შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოკლულთა შორისაა 22 წლის ბაჰაუდინ ქავთარაშვილი, რომლის ნათესავებიც პანკისის ხეობაში ცხოვრობენ. ასევე პანკისელია კიდევ ერთი ლიკვიდირებული 26 წლის ასლან მარგოშვილი. შსს–ს განცხადებით, დანარჩენი ლიკვიდირებულები, რომელთა იდენტიფიცირება მოხდა, არიან რუსეთის მოქალაქეები ჩრდილოეთ კავკასიდან. მათგან ერთს– ბაჰაუდინ ბაღაკაშვილს ნათესავები ასევე პანკისში ჰყავს. პოლიცია აცხადებს, რომ ლიკვიდირებულთაგან 7–ის იდენტიფიცირება ექსპერტიზის შედეგად მოხდა.
“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ახალი ინფორმაცია ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირთა ვინაობის შესახებ. ცხედრების ექსპერიზის, დათვალიერებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაძლებელი გახდა 11 ლიკვიდირებული პირიდან 7 ცხედრის ვინაობის დაზუსტება”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.
პოლიციის ცნობით, 5 ცხედარი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან, აქედან ერთ-ერთი ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი არის დაბადებული გროზნოში 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში.
დანარჩენი იდენტიფიცირებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან: დუკვახა დოშუევი, სალამ ზაურბეკოვი, ხაშიევ ჯაბრაილი, მუსა ადუევი.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპეცოპერაციისას მოკლულთა შორის პანკისელი ვაჰაბისტები იყვნენ, ჟურნალისტებმა რამდენიმე დღის წინ მოკლულთა ოჯახის წევრებზე დაყრდნობით გაავრცელეს. ჟურნალისტებმა პანკისში გადაიღეს რამდენიმე დღის წინ გათხრილი საფლავები, სადაც უნდა დაემარხათ მოკლულები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო წუთამდე კატეგორიულად უარყოფდა, რომ სპეცოპერაციისას მოკლულები იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, ან მათ რაიმე კავშირი ჰქონდათ პანკისის ხეობასთან.
შეგახსენებთ, რომ შსს–ს ოფიციალური ინფორმაციით, მძევლების გათავისუფლების მოტივით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 28 აგვისტოს, ღამით, დაიწყო ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ლოპოტას ხეობაში, საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სპეცოპერაციაში მონაწილეობა ასეულობით სამართალდამცავმა მიიღო და მისი ძირითადი ფაზა 30 აგვისტოს დასრულდა. შედეგად, მოკლულია შეიარაღებული ჯგუფის 11 წევი, 6 მათგანის ძებნას კი შსს–ს წარმომადგენლები ამ დრომდე აგრძელებენ. სპეცოპერაციისას ასევე დაიღუპა 3 ქართველი სამართალდამცავი.