავებული, გიორგი არის სიმაღლით 1 მეტრი და 98 სანტიმეტრი, ხოლო ეს პირები იყვნენ სავარაუდოდ 1 მეტრი და 84 სანტიმეტრი და მეორე 1 მეტრი და 87 სანტიმეტრი. ვიზუალურადაც დიდი სხვაობა იყო – სახის მოყვანილობით, ვარცხნილობით, ჩაცმულობით”, – აცხადებს ლალი აფციაური. მისი თქმით, მოწმემ გიორგი გაჩეჩილაძე დამნაშავე პირს მიამსგავსა, მაგრამ ზუსტად ვერ ამოიცნო.

გაგა გაჩეჩილაძისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, თუმცა ადვოკატების განცხადებით, სავარაუდოდ 118-ე და 239-ე მუხლების შესაბამის ბრალდებას წაუყენებენ:

“საკმაოდ მძიმე მუხლია 239-ე მუხლი, ანუ ხულიგნობა, მისი მესამე ნაწილი 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, 118-ე მუხლის პირველი ნაწილი, სხეულის დაზიანება კი, რომლითაც ჩვენ მოწმის სახით ვიქენით გამოძახებული, 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ეს ყველაფერი ერთობლიობაში საკმაოდ მძიმე სასჯელია”, – განაცხადა ლალი აფციაურმა.

ლევან გაჩეჩილაძის შვილის, გიორგი გაჩეჩილაძის დაკავების შესახებ განცხადება დღეს შსს–მ გაავრცელა.

პოლიციის ინფორმაციით, გაჩეჩილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს (ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით).

საქმე ეხება 27 ოქტომბერს გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე „გალერეაში” მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც კაფეს დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა.

შეგახსენებთ, რომ გაგა გაჩეჩილაძეს სამართლებრივი პრობლემები რამდენჯერმე ადრეც შეექმნა, ის 2009 წელს პარიზში, ერთ–ერთ რესტორანში ჩხუბის გამო დააკავეს. იმავე წელს პოლიციამ იგი თბილისშიც დაკითხა,  ჩხუბი თავად გაგა გაჩეჩილაძის დაბადების დღეზე რესტორან “მატრიოშკებში” მოხდა, რის შემდეგაც დაჭრილიც იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი