“მდგომარეობა არ შეცვლილა. კვლავ მიმდინარეობს შეიარაღებულ დივერსანტთა დევნის ოპერაცია”, – განგვიცხადა შს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალმე მახარაძემ.
საზღვრისპირა სოფელ ლაფანყურში მცხოვრები თამაზ თანდილაშვილის თქმით, სოფელში ამ წუთებში სიმშვიდეა, პოლიცია ადგილზე კვლავ რჩება, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც ეს ბოლო დღეების განმავლობაში იყო.
“სხვა ინფორმაცია, რა მოუვიდა დივერსანტთა დარჩენილ ნაწილს, ეს არ ვიცით. სოფელში არ ვრცელდება ამაზე ინფორმაცია”, – ამბობს თამაზ თანდილაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შს მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ ლოპოტის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია.
“შეიარაღებულ დივერსანტთა ჯგუფის 11 წევრის გვამი ნაპოვნია. მათი ნაწილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან ჩრდილოეთ კავკასიიდან”, – განაცხადეს შსს-ში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ შეიარაღებული ჯგუფის რამდენიმე დაჭრილი წევრი შეიძლება იმალებოდეს ხეობაში:
“დივერსანტთა ჯგუფი სავარაუდოდ 20 (ოცი) შეიარაღებული პირისგან შედგება. პოლიცია აგრძელებს ძებნის ღონისძიებებს. ხეობაში მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გუშინ, 31 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც მძევლად აყვანილი 5 ლაფანყურელი ახალგაზრდის გათავისუფლების მოტივით დაიწყო 28 აგვიტოს, შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრია ლიკვიდირებული. ოპერაციას ასევე ემსხვერპლა სამი ქართველი სამართალდამცავი, არიან დაჭრილებიც.