საქართველოს და რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ვახანია სამართალდამცავებმა 2009 წელს დააკავეს და გაასამართლეს
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და ამავე მუხლის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარდგენილ ბრალდებებისთვის. ვახანიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა. მისი საქმე კი გასაჩივრებულია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.
საქმის მასალების მიხედვით, ვლადიმერ ვახანიამ 2009 წლის 13 თებერვალს ინტერვიუ მისცა გაზეთ ”სამეგრელოს ქრონიკას”. ინტერვიუს შემდეგ ვახანია თავისი ნათესავის საშუალებით ჟურნალისტს ლელა ხუბულავას დაემუქრა და აუდიოჩანაწერის დაბრუნება მოსთხოვა. შემდეგ მასთან სახლში სტუმრად მისული ჟურნალისტი აიძულა, მისთვის გადაეცა კასეტა და დიქტოფონი, რითაც ჟურნალისტს ხელი შეეშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
ვლადიმერ ვახანიამ სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ, 2010 წლის დეკემბერში შუამდგომლობით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, თუმცა აღნიშნულმა ორგანომ არ დააკმაყოფილა ვახანიას შუამდგომლობა იმ საფუძვლით, რომ ვახანია არ განიცდის რესოციალიზაციას, რადგან არ აღიარებს მისთვის ინკრიმინირებულ დანაშაულს. სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება ვახანიამ გაასაჩივრა სასამართლოში, თუმცა სასამართლომაც არ მიიჩნია საჭიროდ ვლადიმერ ვახანიას პირობით ვადამდე გათავისუფლება.
სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი საჩივრის მიხედვით, ”შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ვახანია შეხვდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილს, რომელსაც შესთავაზა დახმარება ქართველი ტყვეების გათავისუფლების საკითხში, რაზეც იაკობაშვილმა თანხმობით უპასუხა, თუმცა შემდგომში ვ. ვახანიასთვის დახმარება არავის უთხოვია”.
2008 წლის 12 ოქტომბერს ვლადიმერ ვახანია მიემგზავრებოდა ქ. მოსკოვში, რეისით თბილისი-კიევი-მოსკოვი. როგორც სარჩელშია მოთხრობილი, ”თბილისის აეროპორტში ვ. ვახანიამ ჩააბარა ბარგი, გაიარა რეგისტრაცია და საპასპორტო კონტროლი. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, იგი შეაჩერა აეროპორტის სასაზღვრო დაცვის ცვლის უფროსმა კოტე გოლეთიანმა, რომელმაც ვ. ვახანიას ჩამოართვა საქართველოსა და რუსეთის მოქალაქის პასპორტები, მობილური ტელეფონი და იგი წარუდგინა საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს, რომლებსაც ვ. ვახანიასათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ უჩვენებიათ. ამის შემდეგ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვ. ვახანია შეიყვანეს აეროპორტის შენობაში მდებარე ერთ-ერთ ოთახში, სადაც მას უხეშად მიმართეს და უწოდეს “მოღალატე” და “რუსეთის აგენტი”. ისინი ვ. ვახანიასგან მოითხოვდნენ წერილობით ეღიარებინა, რომ იყო რუსეთის აგენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდნენ ფიზიკური განადგურებით”.
ვახანიას საქმე სწორედ ამ ისტორიით იწყება. მოგვიანებით ის არა ჯაშუშობის, არამედ იარაღის შენახვის და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლის ბრალდებით გაასამართლეს.
ადვოკატ იოსებ ბარათაშვილის თქმით, ვახანიას საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ამ დროისთვის პრიორიტეტი აქვს მინიჭებული და განხილვის სტადიაშია.
ვლადიმერ ვახანიას შესახებ რუსეთში მოღვაწე ცნობილმა უფლებადამცველებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ღია წერილი ჯერ კიდევ 1 წლის წინ გაუგზავნეს საქართველოს პრეზიდენტს, რომელშიც თხოვდნენ, რომ მას პირადად მიეღო მონაწილეობა ვლადიმერ ვახანიას პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტაში.
გარდა ამისა, 2011 წლის 30 ივნისს გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ტომას ჰამარბერგის ანგარიში. ანგარიშის გარკვეული ნაწილი ეხება ვახანიას სისხლის სამართლის საქმეს.
ანგარიშის თანახმად, “ზემოხსენებულ საქმეებში (იგულისხმება ვ.ვახანიას და კიდევ ორი სხვა პატიმრის სისხლის სამართლის საქმეები) დარღვეულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების განხორციელება. სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა ბრალის დადასტურებისათვის აუცილებელი მინიმალური მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, საგამოძიებო ორგანოებმა არ გამოიყენეს მათ ხელთ არსებული ყველა აუცილებელი ზომა, რომელიც მათ სავარაუდო სამართალდარღვევის ყველა შესაბამისი გარემოების დადგენაში დაეხმარებოდა”.