სამართალი

რატომ აეჭვებთ ლაფანყურელებს სპეცოპერაციის შესახებ ოფიციალური ვერსია [Video]

30 აგვისტო, 2012 •
რატომ აეჭვებთ ლაფანყურელებს სპეცოპერაციის შესახებ ოფიციალური ვერსია [Video]

“რა და როგორ მოხდა, როგორ აიყავნეს მძევლად ბიჭები, როგორ გაათავისუფლეს, ამას ყველაფერს ბიჭები მოჰყვებიან. ეს მათ გარდა არავინ იცის”, – ამას 29 აგვისტოს, შუადღისას ამბობდა საქართველო–რუსეთის საზღვრიდან ოცდაათიოდე კილომეტრში მდებარე სასაზღვრო სოფლის, ლაფანყურის ერთ–ერთი მცხოვრები. მთაში გაუჩინარებისა და შემდეგ დახსნის რეალური ამბის მოსმენას შვილებისგან ელოდნენ მძევლობისგან დახსნილი ბიჭების მშობლებიც.

ხუთი ლაფანყურელი ახალგაზრდა ტყვეობიდან დახსნიდან დაახლოებით 12 საათში, 29 აგვისტოს, შუაღამისას პოლიციამ სახლში დააბრუნა. მიუხედავად ამისა, მშობლები აცხადებენ, რომ მთაში მომხდარი ამბის შესახებ მაინც არაფერი იციან. თავად ახალგაზრდები კი მედიასთან კონტაქტს ამ დრომდე გაურბიან.

“არაფერი უთქვამს, ტყვედ როგორ ჩავარდა და როგორ გამოიხსნეს, ჯერ არც მე მიკითხავს არაფერი”, – გვითხრა მინდია ღაღოლაშვილმა.

ბესიკ მიჯახკაშვილ–ელიზბარაშვილის მამა,  ამბობს, რომ მის შვილს სახლში დაბრუნების შემდეგ არ მოუყოლია დატყვევებისა და გათავისუფლების გარემოებების შესახებ.

“ახლა ბიჭებთან არის გასული და ვერ დაგელაპარაკებათ, ტელეფონი თან არ არ აქვს”, – განგვიცხადა ბესიკ მიჯახკაშვილის მამამ.

ადამიანები, რომლებიც 26 აგვისტოს საღამოდან პირადად მონაწილეობდნენ მთაში გაუჩინარებული ახალგაზრდების ძებნაში, “ნეტგაზეთთან” საუბრისას დეტალურად იხსენებენ მოვლენათა ქრონოლოგიას.

18 წლის ტატო ღაღოლაშვილი, 26 წლის ლევან კარალაშვილი, 24 წლის ლერი ხუცურაული, 27 წლის თამაზ ამირაშვილი და 24 წლის ბესიკ მიჯახკაშვილ–ელიზბარაშვილი  26 აგვისტოს, დილით, დაახლოებით 11 საათზე საქეიფოდ წავიდნენ სოფელ ლაფანყურიდან 3–4 კილომეტრში მდებარე მჟავე წყლებისკენ, სადაც სოფლის ახალგაზრდები ხშირად დადიან საქეიფოდ. ღამით, როცა ახალგაზრდები სოფელში არ დაბრუნდნენ, მათი ძებნა თანასოფლელებმა დაუყონებლივ დაიწყეს. ისინი გამორიცხავდნენ, რომ ახალგაზრდებს გზა აბნეოდათ, რადგან ხუთივე მათგანი მიმდებარე ტერიტორიას და ბილიკებს კარგად იცნობდა.  

ახალგაზრდების ძებნაში 60–70 ლაფანყურელი 26 აგვისტოს საღამოს ჩაერთო. ისინი 28 აგვისტოს დილამდე უშედეგოდ ეძებდნენ ახალგაზრდებს.

სამანქანო გზაზე, რომელიც მარმარილოს მომპოვებელი კარიერისკენ, მთებში, სოფლიდან 20–25 კმ–მდე გრძელდება, ლაფანყურელებმა ნაკვალევი ნახეს, რომლებსაც გაყვნენ.

“ამათ კვალს რომ მივყვებოდით, ამათ ნადგომს გადავაწყდით, სადაც იყო “სნიკერსის” ქაღალდები, “ბარამბოს” კანფეტის ნაფცქვენები, სიგარეტი არ გვინახავს, კიდევ იყო “სანტავიკები”, – “ნეტგაზეთთან” საუბრისას იხსენებს თამაზ თანდილაშვილი.

მომხდარს ასევე იხსენებს ერთ–ერთი დაკარგულის, ბესიკ მიჯახკაშვილ–ელიზბარაშვილის მამა, ვასილ ელიზბარაშვილი. მისი თქმით, სოფლის მცხოვრებლებმა მიხვეულ–მოხვეულ გზებზე, მთაში დაინახეს 3 შეიარაღებული, სამხედროს ფორმიანი მამაკაცი.

“ვივარაუდეთ, რომ ჩვენი ბიჭები მათ ჰყავდათ აყვანილი. ჩვენ შიშველი ხელებით რას ვიზამდით? ბიჭები გამოვუშვით ქვემოთ, სადაც არის მესაზღვრეთა ყაზარმა და მათ ვუთხარით, რაც დავინახეთ. მესაზღვრეები ერთი ავტომობილით ავიდნენ და ჩვენ ჩამოგვიშვეს ქვემოთ. ნახევარ საათში თავიანთ პოსტზე გადმოსცეს, რომ ბიჭები ვიპოვეთო. კიდევ ნახევარ საათში ეს მესაზღვრეები ჩამობრუნდნენ, მანქანაში ჩვენი ბიჭებიც ისხდნენ. დალაპარაკების საშუალება არ მოგვცეს, ისე წაიყვანეს. არ ვიცით, როგორ დაიხსნეს, ან ესენი მართლა მაგათ ჰყავდათ თუ არა, სროლის ხმა, არაფერი არ გაგვიგია, არავინ დაშავებული არ იყო”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ბესიკ მიჯახკაშვილის ბიძამ იოსებ ელიზბარაშვილმა.

ლაფანყურის მცხოვრებნი, ასევე, იხსენებენ, რომ სპეცოპერაცია ლოპოტას ხეობაში ბიჭების გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში, 28 აგვისტოს გვიან ღამით დაიწყო, რის შემდეგაც ხეობისკენ პოლიციის სხვადასხვა სახის ათეულობით ავტომობილი, ასევე, სასწრაფო დახმარების მანქანები დაიძრნენ. ადგილობრივებმა შეამჩნიეს ვერტმფრენებიც.

სპეცოპერაციის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ, დღეს, 30 აგვისტოს,  თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში ჩავიდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მოსახლეობას შეხვდა.

 

“მე–17, მე–18, მე–19 საუკუნის ლეკიანობას კახეთში ვერავინ გაიმეორებს… რა დროს ლეკიანობა და არეულობაა. სრულიად გამორიცხულია ამის დაბრუნება,” – განაცხადა სააკაშვილმა.

 

პრეზიდენტის თქმით, სპეცოპერაცია, რომელიც მძევლად აყვანილი 5 ლაფანყურელი ახალგაზრდის გათავისუფლების მოტივით დაიწყო ლოპოტას ხეობაში 28 აგვისტოს და დღემდე არ დასრულებულა, ძალიან რთული იყო.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი ინციდენტი ამ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველო–რუსეთის საზღვართან, არ ახსოვთ. 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც კი, როცა რუსეთი საქართველოს თითქმის ყველა მხრიდან უტევდა, საზღვრის აღნიშნულ მონაკვეთზე სიმშვიდე იყო და არავინ მოძრაობდა, ადგილობრივთა სიმშვიდეს მხოლოდ რუსული ბომბდამშენები არღვევდნენ, რომლებიც მაღლა ცაში დაფრინავდნენ.

“შევარდნაძის დროს გადმოდიოდნენ ხოლმე, მორებს ამუშავებდნენ, ვაჭმევდით, დასალევს ვაძლევდით, საქონელი გადმოჰყავდათ გასაყიდად. სროლა, გატაცება და მსგავსი რამ არ ყოფილა. არასდროს არავინ შეხვედრია შეიარაღებულ  უცხო პირებს აქამდე ტყეში. ჩვენი ბიჭები სანადიროთაც კი გადადიან დაღესტანში და ისინიც გადმოდიან აქეთ, მაგრამ პრობლემები არასდროს ყოფილა”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ლაფანყურის მცხოვრებმა თემურ აფციაურმა.

“აი, ამ მთების იქით იალაღებია, ღამე იქ ვრჩებოდი, იქ ვმუშაობდი, შვილებიც იქ მყავდა, საზღვრის ძირში. ქალებს მარტოც ვტოვებდით და იქ არავინ მოსულა, არც ძალადობა ყოფილა და არც ძარცვა. საზღვრის ძირში, ალპურ ზონაში ახლაც არიან მეცხვარეები, მესაზღვრეებიც მანდ არიან. 1–2 კაცი შეიძლება ყოველთვის გადაიპაროს საზღვარზე, ამის შემთხვევები ყოფილა, მაგრამ ასე 20–30 კაციანი ჯგუფი ვერ გადაიპარება. ახლა კი არა, ამ საზღვარზე აგვისტოს ომის დროს არაფერი მომხდარა”, – განგვიცხადა იოსებ მიჯახკაშვილმა. ის ვერ იხსენებს ბოლო წლებში გამოსასყიდის მოთხოვნით, ან რაიმე სხვა მიზნით სოფლის მიმდებარე ტერიტორიიდან ვინმეს გატაცების ფაქტს.

