სამართალი

ოჯახების ცნობით, ლაფანყურელი ახალგაზრდები პოლიციელებმა სახლებში დააბრუნეს

30 აგვისტო, 2012 • • 1049
ოჯახების ცნობით, ლაფანყურელი ახალგაზრდები პოლიციელებმა სახლებში დააბრუნეს

ერთ–ერთი დაბრუნებულის, ტატო ღაღოლაშვილის მამამ, მინდია ღაღოლაშვილმა განგვიცხადა, რომ სამართალდამცავებმა ტატო სახლში გვიან ღამით დააბრუნეს.

 

“ძალიან დაღლილი იყო და არაფერი უთქვამს, ტყვედ როგორ ჩავარდა და როგორ გამოიხსნეს, ჯერ არც მე მიკითხავს არაფერი”, – გვითხრა მინდია ღაღოლაშვილმა.

 

ბესიკ მიჯახკაშვილის მამაც ამბობს, რომ მის შვილს სახლში დაბრუნების შემდეგ არ მოუყოლია დატყვევებისა და გათავისუფლების გარემოებების შესახებ. 

 

“ახლა ბიჭებთან არის გასული და ვერ დაგელაპარაკებათ, ტელეფონი თან არ არ აქვს”, – განგვიცხადა ბესიკ მიჯახკაშვილის მამამ. 

 

ხუთი ლაფანყურელი ახალგაზრდა 26 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში გაუჩინარდა, ისინი შემდეგ მესაზღვრეებმა იპოვეს, რის შემდეგაც სპეცოპერაცია ჩატარდა საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე.

 

18 წლის ტატო ღაღოლაშვილი, 26 წლის ლევან კარალაშვილი, 24 წლის ლერი ხუცურაული, 27 წლის თამაზ ამირაშვილი და 24 წლის ბესიკ მიჯახკაშვილი 26 აგვისტოს წავიდნენ მთაში საქეიფოდ, რის შემდეგაც გაუჩინარდნენ.

 

28 აგვისტოს მესაზღვრეებმა ლაფანყურელი ახალგაზრდების კვალს სოფლელების დახმარებით მიაგნეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალის შესაბამისად, ისინი შეიარაღებულ პირებს ჰყავდათ მძევლად აყვანილი.

 

ახალგაზრდები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თელავის პოლიციაში გადაიყვანეს, სადაც  12 საათზე მეტი ხნის მანძილზე ჰყავდათ გაჩერებული და სახლში არ აბრუნებდნენ.

 

ახალგაზრდების გათავისუფლების შემდეგ საქართველოს ძალოვანმა უწყებებმა განახორციელეს სპეცოპერაცია, რასაც შსს-ს სპეცრაზმის ორი თანამშრომლის და თავდაცვის სპეცრაზმის ექიმის სიცოცხლე ემსხვერპლა. შსს-ს ცნობით, ასევე ლიკვიდირებულია შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრი. ჯერ უცნობია, დასრულდა თუ არა საზღვარზე სპეცოპერაცია.

ხიდი ლაფანყურში, რომლის იქით მთაში, გადაადგილება შეზღუდულია.
ხიდი ლაფანყურში, რომლის იქით მთაში, გადაადგილება შეზღუდულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი