სამართალი

შსს–ს აცხადებს, რომ სპეცოპერაციისას მოკლულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

1 სექტემბერი, 2012 • • 1028
შსს–ს აცხადებს, რომ სპეცოპერაციისას მოკლულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

“შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შოთა ხიზანიშვილის განცხადებით:”ლოპოტაში ჩატარებული სპეცოპერაციის რიგი საკითხები ძიების პროცესშია. დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენს მიერ ლიკვიდირებული 11(თერთმეტი) ადამიანიდან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე. თუმცა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც გადაადგილდება საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული, იტაცებს ადამიანებს, აყავს მძევლები, არ ემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს კლავს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ოფიცრებს – ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს რეაქცია მათ მიმართ იქნება ისეთი, როგორიც იყო და მომავალშიც თუ ანალოგიურ ფაქტს ექნება ადგილი, საქართველოს ხელისუფლება ანალოგიურად იმოქმედებს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი,” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

დღეს, 1 სექტემბერს, სტუდია “GNS”-მა გავრცელა გადაცემა “კვირის რეპორტაჟის” ანონსი. ანონსში საუბარია, რომ პანკისის ხეობაში გლოვაა გამოცხადებული, სადაც გუშინ 7 საფლავი გაითხარა და მოსახლეობა სპეცოპერაციისას მოკლულთა გადასვენებას ელოდება.   “GNS”–ის ცნობით, გლოვაა პანკისში მცხოვრებ ბაღაკაშვილებში, ალდამოვებში, მარგოშვილებში. ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ განგვიცხადა, რომ ის გადაცემის ეთერში გასვლამდე მოპოვებულ მასალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა, უახლოეს საათებში საქმესთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ახალი ანონსის საშუალებით გაავრცელებს. “GNS”-ის გადაცემა “კვირის რეპორტაჟი” “მაესტროზე” 2 სექტემბერს, 22:00 საათზე გავა. 

 

მომხდართან დაკავშირებით “გურია ნიუსი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, “ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ე. წ. “ბოევიკები” პანკისის ხეობაში მცხოვრები 19-20 წლის ახალგაზრდა ბიჭები არიან”. 

 

შეგახსენებთ, რომ შსს–ს ოფიციალური ინფორმაციით, მძევლების გათავისუფლების მოტივით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 28 აგვისტოს, ღამით, დაიწყო ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ლოპოტას ხეობაში, საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

სპეცოპერაციაში მონაწილეობა ასეულობით სამართალდამცავმა მიიღო და მისი ძირითადი ფაზა 30 აგვისტოს დასრულდა. შედეგად, მოკლულია შეიარაღებული ჯგუფის 11 წევი, 6 მათგანის ძებნას კი შსს–ს წარმომადგენლები ამ დრომდე აგრძელებენ. სპეცოპერაციისას ასევე დაიღუპა 3 ქართველი სამართალდამცავი.

მასალების გადაბეჭდვის წესი