“ლეკიანობა, მგონი, ბოლოს 1920–ან წლებში იყო, ესეც მშობლებისგან მახსოვს, ისინი იხსენებდნენ ხოლმე, მე მსგავსი რამე არ გამიგია”, – ამბობს იოსებ მიჯახკაშვილი.

ლაფანყურელებს არა აქვთ ვერსია, თუ რატომ დაიძაბა სიტუაცია მათი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასაზღვრო ზონაში, თუმცა, იხსენებენ ბოლო ორი თვის მანძილზე სოფლის გზაზე გამოჩენილ უცხო ადამიანებს, რომლებმაც მათი ყურადღება არაერთხელ მიიპყრეს.

“ეგენი მე ცხრაჯერ მყავს ნანახი, შოკოლადისფერი დახურული პიკაპით, წვერებიანი კაცები, ყოველ კვირა, არ არსებობდა რომ არ ამოსულიყვნენ. სახლიდან მაქვს ნანახი, სახლის წინ ჩაივლიდნენ, ქართული ნომრები ჰქონდათ, თავი გადაპარსული ჰქონდათ. ბოლო 1–2 თვეა, ეს რომ შევამჩნიე. კვირა არ გავიდოდა, არ მენახა ავლილ–ჩავლილები. თავი გადაპარსული ჰქონდათ, ზოგი შავგვრემანი იყო, ზოგი კი – “რიჟა”, ისე შემოგხედავდნენ ხოლმე, რომ.. “ – ამბობს “ნეტგაზეთთან” ლაფანყურის ერთ–ერთი მცხოვრები. მისი ნათქვამი სოფელში კიდევ რამდენიმე ადამიანმა დაადასტურა. მათ არ იციან, ვინ იყვნენ აღნიშნული ადამიანები და ასეთი სიხშირით და ასე თავისუფლად რატომ და როგორ  მოძრაობდნენ ნაფარეულიდან ლოპოტას ხეობის მიმართულებით.

 

“ყავისფერი პიკაპი არის ან შსს–ს, ან თავდაცვის სამინისტროს, ან ვინმე კერძო პირის საკუთრება, არ ვიცი. თუმცა, თავგადაპარსული და გრძელწვერიანი ადამიანები დადიოდნენ საქართველოში, თქვენგან მესმის პირველად. იმ ადამიანს თუ მეტყვით, ვინც ეს თქვა, მასაც შევეკითხებით. ის, რომ ამ რეგიონში დიდი ხანია აღარ დათარეშობენ ისეთი ადამიანები, როგორთანაც ახლა მოგვიწია შეხება, ეს ფაქტია. ვინმემ თუ რამე დაინახა და ამის შესახებ რაიმე ინფორმაცია ჰქონდა, უნდა ეთქვა”, – აცხადებს შს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

სასაზღვრო სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ გაუჩინარებული ბიჭები სოფლიდან ტყეში 3–4 კილომეტრზე მეტ სიღმრეში გასულები არ იქნებოდნენ. შესაბამისად, უკვირთ, როგორ გამოიარა დაახლოებით 20–კაციანმა შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველო–რუსეთის საზღვრიდან საქართველოს სიღრმეში 20–25 კილომეტრი და როგორ გადაეყარნენ გზად სოფლიდან ახლოს მყოფ ახალგაზრდებს.

ისინი, ასევე, გამორიცხავენ შეირაღებული დაჯგუფების მიერ ახალგაზრდების სპეციალურად გატაცებას. ლაფანყურელები ამბობენ, რომ თუ შეიარაღებულ ადამიანებს ვინმეს გატაცება ჰქონდათ მიზნად, მათ შეეძლოთ საზღვრიდან 4–5 კილომეტრში მდებარე მარმარილოს ქვის კარიერიდან გაეტაცებინათ მუშები და ასე ღრმად არ შემოსულიყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე.

 

სპეცოპერაციას, რომელიც ლაფანყურელი ახალგაზრდების გათავისუფლების მოტივით განახორციელეს საქართველოს ძალოვანმა უწყებებნა 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხიდი ლაფანყურში, რომლის იქით მთაში, გადაადგილება შეზღუდულია. ლაფანყური
ხიდი ლაფანყურში, რომლის იქით მთაში, გადაადგილება შეზღუდულია. ლაფანყური

ევრაზიის ლოგო
ევრაზიის ლოგო
მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი