სამართალი

პროკურატურა: უკრაინაში სასამართლოს გია ცერცვაძის გათავისუფლებაზე არ უმსჯელია

26 იანვარი, 2017 • 4174
პროკურატურა: უკრაინაში სასამართლოს გია ცერცვაძის გათავისუფლებაზე არ უმსჯელია
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ჩილინგარაშვილის განცხადებით, დღეს, 26 იანვარს, კიევის სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია გია ცერცვაძის გათავისუფლებაზე, ვინაიდან სასამართლო პროცესი გადაიდო.
საქართველოს მოქალაქე გია ცერცვაძე უკრაინაში კვლავ პატიმრობაში რჩება. პროკურატურა აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურა მუდმივ კონტაქტზეა უკრაინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან.
“როგორც უკრაინელი კოლეგებისგან ჩვენთვის გახდა ცნობილი, დღევანდელი პროცესი გადაიდო იმ მიზეზით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დროულად ვერ იქნა უზრუნველყოფილი შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა კიევის სააპელაციო სასამართლოსთვის. შემდგომი პროცესი 3 თებერვალს გაიმართება. დღევანდელ პროცესზე არ მომხდარა გია ცერცვაძის პატიმრობაში დატოვების თუ მისი შესაძლო გათავისუფლების საკითხის არსებითი განხილვა,”- განაცხადა ირაკლი ჩილინგარაშვილმა.
გია ცერცვაძის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხზე კიევის სააპელაციო სასამართლო 3 თებერვალს იმსჯელებს.

48 წლის გია ცერცვაძეზე ინტერპოლმა რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე ძებნა 2016 წლის 23 დეკემბერს გამოაცხადა. 2017 წლის 15 იანვარს ცერცვაძე უკრაინის სამართალდამცავებმა დააკავეს, 17 იანვარს კი კიევის სასამართლომ 40 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ ცერცვაძის შესახებ მონაცმები რუსეთს საქართველომ გადასცა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი