სამართალი

საქმეები, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ ანგარიშში მოხვდა

12 ოქტომბერი, 2012 • 1282
საქმეები, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ ანგარიშში მოხვდა

ფონდ ”ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარადაჭერით კოალიციის – ”არჩევნის თავისუფლებისთვის” მიერ მომზადებულ 48– გვერდიან ანგარიშში აუდიტის სამსახურის ის ქმედებებია ასახული, რომელიც მან 2012 წლის აგვისტოს ჩათვლით განახორციელა.

 

საქველმოქმედო ფონდი “ქართული ფეხბურთის ქომაგი”, „ელიტა ბურჯის” საქმე და „ქართუ ჯგუფი”, ბიძინა ივანიშვილისა და შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” საქმე, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” საქმე, შპს „მაესტროს” საქმე, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგისა” და შპს „მაესტროს” საქმეები, აუდიტის სამსახური (კონტროლის პალატის) გადაწყვეტილებების ანალიზი ფიზიკური პირების დაჯარიმებასთან დაკავშირებით, მასობრივი დაკითხვები, ბიძინა გიორგობიანის საქმე, ბანკ „ქართუს” თანამშრომელთა დაჯარიმების საქმე, კახი კალაძის საქმე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემომწირველები” -ეს არის ძირითადი ჩამონათვალი იმ საქმეებისა, რომელთაც მონიტორინგის ანგარიშში  სამართლებრივი შეფასება მიეცა. 

 

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს კონტროლის პალატის (შემდგომში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები არაერთ შემთხვევაში მნიშვნელოვნად გასცდა საქართველოს კანონმდებლობით კონტროლის პალატისთვის განსაზღვულ მანდატს და ცალკეული ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტების მიზანმიმართული სამართლებრივი დევნისა და დაუსაბუთებელი ფინანსური სანქცირების სახე მიიღო.

 

ცალკეულ შემთხვევებში ლოგიკას ნაკლებად ექვემდებარება კონტროლის პალატის მიერ სანქცირებული სუბიექტებისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის პრაქტიკა. ამის ნათელი დასტურია „ელიტა ბურჯის“ შემთხვევა, როდესაც იურიდიული პირის დაჯარიმება მოხდა პოლიტიკური სუბიექტისთვის გაწეული პოლიგრაფიული სერვისის გამო, ჯარმის თანხა კი დადგინდა არა გაწეული სერვისის რეალური ღირებულებიდან, არამედ ტიპოგრაფიული ბეჭდვის აპარატის ღირებულებიდან გამომდინარე, რაზეც შესრულდა შეკვეთა,”- ნათქვამია ანგარიშში.

 

ფიზიკური პირების დაჯარიმებისას კონტროლის პალატის საქმიანობაში, მონიტორინგის ანგარიშის შესაბამისად, რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა:

 

ა) არათანაბარი მიდგომები ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” შემომწირველთა ფინანსების წარმომავლობის მოკვლევისას (მაგ: ბანკ ”ქართუს” თანამშრომელთა დაჯარიმებისა  და ”ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველთა საქმეები);

 

ბ) არასაკმარისი მტკიცებულებები პარტიების შემომწირველთა დაჯარიმებისას (ბიძინა გიორგობიანის საქმე);

 

გ) საქართველოს კანონმდებლობით ამ ორგანოსათვის მინიჭებული უფლებამოსილებების გადამეტება (კახი კალაძის საქმე);

 

დ) ოპოზიციური პარტიების შემომწირველთა მიერ მათი შემოსავლების წარმომავლობაზე დოკუმენტურად დასაბუთებული არგუმენეტების აშკარა უგულვებელყოფა (მაგ: ბანკ ”ქართუს” თანამშრომელთა დაჯარიმების საქმე);

 

ანგარიშში ასევე წინაასაარჩევნო კამპანიაზეა გამახვილებული ყურადღება და ნათქვამია, რომ შპს ”მენეჯმენტ სერვისისგან” მიღებული უკანონო შემოწირულობების მიღების საბაბით აგვისტოს დასაწყისში აუდიტის სამსახურის მიერ კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” შემავალი ყველა პოლიტიკური სუბიექტის ანგარიშების დაყადაღებამ  მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისას კოალიცია ”ქართული ოცნების” საქმიანობას.

 

“ამ გადაწყვეტილების მოტივაცია მით უფრო საეჭვოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კოალიციის წევრ სამ დაჯარიმებულ  სუბიექტს არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა შპს ”მენეჯმენტ სერვისთან” არ ჰქონია. ამ სამიდან ერთ-ერთი დაჯარიმებული – პ/გ ”ქართული ოცნება” კი, დროის იმ მონაკვეთში, რომლის მონიტორინგსაც კონტროლის პალატა ეწეოდა  (2012 წლის იანვარი-აპრილი), საერთოდ  დაფუძნებულიც არ ყოფილა.”

 

აღნიშნულ ანგარიშში მედიის კონტროლის საკითხიც მოხვდა. ანგარიშში ნათქვამია, წინასაარჩევნო პერიოდში მედიის კონტროლს ორი უწყება – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და აუდიტის სამსახური ახორციელებს, რაც დამატებით პრობლემებს უქმნის მედიასაშუალებებს.

 

“მსგავსი დუბლირება და პარალელიზმი მხოლოდ და მხოლოდ აფერხებს მათ საქმიანობას და არანაირად არ უწყობს ხელს არც მათი საქმიანობის რეგულირებას და, მით უფრო, არც პოლიტიკური პარტიების ფინანსების გამჭვირვალობას. გენერალური აუდიტორის მიერ გამოცემული ბრძანება „საქართველოს საარჩევნო კოდექსისა“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევითაა გამოცემული და საფრთხეს უქმნის მედიასაშუალებების საქმიანობას.”

 

 

საქართველოს აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებების გავლენას მედიაზე იურისტი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია სწავლობდა:

 

“არის საშინელი დარღვევვები, რამაც იმოქმედა მედიაგარემოზე. ეს დოკუმენტები გადაეცემა პარლამენტს. ეს არის ზოგადი შეკრება ფაქტების, თორემ დარღვევები გაცილებით მეტია და ყოველმა კონკრეტულმა პირმა, რომელიც მონაწილეობდა ამ პროცესში, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი,”- აცხადებს კორძაია.

 

მონიტორინგის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია წინასაარჩევნო პერიოდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა რესტორანში პარტიის კოორდინატორებთან, მასწავლებლებთან და მოსახლეობასთან შეხვედრების საკითხიც. 

 

“2012 წლის 5 აპრილს რესტორან ”კოსმოსში”, 20 აპრილს რესტორან ”ელიტში”, 30 მარტს რესტორან „სენატში” გამართა შეხვედრები პარტიის კოორდინატორებთან, პედაგოგებთან და მოსახლეობასთან. შეხვედრებზე “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გასწია უფასო მომსახურება, რაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  252  მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაა. აუდიტის სამსახურმა დამაჯერებლად მიიჩნია ნაციონალური მოძრაობის მიერ დეკლარაციაში აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებით ასახული ხარჯი (5 ათასი ლარი) და პარტიას ფინანსური სანქცია არ დააკისრა.”

 

“ეს არ არის სრული მონაცემები, დოკუმენტაციის შესწავლისას უფრო მეტი დარღვევა გამოიკვეთა. მიმაჩნია, რომ ეს არის საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, თუმცა ეს სცილდება არასამთავრობო სექტორის კომპეტენციის ფარგლებს. აუცილებელია ქვეყანაში შეიქმნას პრეცედენტი, რომ დამნაშავეებმა კანონის წინაშე პასუხი აგონ,”- აცხადებს აღნიშნულ ანგარიშზე მომუშავე კოალიციის წარმომადგენლის ირაკლი მელაშვილი. 

 

მელაშვილთან ერთად, ანგარიშის ავტორები არიან: კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრი; რევაზ საყევარიშვილი – ანალიტიკური ცენტრის – „ეკონომეტრის“ დირექტორი; ლევან ალაფიშვილი – იურისტი; თამარ კორძაია – იურისტი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი და მაგდა პოპიაშვილი – საქართველოს მედიაკლუბის ხელმძღვანელი, კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის” წევრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი