ბოკერიას განცხადებით, ლაფანყურიდან გაუჩინარებული 5 ახალგაზრდის ტყვეობიდან გამოხსნის მიზნით, მათი ადგილი ქართველმა მესაზღვრეებმა დაიკავეს. ხოლო შემდეგ იმ მიზნით, რომ მესაზღვრეები დაეხსნათ მძევლობიდან, მათ ნაცვლად დივერსანტების ჯგუფს სპეცსამსახურის თანამშრომლები ჩაბარდნენ.
იმის გამო, რომ დივერსანტების ჯგუფი არ დანებდა ქართველი სამართალდამცავების წინადადებას, დანებებოდნენ, დაიწყო შეიარაღებული სპეცოპერაცია, რასაც ემსხვერპლა 3 სპეცრაზმელი და 11 პირი შეიარაღებული ჯგუფიდან, – ასეთი განცხადება გიგა ბოკერიამ რამდენიმე წუთის წინ “კურიერისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დივერსანტების შეიარაღებულ ჯგუფს მძევლთა სამი ჯგუფი ჰყავდა აყვანილი, რომელთა გათავისუფლების მიზნით განხორციელდა სპეცოპერაცია.
26 აგვისტოს გაუჩინარებული ლაფანყურელი ახალგაზრდების ძებნაში თანასოფლელებთან ერთად თამაზ თანდილაშვილი მონაწილეობდა, რომელმაც დღეს “ნეტგაზეთს” განუცხადა:
“გუშინ ამოვიდნენ პოლიციელები, მესაზღვრეების ერთი მანქანა ავიდა საზღვრის მიმართულებით, ჩვენ ქვემოთ დაგვტოვეს. დახლოებით ნახევარ საათში დავინახეთ, რომ მესაზღვრეებმა ბიჭები ჩამოიყვანეს, მაგრამ ჩვენ მათ არ დავლაპარაკებივართ, პირდაპირ თელავის პოლიციაში წაიყვანეს”.
ლაფანყურელი ახალგაზრდები გუშინ, 28 აგვისტოს გაათავისუფლეს. სპეცოპერაცია ლოპოტას ხეობაში – რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე ამ დრომდე არ დასრულებულა.