სამართალი

რის ხარჯზე გაიზარდა სასამართლოს გამამართლებელი განაჩენები

23 ოქტომბერი, 2012 • • 1436
რის ხარჯზე გაიზარდა სასამართლოს გამამართლებელი განაჩენები

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზაზა მეიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სასამართლოს საქმიანობის 9 თვის მონაცემები დღეს, 23 ოქტომბერს გააცნო.

 

სასამართლოს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 24,3 %–ით შემცირდა პირველი ინსტანციის სასამართლოებში შესული სისხლის სამართლის საქმეთა რაოდენობა, ხოლო მსჯავრდებულთა რაოდენობა შემცირდა 4125 პირით (31%). ასევე შემცირდა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებების მაჩვენებელი: საპატიმრო სასჯელების რაოდენობამ 44,4 %, ხოლო არასაპატიმრო სასჯელების რაოდენობამ-55,6% შეადგინა.

 

რაც შეეხება სასამართლოს მიერ გამოყენებულ ძირითად სასჯელებს: 2012 წლის 9 თვის მონაცემების მიხედვით, სასამართლოს მიერ გამოყენებული არასაპატიმრო სასჯელების ხვედრითი წილი 57,7%–ს შეადგენს. სულ მსჯავრდებული 9 162 პირიდან თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 3 871 პირს, პირობითი მსჯავრი – 4 258 პირს, ჯარიმა– 620 პირს, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა კი – 405 პირს. წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, სასამართლოს ინფორმაციით, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა შეეფარდა 5,7-ჯერ უფრო მეტ პირს. არსებითად განხილულ საქმეებში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 9,7 % შეადგენს.

 

2012 წლის 9 თვის ოფიციალური მონაცემით, 5007–ით ( 28,2%) შემცირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები, ხოლო 734 სამართალდამრღვევს არ დაეკისრა პასუხისმგებლობა. გამოყენებულ ადმინისტრაციულ სახდელებში 79,5 % არასაპატიმრო სახდელია.

 

“აქ წარმოდგენილი ციფრებით უბრალოდ შეუძლებელია რაიმე დასკვნის გამოტანა.  ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ციფრებში ასახული სტატისტიკა. თუმცა ზოგადი ტენდენციის გაგება შესაძლებელია და ის, რომ შემცირებულია მსჯავრდებულთა რაოდენობა, მიუთითიებს იმაზე, რომ სახელმწიფომ გასწია ლმობიერი პოლიტიკა და ყველაფერზე არ დაიჭირა ადამიანი”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42–ე მუხლის”იურისტმა დიმიტრი ხაჩიძემ, რომელიც ზაზა მეიშვილთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

 

დიმიტრი ხაჩიძე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანის სტატისტიკური  მაჩვენებელი ხელოვნურადაა გაზრდილი და არ ეთანხმება იმას, რომ რეალურად შეიცვალა სასამართლოს მიდგომა განაჩენის გამოტანისას.

 

“უდანაშაულო ხალხს ჯერ იჭერდნენ, რომ შემდეგ გამამართლებელი განაჩენი გამოეტანათ და ამით გაეზარდათ სტატისტიკა. რამდენიმე მსგავსი შემთხვევა იყო, თუმცა მე პირადად მსგავსი საქმეები არ მქონია”, – აცხადებს იურისტი დიმიტრი ხაჩიძე.

 

იურისტი ასევე განმარტავს, რომ არასაპატიმრო სასჯელის დაკისრების მაჩვენებლის გაზრდა არ არის სასამართლოს დამსახურება. მისი მოსაზრებით, არასაპატიმრო სასჯელი, როგორც წესი, პირს ეკისრება საპროცესო შეთანხმების შედეგად და არა  მოსამართლის გადაწყვეტილებით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი