სამართალი

ხიზანიშვილი: სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულები პანკისელები არ იყვნენ

1 სექტემბერი, 2012 • • 1308
ხიზანიშვილი: სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულები პანკისელები არ იყვნენ

მისივე თქმით, არ შეესაბამება სიმართლეს, რომ თითქოს ხელისუფლება პანკისის მოსახლეობას დათანხმდა სპეცოპერაციისას მოკლულთა გვამების გადაცემაზე, რადგან მათ პანკისელებთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

 

დღეს, 1 სექტემბერს, სტუდია “GNS”-მა გავრცელა გადაცემა “კვირის რეპორტაჟის” ანონსი. ანონსში საუბარია, რომ პანკისის ხეობაში გლოვაა გამოცხადებული, სადაც გუშინ 7 საფლავი გაითხარა და მოსახლეობა სპეცოპერაციისას მოკლულთა გადასვენებას ელოდება.   “GNS”–ის ცნობით, გლოვაა პანკისში მცხოვრებ ბაღაკაშვილებში, ალდამოვებში, მარგოშვილებში. ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ განგვიცხადა, რომ ის გადაცემის ეთერში გასვლამდე მოპოვებულ მასალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა, უახლოეს საათებში საქმესთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ახალი ანონსის საშუალებით გაავრცელებს. “GNS”-ის გადაცემა “კვირის რეპორტაჟი” “მაესტროზე” 2 სექტემბერს, 22:00 საათზე გავა. 

 

მომხდართან დაკავშირებით “გურია ნიუსი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, “ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ე. წ. “ბოევიკები” პანკისის ხეობაში მცხოვრები 19-20 წლის ახალგაზრდა ბიჭები არიან”. 

 

შეგახსენებთ, რომ შსს–ს ოფიციალური ინფორმაციით, მძევლების გათავისუფლების მოტივით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 28 აგვისტოს, ღამით, დაიწყო ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ლოპოტას ხეობაში, საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

სპეცოპერაციაში მონაწილეობა ასეულობით სამართალდამცავმა მიიღო და მისი ძირითადი ფაზა 30 აგვისტოს დასრულდა. შედეგად, მოკლულია შეიარაღებული ჯგუფის 11 წევი, 6 მათგანის ძებნას კი შსს–ს წარმომადგენლები ამ დრომდე აგრძელებენ. სპეცოპერაციისას ასევე დაიღუპა 3 ქართველი სამართალდამცავი.

მასალების გადაბეჭდვის წესი